გერმანელების ნაკვალევი ბათუმში

ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს მშობლებთან ერთად. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თეოფილე ტუნაძე. ვაჟთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად 1976 წელს ჩამოვიდა. 90-იან წლებში, როდესაც მის ოჯახს გერმანიაში დაბრუნება შესთავაზეს, ირინა შმიდტს ქართველი რძლისთვის უთქვამს: ყველაზე უკეთ მე ვიცი რას ნიშნავს სამშობლოსა და ნათესავებისგან შორს ცხოვრება, ამიტომ შენ უნდა გადაწყვიტო, საქართველოში დარჩენა გირჩევნია, თუ გერმანიაში გინდა წავიდეთო. რძალსაც საქართველოში დარჩენა აურჩევია.

ირინა შმიდტი ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში ეკონომისტად მუშაობდა და რთულად, მაგრამ მაინც სწავლობდა ქართულად ლაპარაკს და წერა-კითხვას. თან შვილიშვილებს – ინგასა და ირმას გერმანულს ასწავლიდა. როგორც ირმა ტუნაძე იხსენებს, ბებია ირინა უკეთ ფლობდა ქართულს, ვიდრე ბაბუა.

დიმიტრი და ალექსანდრე გოხები და ირმა ტუნაძე

დიმიტრი და ალექსანდრე გოხები და ირმა ტუნაძე

ირმა ტუნაძე ამჟამად აჭარის გერმანულ სათვისტომოს ხელმძღვანელობს. სწორედ გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ბანაკში გაიცნო მომავალი მეუღლე, თბილისელი გერმანელი დიმიტრი გოხი. ისინი რვა წლის შვილთან, ალექსანდრე გოხთან ერთად ცხოვრობენ ბათუმში. როგორც ირმა ამბობს, მისთვის ყოველთვის ორი სამშობლო არსებობდა – გერმანია და საქართველო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გერმანული სათვისტომოს საქმიანობაში ჩართვა. ხშირად ეკონტაქტება გერმანელ ნათესავებს და ცდილობს ალექსანდრესაც ასწავლოს გერმანული.

ირმა ამბობს, რომ შვილის უკეთესი განათლებისა და მომავლისთვის სურს გერმანიაში წავიდეს საცხოვრებლად. საბუთები და მოქალაქეობის მოთხოვნა უკვე გააგზავნა გერმანიაში.

„საქართველოში არასდროს შეგვქმნია დისკომფორტი. თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ვგრძნობთ. ჩვენ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი შვილიც ქართველია… თუმცა, საქმე იმაშია, რომ როდესაც სკოლაში მივიყვანეთ ალექსანდრე, მაშინ დავიწყე ფიქრი რა იქნებოდა მისთვის უკეთესი. გერმანიაში ერთი წელი ვიცხოვრე და არც იქ ვგრძნობ თავს უცხოდ. ჩემთვის მაინც სამშობლოა. ბებიამ შემაყვარა გერმანული კულტურა და გერმანია“, – ამბობს იგი და იქვე ხუმრობით დასძენს, რომ მის მეუღლეს, დიმიტრის განსაკუთრებით არ უნდა სხვა მოქალაქეობის მიღება: „მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გვარი სწორედ მას აქვს, მითხრა, იქნებ შენ მოგცენ მოქალაქეობა და მე, როგორც გერმანიის მოქალაქის მეუღლე, ისე ვიცხოვრებ გერმანიაშიო… როგორც ჩანს, ძალიან არ უნდა საქართველოს მოქალაქეობა თუნდაც ორმაგ მოქალაქეობაზე გაცვალოს“.

ირმასგან განსხვავებით ინგას არასდროს გასჩენია სურვილი გერმანული ფესვები ღრმად ეკვლია და არც გერმანიაში წასვლა სურს.

სათვისტომო

გერმანიის სათვისტომო აჭარაში ამ დროისთვის აქტიურად არ მუშაობს. როგორც სათვისტომოს ხელმძღვანელი ამბობს, ამის მიზეზი ადგილობრივი გერმანელების სიმცირეა. მისივე თქმით, სულ რამდენიმე ადამიანი დარჩა ბათუმში, ვისაც გერმანული გვარი აქვს, მაგრამ ისეთი არავინაა, ვისაც ორივე მშობელი გერმანელი ჰყავს. სათვისტომოს ინფორმაციით, ბათუმში გერმანული შთამომავლობის დაახლოებით ასი მოქალაქე ცხოვრობს.

გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილი ბანაკი. 2000 წელი

გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილი ბანაკი. 2000 წელი

„ბავშვებსაც თუ ჩავთვლით, 100-110 ვართ. სათვისტომოს საქმიანობით დაინტერესებული ნაკლებად არიან… ადრე გვქონდა ბანაკები, გაცვლითი პროგრამები… ახლა ეს აღარ არის. თუმცა ბოლო წლებში ბევრი ახალგაზრდა დაინტრესდა გერმანული ენის შესწავლით, ძირითადად, სწავლის გერმანიაში გაგრძელების მიზნით – ახლა უფრო პოპულარული გახდა გერმანიაში სწავლა. გვინდა რაიმე კურსი გავაკეთოთ გერმანულის სასწავლებლად, ვნახოთ როგორ მოვახერხებთ“, – ამბობს ირმა და დასძენს, რომ ბათუმში არც მის ბავშვობაში ცხოვრობდა ბევრი გერმანელი:

„ბათუმიდან ყოველთვის ყველაზე ცოტა მონაწილე იყო, მაქსიმუმ 5-6 ბავშვი. თბილისში უფრო ბევრნი იყვნენ და ახლაც არიან. თუმცა 90-იანებში უმრავლესობა დაბრუნდა გერმანიაში“.

გერმანელების როლი ბათუმის განვითარებაში

ისტორიულად მრავალ[ფ]ეროვანი ბათუმის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ გერმანელებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბების პროცესზე – სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ კულტურულ განვითარებაზე.

როგორც აკადემიკოს რამაზ სურმანიძის წიგნში _ „ქართულ-გერმანული ურთიერთობანი“ ვკითხულობთ, გერმანელები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ – ისინი ჯერ შვაბიიდან [მდებარეობს ტიურინგიას, ბავარიასა და შვეიცარიას შორის] იერუსალიმისკენ გაემგზავრნენ, საბოლოოდ კი საქართველოში დასახლდნენ. ბათუმის ოლქში გერმანელების აქტიურად გამოჩენის თარიღად რამაზ სურმანიძე 1878 წელს ასახელებს. სწორედ 1878 წლის ივნის-ივლისის ბერლინის კონგრესზე, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, რომ ბათუმი თავისუფალ სავაჭრო ნავსადგურად, პორტო-ფრანკოდ გამოცხადებულიყო.

ბათუმის მმართველობის თხუთმეტპუნქტიანი წესდება, რომელიც 1878 წლის 20 სექტემბერს დაუმტკიცებია რუსეთის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, კავკასიის მთავარმმართებლის აპარატში მომუშავე გერმანელების – ბეკერისა და კრიუგერის მონაწილეობით ყოფილა შედგენილი.

პორტო-ფრანკოს გამოცხადების შემდეგ, ბათუმში აქტიური სავაჭრო და სამეწარმეო ცხოვრება დაიწყო. ბათუმის პოლიტ-ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს სწორედ პორტო-ფრანკოს პერიოდში ვხედავთ, მაშინ როდესაც ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და შეხედულებების მქონე ადამიანები.

სახლები, რომლებიც სავარაუდოდ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ბათუმში

სახლები, რომლებიც სავარაუდოდ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ბათუმში

ბათუმში ამ პერიოდში სხვადასხვა კომერციული დაწესებულების აშენება-გახსნა სხვადასხვა დოკუმენტით დასტურდება. გერმანელი ვაჭრები განსაკუთრებით დაინტერესებულები ყოფილან ბათუმით და მისი სავაჭრო პოტენციალით. ბევრ მათგანს ბათუმში მიწა უყიდია და საქმიანობა დაუწყია. გერმანელები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თუ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ბათუმის ყოველდღიურ სოციო-პოლიტიკურ ცხოვრებას.

რამაზ სურმანიძის წიგნში, რომელიც საარქივო მასალებს ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანელი დორნერის აბანო – „სიმპათია“, შტენგაუზერის საათების მაღაზია [რომელიც დღევანდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე უნდა ყოფილიყო]… ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის წარმოებისთვის აუცილებელი უცხოური მანქანა-დანადგარების დამონტაჟება პირველად, 1885 წელს, სწორედ გერმანულ სანავთობე ფირმას – „ბურკარდტი და კომპანიას“ დაუწყია. აქ დასაქმებულთა უმრავლესობა გერმანელი ყოფილა, თუმცა ყოფილან ქართველებიც.

1882 წლის აღწერით ბათუმში ცხოვრობდა 145, 1887 წელს – 200, ხოლო 1897 წელს – 300 გერმანელი. მათ შორის იყვნენ ინჟინრები, მასწვლებლები, მხატვრები, ვაჭრები, მუშები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ბათუმის ბულვარის გასაშენებლად მაშინდელ გუბერნატორს სმეკალოვს გერმანელი მებაღე ა.ი. რესლერი დაუქირავებია. რესლერის დამხმარე ასევე გერმანელი რეირი გახლდათ. ხელშეკრულება გერმანელ მებაღესთან 1881 წლის პირველ აპრილს გაუფორმებიათ და ბულვარის გასაშენებლად 10-წლიანი ვადა მიუციათ. თუმცა რესლერი მალევე – 1884 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ბულვარის გაშენების დასრულებას ვერ მოესწრო.

გერმანელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს ქალაქის არქიტექტურაშიც – საკრებულოს შენობა, ანუ მეორენაირად კლუბი (ოფიცერთა სახლი ნინოშვილის ქუჩაზე. დაანგრიეს ასლან აბაშიძის მმართველობის წლებში), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული იყო და ბათუმელთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, დააპროექტა და ტექნიკური ზედამხედველობა გასწია გერმანელმა ინჟინერმა შტეინბერგმა, რომელიც ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბათუმში არსებულა ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიაც. ეკლესიას საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ნაქირავებ ბინაში, დღევანდელი გორგასლის ქუჩაზე ფუნქციონირებდა. ღვთისმსახურება ტარდებოდა ყოველ კვირა დღესა და სხვადასხვა რელიგიურ თუ სახელმწიფო დღესასწაულებზე. ამ ეკლესიაში, სხვებისგან განსხვავებით, ჯვრისწერისათვის საკმარისი იყო წყვილს შორის მხოლოდ ერთ-ერთი ყოფილიყო მრევლის წევრი. შენობაც მოუთხოვიათ, თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქში შესაბამისი ფართობი არ გამოინახა. ბათუმის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია 1911 წელს დაკეტილა.

გერმანელები ქალაქის კულტურულ ცხოვრებაშიც რომ განსაკუთრებულად იყვნენ ჩართულები, ამაზე არაერთი წყარო მიუთითებს. მაგალითად, 1910 წელს ბათუშმი არსებულ სხვადასხვა კინოთეატრს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გერმანელი ქალის ნ. ბროვალის კინოთეატრი „აპოლო“. ბროვალის შესახებ საინტერესო ამბავს ვკითხულობთ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემულ წიგნში – „ბათომი“. როგორც ჩანს, ბროვალს ბათუმში ქართულ-გერმანული ოჯახი შეუქმნია, თუმცა რუსეთის რევოლუციის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დაკარგვის შემდეგ შვილებთან ერთად გერმანიაში დაბრუნებულა. მეუღლე კი საქართველოში, ბათუმში გარდაცვლილა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში [იხ. გუჯაბიძე შოთა, „ბათომი“, ერთი ბოთლი ღვინო, გვ. 135, გაზეთი „ბათუმელები“, 2015].

1901-1903 წლებში ბათუმში იყო 15 ქვეყნის საკონსულო, მათ შორის გერმანიისა, რომელიც მდებარეობდა ოლღას (ამჟამინდელი გორგასლის) ქუჩაზე, ვინმე ხუნწარიას სახლში.

გერმანელები ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მეტ-ნაკლებად რომ მონაწილეობდნენ, ერთი ფაქტით დასტურდება – 1888 წელს ბათუმის პირველი მოწვევის დეპუტატად გერმანელი მრეწველი ა.ფ. ციმერმანი აურჩევიათ…

გერმანელთა მდგომარეობა ბათუმში პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდგომ შედარებით გართულდა. მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის დროს – აჭარაში ჩამოჰყავდათ გერმანელი სამხედრო ტყვეები, მათ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, შემდეგ კი მუშახელად იყენებდნენ. როგორც „ბათომში“ ვკითხულობთ, არსებობს ვარაუდი, რომ ორი შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან სწორედ გერმანელი ტყვეების აშენებულია. ცნობების თანახმად, ზოგიერთი მათგანი წლების შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში.

ცხადია, ყველას ასე არ გამართლებია – ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში არსებობს პატარა სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ. ეს სასაფლაო აჭარის სპორტსმენთა კავშირის საორგანიზაციო განყოფილების წევრმა, სანდრო ქავთარაძემ აღმოაჩინა და მას საკუთარი ძალებით უვლიდა. როგორც ჩანს, სასაფლაოს ტერიტორიაზე 1945-1946 წლებში განლაგებული იყო გერმანელ ტყვეთა ბანაკი, სადაც 250-მდე ტყვე იმყოფებოდა. ბავშვობაში ნანახი დაამახსოვრდა სანდრო ქავთარაძეს და წლების შემდეგ მოიძია ის ადგილი. დღეს იქაურობა მოწესრიგებულია და არსებობს წარწერა: „აქ განისვენებენ 1947 წელს გარდაცვლილი გერმანელი სამხედრო ტყვეები“.

სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ

სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ

გერმანელ ტყვეთა შესახებ თუ, ზოგადად, ამ პერიოდზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ბათუმი ნელ-ნელა დაიცალა გერმანელებისგან. როგორც უკვე ვთქვით, ბოლო დიდი ნაკადი გერმანიაში 90-იან წლებში დაბრუნდა.

ეთნიკური უმცირესობების ფესტივალი ბათუმში, გერმანული სათვისტომოს კუთხე. 31 ივლისი, 2017 წელი

ეთნიკური უმცირესობების ფესტივალი ბათუმში, გერმანული სათვისტომოს კუთხე. 31 ივლისი, 2017 წელი

1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იგი აღიარა, რაც ასევე განმეორდა 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დროსაც. საქართველოში გერმანიის საელჩო 1992 წელს გაიხსნა და წელს საიუბილეო – 25 წლისთავი აღინიშნება. ასევე, საიუბილეო იქნება მომავალი წელიც ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობაში – 100 წლისთავი მას შემდეგ, რაც გერმანიამ საქართველო ახალ სახელმწიფოდ აღიარა.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

essssion

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან