გიორგი ერმაკოვი
ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა.

„ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე ფაქტების ჩამონათვალს და თითოეულ დაპირებაზე თავად გიორგი ერმაკოვის განმარტებას გთავაზობთ.

გიორგი ერმაკოვი ფოტო: ლელა დუმბაძე

გიორგი ერმაკოვი. ფოტო: ლელა დუმბაძე

დაპირება #1 „შევიმუშავებთ ბათუმის ურბანული განვითარების სტარტეგიულ გეგმას“

„ქალაქგანვითარების გეგმა უნდა დაიდოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მიდის ქალაქი“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“, 2014 წელს, თუმცა ამ დრომდე უცნობია,  „საით მიდის ქალაქი“.

ბათუმს ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა ჯერ ისევ არ აქვს. არ მომზადებულა ბათუმის ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმაც, რასაც დაჟინებით ითხოვდნენ ძველი ბათუმის დამცველები.

გიორგი ერმაკოვი ჯერ ისევ მერობის კანდიდატი იყო, როცა ხელი მოაწერა მემორანდუმს საზოგადოება „ბათომთან“ ძველი ბათუმის დაცვაზე. მემორანდუმი ისეთ დეტალებს ითვალისწინებდა, როგორიცაა ძველი ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განახლება და ბათუმის ბულვარის დაბრუნება ქალაქის თვითმმართველობისთვის.

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არ განახლებულა, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მიმართვისა. 

რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, რომლის გადაცემასაც ბათუმელები მერიისთვის ითხოვდნენ, იგი კვლავაც აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია. ბათუმის მერიამ მის გადმოცემაზე თავად თქვა უარი, იმ მიზეზით, რომ ჯერ ამ სამინისტრომ უნდა დაასრულოს მიმდინარე სამუშაოები.

გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში ბათუმში არაერთი ისტორიული სახლი დაინგრა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. დანგრეული შენობების დემონტაჟი რიგ შემთხვევებში, მერიის გვერდის ავლით, უნებართვოდ განხორციელდა.

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ეს დაპირება შესრულდა იმ კუთხით, რომ ჩვენ ყველა წინაპირობა შევქმენით. მოხდა კულტურული და ისტორიული ძეგლების კვლევა, პასპორტიზაცია, ახლა სრულდება საყრდენი გეგმის ნაწილი, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც მოამზადა კომპანია „გეოგრაფიკმა“. როგორც კი ეს დასრულდება და საკრებულოს მიერ იქნება მოწონებული, შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს ტენდერი, ძირითადი დოკუმენტის დამზადებისა და დამუშავების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მერობისთვის არასრული ვადა იყო განსაზღვრული – სამი წელი და არა ოთხი, ჩვენ ამ ვადაში მოვახერხეთ ძირითადი მიმართულებების მომზადება, რომ ქალაქის განვითარების გეგმა დაპროექტდეს. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ასე რომ ვერ ვიტყვი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულა.

დაპირება #2 „თანაბრად განვითარდება ბათუმის ყველა უბანი“

 „არ უნდა იყოს ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩების მიღმა სხვა ქალაქი“  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა მაშინ, როცა მერობის კანდიდატი იყო.  მიუხედავად დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოებისა, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში „ორად გაყოფილი ქალაქის“ თემა არ მოგვარებულია, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს მიღმა დღესაც სხვა ბათუმია, სადაც დროში გაწელილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.  „სხვა“, „მეორე“ ბათუმში მცხოვრებნი დღემდე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე  ჩივიან. 

ვერ მოგვარდა ბათუმში გარევაჭრობის აკრძალვა/დარეგულირების საკითხიც. გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში მერიამ არაერთხელ განაცხადა, რომ გარევაჭრობა ბათუმში აიკრძალებოდა ან გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეოდა. დაპირება ვერ შესრულდა.  წერეთლის, პუშკინის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა და ცალკეული ადგილები ბათუმში ამ მხრივ კვლავაც პრობლემურია.

გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში ბათუმში კიდევ უფრო გამწვავდა ტროტუარების დაკავების საკითხი, რაც პრობლემებს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. 

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ერთნაირი პირობების შექმნა მიმდინარეობს ყველა უბანში. ახლა მიდის მასიური სამუშაოები, ქუჩების კეთილმოწყობა ჭაობში, თამარის დასახლებაში, ბონი-გოროდოკში და მახინჯაურში. ასევე, სამუშაოები ხორციელდება შემოერთებულ ტერიტორიებზეც. ყველაფერი აქტიურ ფაზაშია და ეს [ერთნაირი პირობების შექმნა ქალაქის უბნებში] გარდაუვალი პროცესია.  რაც შეეხება გარევაჭრობას, ჩვენ ყველა წინა პირობა შევქმენით ამ საკითხის დასარეგულირებლად. ჩვენ არ გვინდა შევიდეთ იმ ადამიანებთან კონფრონტაციაში, ვინც გარე ვაჭრობას ეწევა, მათ რამდენიმე ადგილი შევთავაზეთ, თუ ეს წინა პირობა არ იქნება შესრულებული, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

დაპირება #3 „ბათუმში შეიქმნება ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი“

ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი ე.წ. „იაფი სახლია“, რომლის კონცეფციაზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. ერმაკოვის ერთ-ერთი დაპირება მერად არჩევამდე სწორედ ამას შეეხებოდა.

ამ პროგრამას უკვე წლებია ელოდებიან ის ბათუმელები, რომელთაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, თუმცა არა იმდენი, რომ კომერციულ ფასად შეძლონ ბინის ყიდვა. მერია უკვე ოთხი წელია ამ პროგრამაზე მუშაობს, შეიქმნა კომისია, პროგრამა მრავალჯერ განიხილეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სამ წელში ბათუმში არაერთი კორპუსი აშენდა, ხელმისაწვდომის საცხოვრისის საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

მეტიც, ხელმისაწვდომი საცხოვრისი თავსატეხიც გახდა ბათუმის მერიისთვის.  კომპანიამ, რომელმაც მერიის ტენდერი მოიგო იაფი სახლის ასაშენებლად, ავანსად ორ მილიონამდე ლარი აიღო და აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, არ გადაიხადა მუშების ხელფასი და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. სახლი არ აშენებულა.

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

„იაფი სახლის“ პროექტი არსებობს. იცით თქვენ, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რის შედეგადაც მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დავა კომპანიასთან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავამზადეთ იაფი სახლის კონცეფცია, ძირითადი პირობები და ასევე დასრულებულია ახალი პროექტი ჯავახიშვილის ქუჩაზე დაწყებული პროექტის გაგრძელებისათვის.

დაპირება #4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა

ეს გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

„მერიამ, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს“ – ვკითხულობთ გიორგი ერმაკოვის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი შშმ პირებს შეხვდა.

ბათუმის მერი იმასაც აღნიშნავდა, რომ ადაპტირებული გარემო ბათუმის მერიაშიც უნდა შეიქნას.  ერმაკოვის უფლებამოსილების ვადა ორ თვეში ამოიწურება, რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ მერიის შენობა ჯერ ადაპტირებული არ არის. აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი  2016 და 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა არც ერთი ტენდერი არ შედგა.

ერმაკოვის მერობის პერიოდში რამდენიმე საჯარო დაწესებულებას გაუკეთდა პანდუსი ბათუმში, თუმცა შშმ და ეტლით მოსარგებლე პირებს ხშირად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებაც უჭირთ. 

ერთ-ერთი ბოლო, არაადაპტირებული ნაგებობა, რომელსაც ბათუმის მერია ერმაკოვის მერობის პერიოდში დააფინანებს, თამარ მეფის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდია, რომელზე გადასვლასაც შშმ და ეტლით მოსარგებლე ადამიანები ვერ შეძლებენ. 

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ეს საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება სატრანსპორტი ინფრასტრუქტურას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს „იბიარდთან“, ვიძენთ დიზელისა და ელექტროავტობუსებს, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული. მეორე – ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რომლებიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა ადგილას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ეს იყოს ადაპტირებული. ახლა მერიის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც არ იყო ადაპტირებული, ვგულისხმობ ცენტრალურ ოფისს გორგილაძის ქუჩაზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარებს და შენობის უკანა მხარეს მონტაჟდება ლიფტი. ორი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები დასრულდება.  
 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com