მთავარი,სიახლეები

მიაყენეს თუ არა პოლიციელებმა დაკავებულებს შეურაცხყოფა ჰომოფობიის ნიადაგზე – საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

25.08.2017 • 1594
მიაყენეს თუ არა პოლიციელებმა დაკავებულებს შეურაცხყოფა ჰომოფობიის ნიადაგზე – საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმის შესწავლას აპირებს. „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი და ამავე ორგანიზაციის წევრი დღეს, გამთენიას დააკავეს ბათუმის ბულვარში. დაკავებულების ადვოკატი სალომე ღოღობერიძე აცხადებს, რომ დაკავებამდე მათ ბულვარში უცნობი პირები თავს დაესხნენ, ხოლო ადგილზე მისული პოლიციელები დამამცირებელად მოექცნენ.

„ჩვენ მოგვმართეს დაკავებულების ახლობლებმა. ლევანი და თორნიკე მოვინახულეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაკავებულები აცხადებენ, რომ დაკავების დროს და შემდეგაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ასევე ფიზიკურ ძალადობას. დაკავებულებმა ასევე გვითხრეს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უფლებები. საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი ეცდება დაადგინოს, ფიზიკური დაზიანების მიზეზები, ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა ჰომოფობიურ გამონათქვამებს და დაირღვა თუ არა პროცესუალური ნორმები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ციალა ქათამიძემ,  სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, „პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ რადგან არსებობს პრეტენზია, შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს საკითხს“.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. შემთხვევას დღეს, 25 აგვისტოს განიხილავს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ადმინისტრაციული საქმისწარმოების გარდა, ამავე შემთხვევაზე, ოღონდ ამჯერად ლევან ბერიანიძის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: