მთავარი,სიახლეები

რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი

25.08.2017 • 5027
რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი

თუ რა ღირს სატელეფონო საუბრის ერთი წუთი ციხეში და რამდენს იხდიან პატიმრები ამ სერვისში, „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ დაადგინა. „არაფერს ამბობენ ჩვენთვის უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების და წუთების შესახებ. დღემდე არ გვასარგებლებენ ჩამოჭრილი წუთებით…“ – ეს ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით. პატიმრები სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვაზე ხშირად საუბრობენ.

პატიმარი ნუგზარ თ. გვწერს, რომ დაწესებულებაში დამონტაჟებულ ტელეფონებს არ აქვთ ეკრანი და ვერ ახერხებს სატელეფონო საუბრის აღრიცხვას. ის კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს – ცხელი ხაზი სახალხო დამცველთან, ან ადვოკატებთან:

„ეს გაკეთებულია საჩვენებლად. რეალურად ჩვენ ვერ ვახერხებთ საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზით სარგებლობას და შეგვიძლია მხოლოდ ჩვენთვის ყოველთვიურად განკუთვნილ დროში [გვეკუთვნის თვეში 2 სატელეფონო საუბარი. თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა] და ჩვენი ხარჯით დარეკვა, რაც პირდაპირ ზღუდავს ჩვენს უფლებას, დაწესებულების მხრიდან განხორციელებულ სამართალდარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მოხდეს დროული რეაგირება. ეს ემსახურება იმას, რომ დაწესებულებამ მოიგოს დრო და შემდეგ თავი იმართლოს…“

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ცხელი ხაზით“ სარგებლობა ფასიანია და მისით სარგებლობა პატიმარს ნებისმიერ დროს არ შეუძლია:

„კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ხარჯზე სატელეფონო საუბრების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, არც სახალხო დამცველის აპარატთან. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში დაუბრკოლებლად შეუძლიათ შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და შეხვდნენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

„ვუერთდები სახალხო დამცველის მოთხოვნას პატიმრებისთვის „ცხელი ხაზით“ ნებისმიერ დროს და უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ. სახალხო დამცველთან დაკავშირება ხშირად შესაძლოა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდეს,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი.

ციხეში სატელეფონო კომუნიკაციის პრობლემებზე ხშირად მისდის შეტყობინება ომბუდსმენის აპარატსაც. მაგალითად, როცა პატიმარს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა: „ან, მაგალითად, საკნიდან საკანში გადაუძახა, ამის გამო დასაჯეს და ვეღარ ისარგებლა სატელეფონო საუბრის უფლებით. ძირითად შემთხვევაში სამართლებრივი დასაბუთება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას აქვს, თუ რატომ შეუზღუდეს პატიმარს ესა თუ ის უფლება, მათ შორის, ტელეფონზე დარეკვა. ერთ-ერთი პატიმარი ამბობდა, რომ დარეკა, არავინ უპასუხა და მაინც ჩამოეჭრა თანხა. ამ საკითხზე საქმისწარმოება მიმდინარეობს, უნდა დადგინდეს ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სპეციალურად ჩამოაჭრეს თანხა,“ – გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრების საჩივრები პენიტენციურ დაწესებულებებში სატელეფონო სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით მხოლოდ გასულ წლებში არსებობდა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სატელეფონო მომსახურების მომწოდებელი კომპანიის შერჩევის მიზნით ჩაატარა შესაბამისი კონკურსი. კონკურსის შედეგად შეირჩა კომპანია, რომელიც წამობრივი დამრგვალების სისტემით, ყველაზე დაბალი ტარიფებითა და ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ინდივიდუალურად მორგებული სატელეფონო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული სისტემა მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, მარტივი კომბინაციით მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის შესახებ. ამასთან, ნებისმიერი სახის პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, სატელეფნო მომსახურების კომპანია დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას, მათ შორის მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიასა თუ საჩივარზე,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან, სადაც უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ შეკითხვა – რის გამო ჩატარდა კონკურსი, როცა პატიმრები თავად იხდიან სატელეფონო საუბრის საფასურსს, რომელი კომპანია ემსახურება პატიმრებს და როგორია ტარიფი.

თავად პატიმრების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს სატელეფონო მომსახურებას კომპანია „ო ენდ ემ ჯგუფი“ აწვდის. ისინი დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებში ყიდულობენ ხუთლარიან ბარათებს.

2017 წლის პირველ ივნისს „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაიზარდა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში [„ბათუმის მე-3 დაწესებულება] მყოფი მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. თუ აქამდე მათ თვეში მხოლოდ 1 სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება ჰქონდათ და ისიც მხოლოდ 10 წუთის ხანგრძლივობით, ამჟამად, თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ 2 სატელეფონო საუბრის უფლებით, თითოეული არაუმეტეს 15 წუთის ხანგძლივობით. ასევე, წახალისების სახით შეიძლება დამატებით მიეცეთ 1 სატელეფონო საუბრის უფლება.

სატელეფონო საუბრები ხორციელდება მხოლოდ პატიმრების მიერ წინასწარ მითითებულ 5 სატელეფონო ნომერზე, რომელშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და ადვოკატის ნომრები. შესაბამისად, მსჯავრდებულს მათთან დასაკავშირებლად ნომრების წინასწარ მითითება არ სჭირდება.

ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ამბობს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის უფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია პატიმრის რესოციალიზაციასთან:

„ეს რესოციალიზაციის ნაწილია. საერთაშირისო პრინციპების დონეზე კონკრეტულად ტელეფონით სარგებლობის უფლება ცალკე გაწერილი არ არის, მაგრამ გარესამყაროსთან ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმრისთვის,“ – ამბობს ცირა ჭანტურია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: