სიახლეები

პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩემთვის ეს არის პროფესიული ინტერესი

25.08.2017 • 7662
პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ჩემთვის ეს არის პროფესიული ინტერესი

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნატალია მგელაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე აჭარის განათლების ფონდის  დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. იგი ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერია.

ნატალია მგელაძე ამბობს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მას განათლების სამინისტრომ შესთავაზა:

„ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლებთან ერთად, ამ საქმეს კარგად წარვმართავთ. ჯერჯერობით სამსახურში შევხვდი მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის წევრებს, რომლებიც ამჟამად არ არიან შვებულებაში, პედაგოგები შვებულებიდან გამოვლენ პირველი სექტემბრისთვის და მათთან შეხვედრის დიდი მოლოდინები მაქვს.

– რის გაკეთებას აპირებთ პირველ ეტაპზე? 

–  ჯერჯერობით ვეცნობი მიმდინარე საკითხებს, რისი გადაწყვეტაც სასწრაფოა, რომ მოვამზადოთ სასწავლო პროცესი. ვმუშაობთ მცირე საორგანიზაციო დეტალებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად დავიწყოთ 15 სექტემბერი, ესაა საათობრივი ბადე, სასწავლო გეგმა და ბევრი სხვა ნიუანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ჯამში.

– იცნობთ სკოლოს მასწავლებლებს? 

– მე გახლავართ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი და ტრენერი, ამიტომ ძირითადად უფრო ინგლისური ენის მასწავლებლებთან მქონდა პროფესიული ურთიერთობა.  პედაგოგიურ კოლექტივს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და დაფუძნებული იქნება პროფესიულ სტანდარტზე, რომელიც გვავალდებულებს, ვიმუშაოთ კოორდინირებულად და შეთანხმებულად.

–  რისი შეცვლა გსურთ,  რა ამოცანა გაქვთ საკუთარი თავისთვის დასახული?

–  ეს სკოლა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად ფლაგმანი იყო წლების განმავლობაში. მე მინდა, რომ პირველი საჯარო სკოლა რეგიონისთვის იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, დასაყრდენი სკოლა. მრავალრიცხოვანი კონტინგენტი გვყავს, 2 200-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება აქ. ჩემი მხრიდან არის პროფესიული ინტერესი და სერიოზული გამოწვევა, რომ სკოლამ უპასუხოს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის დღეს საგანმანათლებლო სტრუქტურებისადმი წაყენებული და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავაკმაყოფილოთ სტანდარტი, რომ სკოლას ჰქონდეს საუკეთესო სკოლის სტატუსი.

– წინა დირექტორის გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა. თუ იცნობთ მას პირადად და რას ფიქრობთ ამ თემაზე?

– დღემდე მქონდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა. ქალბატონ მედეას პირადად არ ვიცნობ. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, წავიკითხე, მაინტერესებდა დეტალები, თუმცა სიღრმისეულად ამ საკითხს  ჯერჯერობით არ ვიცნობ.

სწავლის დაწყებისას,  რასაკვირველია, ვაპირებ შეხვედრას სამეურვეო საბჭოსთან, გვაქვს რაღაც საკითხები შესათანხმებელი. მაქვს იმედი, რომ ეს გუნდი ჩემთან ერთად იმუშავებს შეთანხმებულად და მოვინდომებთ, რომ ამ სკოლამ განათლების სისტემაში თავისი სიტყვა თქვას.

 

გადაბეჭდვის წესი