მთავარი,სიახლეები

ცხოვრების ნახევარი პატიმრობაში

24.08.2017 • 2605
ცხოვრების ნახევარი პატიმრობაში

„ცუდით ვერ გამაკვირვებ, მე კარგი, ჰუმანური და ადამიანური ნაბიჯები თუ გამაკვირვებს, სხვა ვერაფრით მოახდენ ჩემზე გავლენას“, – ამბობს ყოფილი პატიმარი მაქს შულგატი, რომელიც 1980 წელს თბილისში დაიბადა. თავისი ცხოვრების ნაწილიც თბილისში გაატარა, ვიდრე 1998 წელს, პირველად არ მოხვდა საპატიმროში. როგორც მაქსი ამბობს, მან თავისი მამის დანაშაული აიღო თავზე, რის გამოც 10 წელი მიუსაჯეს. დღეს მაქსი სრულიად მარტოა [2012-2013 წლებში გარდაეცვალა მშობლები], არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი, სამსახური და ითხოვს ხელშეწყობას სახელმწიფოსგან.

2013 წელს ციხიდან გამოსული მაქსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თოქშოუს მთავარი გმირიც იყო. ის მოჰყვა თავის ისტორიას, თუ როგორ უჭირდა ცხოვრება. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა იმ გადაცემის შემდეგ მისი ცხოვრება, მაქსმა მითხრა, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა, საზღვრის კვეთის უფლებაზე, მაგრამ თურქეთში მუშაობა დიდი ხნით ვერ შეძლო – დეპორტით გამოუშვეს უკან. ამის შემდეგ კი, კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწია შებრუნება.

სამწლიანი სასჯელის შემდეგ მაქსი ციხიდან გამოვიდა და ისევ ის მდგომარეობა – არ აქვს უფლება გადაკვეთოს საზღვარი, ისევ ვერ მუშაობს. ის ახლაც ითხოვს, რომ მოუხსნან პრობაციონერის სტატუსი – ამჯერად გეგმავს რუსეთში წავიდეს, თავის ნათესავებთან.

ციხეში ყოფნის დროს მაქსმა აითვისა გიდის პროფესია, ისწავლა Windows-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და თუ აქამდე ეუბნებოდნენ, პროფესია არ გაქვსო, ახლა ვერ ხვდება, რის გამო უჭირს დასაქმება. ყველა მცდელობა უშედეგოა, ყველა უარს ამბობს მის დასაქმებაზე: „მეუბნებიან – მაქს, ცხოვრების ნახევარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარე და ახლა მომინდომე ნორმალური ცხოვრება?! ნურას უკაცრავად. შენ ხელს არ შეგიწყობთ. თუ შენ ერთ შეცდომას მაინც დაუშვებ, ჩვენ ღია გვაქვს ციხის კარი… მე ყოველდღიურად ამ დამოკიდებულებას ვეჯახები“.

მაქსი სხვადასხვა მთავრობის დროს იჯდა ციხეში და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ ფასადურად შეიცვალა. სინამდვილეში კი ციხეში ზუსტად იგივე მდგომარეობაა, ზუსტად იგივე სახეები, იგივე მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან, დამცირება, უფლებების შელახვა, შეურაცხყოფა, დაცინვა, გინება. მაქსი ასახელებს კონკრეტულ გვარებს და სახელებსაც, ამბობს, რომ მათ შესახებ 21-მდე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, მაგრამ სათანადო რეაგირება არავის ჰქონია.

„მე, პირადად, ასეთი შემთხვევა მქონდა, ბათუმის მესამე დაწესებულების დირექტორმა კ.-მ და მისმა მოადგილემ – ბ. გ.-მ [მათ ვინაობას უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. იმ შემთხვევაში თუ ძიება დაინტერესდება ამ საკითხით, მაქსი მზად არის, სამართალდამცავებს მათი შესახებ ისევ უამბოს -ავტორი], იმ მიზეზით, რომ მე ვითხოვდი დაავადებაზე მკურნალობას, როდესაც რამდენიმე საჩივარი მივწერე ჯანდაცვის მინისტრს, გადამიყვანეს ანტივანდალურ საკანში. და როდესაც იქ გადამიყვანეს, დამხვდა მ. ხ. სხვა თანამშრომლებთან ერთად, ი.ხ. და კ.ნ… ამ ადამიანებმა დამაგდეს იატაკზე და მაგინებდნენ, ხელს მირტყამდნენ, პირი ძალით გამაღებინეს და ხელს მთხრიდნენ,  რომ მეტალის რაღაც საგანი ჩაეტენათ პირში. შემდგომში ისინი ყვიროდნენ, რომ მე მქონდა „ბრიტვა“, ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ქმედება და შემდგომში, როცა მოვიდა გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველი და გადამიყვანეს საავადმყოფოში, იქ უკვე აღმოჩნდა, რომ მე მქონდა გადაყლაპული მეტალის რაღაც საგანი“.

შულგატის თქმით, თავის სიმაღლეზე არც სამედიცინო პერსონალი დგას – პატიმრისა და ექიმის ურთიერთობაში კი, ხშირად ერევიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, რის გამოც პატიმრების დროული მკურნალობა ფერხდება:

„დაწესებულებაში ცნობილია, რომ მ. ხ.-ა აგროვებს „ბრიტვებს“ და შემდგომში, რომელი პატიმარიც ამორჩეული ჰყავს, უდებს ჯიბეში. ასე უმატებენ სასჯელის ვადას პატიმრებს. მომკითხავი არავინ არის, მაკონტროლებელი არავინ არ არის, მათ დღესაც აქვთ სრული განუკითხაობა“.

ბათუმის მესამე საპყრობილეს იდენტური მდგომარეობაა რუსთავის მეექვსე ციხეში, ამბობს მაქსი. თუმცა რუსთავში ყოფილა საკნები, რომლებიც წყლით არის დაფარული და პატიმრებს ამ საკნებში უწევთ ცხოვრება, რაც საბოლოოდ იწვევს ტუბერკულოზს და სხვა სახის დაავადებებს.

მაქს ყველაზე მეტად მშვიდი ცხოვრება სურს, უნდა, რომ ჰქოდნეს სამსახური, მოეხსნას პრობაციონერის სტატუსი და შეძლოს საზღვრის კვეთა, უნდა ყოველთვიური შემოსავალი, არ ახსენებდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ყოფილი პატიმარია და ნახევარი ცხოვრება ციხეში აქვს გატარებული. უნდა, რომ შექმნას ოჯახი და იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

მაქსის ცხოვრება არ იცვლება, უკვე წლებია ამ პირობებში ცხოვრობს, წლებია ამტკიცებს, იბრძვის, ცდილობს უკეთესი პირობები შეიქმნას, მაგრამ არაფერი გამოსდის, მიეჩვია ყვირილს, კატეგორიულ ტონს, აღელვების გარეშე ვერ ყვება ვერც ერთ ისტორიას და როცა სტანდარტული კითხვებიდან უფრო პირად კითხვებზე გადავდივართ, ყოფილი მსჯავრდებული იბნევა, არ არის მიჩვეული ამ ტიპის კითხვებს და ცოტა არეულად მპასუხობს, მაინც პატიმრობის წლებს და გაუსაძლისი ცხოვრების აღწერას უბრუნდება.

არადა, ამ კაცის პატიმრობის ისტორიის უკან იმალება უფრო მეტი ისტორია, ისტორია იმისა, თუ როგორ იზრდებოდა მშობლებთან ერთად, როგორ უნდოდა გამხდარიყო იურისტი, როგორ იზიდავდა სამართალმცოდნეობა, როგორ შეუყვარდა პირველად, როგორ გაიცნო ციხეში ადამიანი, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა, ამ ადამიანის უკან იმალება ისტორია მეორე ოჯახისა, რომლებაც შეიყვარეს ის, ყვება ადამიანებზე, რომლებიც დაეხმარნენ მას, ყვება გარდაცვლილ დედაზე და მამაზე, ყვება იმ დაკარგულ წლებზე, რომელიც მშობლებთან ერთად უნდა გაეტარებინა, ყვება იმ ცხოვრებაზე, როცა ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა სამყაროს და ეგონა, დრო ყველაფრისთვის ექნებოდა, რომ ცხოვრება ძალიან დიდია და ყველაფერს მოასწრებს, მოიხდის სასჯელს და ყველაფერი გამოსწორდება.

მაგრამ ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორც მაქსს წარმოედგინა – რთულია ახალი ცხოვრების დაწყება, როცა ცხოვრების ნახევარს პატიმრობაში ატარებ. როგორც ჩანს, არც მაქსია ამ ახალი ცხოვრებისთვის შემზადებული და არც მით უმეტეს, ჩვენი საზოგადოება.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: