სიახლეები

იურისტი: “სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა”

18.12.2014 • 1706
იურისტი: “სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა”

 

საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  დღეს 8 თვიანი მოლოდინის დაიწყო საქმის  განხილვა, მოსარჩელის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იცავენ. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან თანამშრომელი რვა თვის წინ  „უღირსი საქციელისა“ და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციის განხორციელების ბრალდების  გამო გაათავისუფლეს.

 

ამ გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა მისი ერთ-ერთი  თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.  ამ ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით აცნობა.  ფაქტი, „ბათუმელებთან“ საუბარში მაშინ  სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ დაადასტურა.

 

„არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა. როგორც ამას ამბობენ. იანვრის დასაწყისში შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი,  ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს არ ვმალავთ, ჩვენ იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“. როგორც ვახტანგ წულაძემ მაშინ განმარტა,   საჯარო მოხელემ, რომლის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ანი ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ  „დღევანდელი სასამართლო პროცესი ნათელი გამოვლინებაა, იმისა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა, არ აქვს გენდერული დისკრიმინაციისა და სამსახურში სექსუალური შევიწროვების ამკრძალავი ეფექტური ნორმები და მექანიზმები. ნაცვლად იმისა, რომ საჯარო სამსახურს გამოეკვლია ორსული ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის არსებობა, მან უკანონო ქმედებით – მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ  სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრძანების გამოცემით სცადა ამ ფაქტის დამალვა.

 

სამმართველოს უკანონო ქმედებებს, თავის მხრივ ხელი შეუწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომელმაც ასევე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის  მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ადამინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და საკადრო რესურსების მართვის განყოფილება) გააუქმა, რათა დავის მოგების შემთხვევაშიც კი მას რეალურად აღარ შეძლებოდა სამსახურში აღდგენა.“ 

 

 

საქმის განხილვა 25 დეკებერს გაგრძელდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი