მთავარი,სიახლეები

ამერიკული პეპელა და ფაროსანა ბათუმის ქუჩებში – ვინ იზრუნებს შეწამვლაზე

24.08.2017 • 3185
ამერიკული პეპელა და ფაროსანა ბათუმის ქუჩებში – ვინ იზრუნებს შეწამვლაზე

ბათუმის ქუჩებში, ცალკეულ ადგილებზე, ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა გამოჩნდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დროისათვის არც ერთ უწყებას: ბათუმის მერიას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არა აქვს პროგრამა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე თეთრ პეპელასა და ფაროსანას შეწამვლას ითვალისწინებს.

„თაყაიშვილის #101-ში მსხლის ხე დგას და ხე გაახმო. ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი ჯავახიშვილის, კაკლის ხეებზე სულ მოდებულია ამერიკული პეპელა.  დავუკავშირდით გარემოს დაცვას ერთი კვირის წინ და ჩვენ მაგას ვერ გავაკეთებთ, თბილისიდან უნდა იყოს [დაშვებული] და პროგრამა ამოწურულიაო. არადა, ასეთი პატარა კერების დროულად ლოკალიზება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში ქალაქის ტერიტორიაზე მხოლოდ კოღოების, ტკიპებისა და მღრღნელების შეწამვლა შედის და არა თეთრი პეპლისა და ფაროსანას, თუმცა ქალაქის გამწვანების სამსახური, სადაც ამერიკული პეპელასა და ფაროსანას ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებაზე რამდენიმე განცხადებაა შესული, მზადაა ქალაქში ხეები შეწამლოს:

„მოლაპარაკება მიდის აგროსერვისცენტრთან, მათ უნდა გადმოგვცენ პრეპარატები. ამინდმა შეგვაფერხა გუშინ და დღეს, წვიმაში არ შეიძლება შეწამვლა. 15-მდე განცხადებაა შემოსული. ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ შეწამვლა, ეს ჩვენი კი არა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ რადგან ქალაქი ჩვენია და ჩვენ ვუვლით, ამიტომ იძულებული ვართ, რეაგირება გვქონდეს ამაზე. მაგრამ სულ 27 ლიტრი წამალი გვაქვს დარჩენილი, რაც ძალიან ცოტაა და უკვე უნდა გაირკვეს წამლის საკითხი. ვწამლავთ ამერიკულ ფრთათეთრას და ფაროსანასაც. ამ წუთას რითაც ვწამლავთ, ქიმიური პრეპარატია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში იშლება და უვნებელი ხდება. შეწამვლის დროს ჩვენი ხალხი დგას ადგილზე და არავის ვუშვებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან ჭანუყვაძემ, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ  ამ დროისათვის შესაბამისი პროგრამა არ აქვთ, მაგრამ მუშაობენ და კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, რა ზომებს მიმართავენ.

„ამერიკული თეთრი პეპელა შეყვანილია საკარანტინო მავნებელთა ნუსხაში, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამმართველო ყოველწლიურად ახორციელებდა წამლობით ღონისძიებებს. იქედან გამომგინარე, რომ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ამერიკული პეპელა არ წარმოადგენდა პრობლემას, ამ მხრივ არ განხორციელებულა შეწამვლა.  წელს შევეცდებით ჩვენი რერსურსებით მოვახერხოთ ეს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის  აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. იგი პროფესიით აგრონომია და ამბობს, რომ ამჟამად მავნებელი მწერის მეორე თაობაა გამოსული: „20 სექტემბრამდე შეიძლება შევხვდეთ ხეებზე მეორე და მესამე თაობას. ასე, რომ შეწამვლამ საკმაოდ კარგი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, ამით სამომავლოდ მის გავრცელებას ავარიდებთ თავს.“  კითხვაზე, ხომ არ გვიანდება შეწამვლა, მამუკა თურმანიძე პასუხობს, რომ შეიძლება დაგვიანებული იყოს ცალკეული კულტურების შემთხვევაში, მაგრამ  შეწამვლა მაისიდან სექტემბრის ბოლომდე შედეგს იძლევა.

„ბათუმელები“ სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც დაუკავშირდა. სწორედ ეს სააგენტო უზრუნველყოფს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას. „აღნიშნულ საკითხზე ჩვენთანაც არის შემოსული შეტყობინება და ამ საკითხს შევისწავლით. გამოყენებული უნდა იქნას ბიოლოგიური პრეპარატი,“  – განაცხადეს სააგენტოში.

რაც შეეხება რეკომენდაციას, ამერიკული პეპლის მცირე კერების შემთხვევაში, დაზიანებული ფოთლები უნდა მოიჭრას და დაიწვას, რადგან ფოთოლში 1500-მდე მატლი შეიძლება იყოს.

აჭარაში ამერიკული თეთრი პეპელა განსაკუთრებით 2011-2012 წლებში იყო გავრცელებული. მაშინ „ბათუმელებს“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა, ავთანდილ მურვანიძემ, რომელიც ეროვნული გრანტის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე იკვლევდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენისა და ლიკვიდაციის მეთოდს, უთხრა, რომ ამერიკულ თეთრ პეპელას ზიგზაგისებური განვითარების ციკლი გააჩნია: „არის კლებადობისა და მატების პერიოდები. 2007 წელს შეინიშნებოდა კლებადობა, 2008 წლიდან დაიწყო მატება, 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის განვითარება პიკზეა, 2012 წლის შემდეგ გაივლის ოთხ-ხუთწლიან კლებადობის ციკლს და შემდეგ ისევ მატებას დაიწყებს.“ მისივე თქმით, მაისის შემდეგ მხოლოდ ხის შეწამვლა საკმარისი არ არის – „როგორც კი დავიწყებთ შესხურებას, მწერი გრძნობს წამალს, იგორგლება, ცვივა დაბლა და ტოვებს ტერიტორიას. მაშინ უნდა შევწამლოთ ის ტერიტორიაც, სადაც ჩამოვარდა მწერი.” 

ბაგრატიობის ქუჩა

ბაგრატიონის ქუჩა

ბაგრატიობის ქუჩა

ბაგრატიონის ქუჩა

თაყაიშვილის ქუჩა

თაყაიშვილის ქუჩა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: