მთავარი,სიახლეები

 აჭარაში მოსწავლეთა უფასოდ ტრანსპორტირებისთვის ოთხ თვეში 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

23.08.2017 • 3213
 აჭარაში მოსწავლეთა უფასოდ ტრანსპორტირებისთვის ოთხ თვეში 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 1 მილიონ 537 ათას 664 ლარს გადაიხდის. მომსახურება 4 თვეს – 2017 წლის სექტემბრიდან, მომავალი წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება.

ტენდერის ზოგადი პირობების მიხედვით:

  • საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკროავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა.
  • ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მართავდნენ შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლები.
  • საჯარო სკოლის მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სასწავლო დროის დაწყებამდე და დასრულებიდან გონივრულ ვადაში (მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 40 წუთისა. ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან  არაუგვიანეს 40 წუთისა).
  • ერთი სატრანსპორტო საშუალებით მოსწავლეთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 8 გზისა (რაც გულისხმობს ოთხჯერ წაყვანა-წამოყვანას).
  • სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

სამუშაოს შესრულების ვადაა 2017 წლის 15 სექტემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, სასწავლო დღეების შესაბამისად.

სასწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა:
  • ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში – 75 სასწავლო დღე,
  • პანსიონის ტიპის სკოლებში – 32 სასწავლო დღე (კვირაში ერთი წაყვანა და ერთი წამოყვანა),
  •  იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღესაც – 91 სასწავლო დღე.

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წელს სულ 9 მილიონ 392 ათასი ლარი ჰქონდა ბიუჯეტში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი არ შედგა, ხოლო ერთი – შეწყდა. შესაბამისად, განათლების სამინისტრომ 7,9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა დაგეგმა, რაზედაც საბოლოოდ შესყიდვების სააგენტოს თანხმობაც მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს პროგრამაში ჩართული იყო 335 საჯარო სკოლა 578 მარშრუტით, ხოლო წელს – 1213 საჯარო სკოლა 3503 მარშრუტით. საერთო ჯამში 66 000-ზე  მეტი მოსწავლე სარგებლობს უფასო ტრანსპორტით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: