მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

სათამაშოები სოფელში [ფოტოპროექტი]

22.08.2017 • 7883
სათამაშოები სოფელში [ფოტოპროექტი]

ავტორი, ფოტო: ია ფრანგიშვილი 

საქართველოს სოფლებში სათამაშოების მაღაზიები არ არის, თუმცა ზოგიერთ სოფელში მაინც შეძლებთ სათამაშოს ყიდვას სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პატარა მაღაზიაში, სადაც ბავშვის სათამაშოებს, ძირითადად, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. არჩევანი დიდი არ არის: რამდენიმე ავტომანქანა, თოჯინა, პლასტმასის პისტოლეტი… რა სათამაშოები აქვთ და რაზე ოცნებობენ ბავშვები აჭარის სოფლებში?

ჯაბა

ცხრა წლის ჯაბა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოდან. მისი სათამაშოების კოლექციაში ორი სათამაშო პისტოლეტი, ერთი ავტომატი, თეთრი მექანიკური მანქანა და ერთი ძველი ბურთია. ჯაბა ამბობს, რომ ამ სათამაშოებიდან ყველაზე მეტად სწორედ ამ ბურთით თამაში უყვარს. „ბევრი ვთამაშობთ და სახალისოა“ – ამბობს ჯაბა. იგი სათამაშო მანქანაზე ოცნებობს: „ოღონდ პულტით სამართავი, ამ მანქანაზე უფრო დიდი და წითელი ფერის რომ იყოს“.

 

ანუკი

ექვსი წლის ანუკი რიჟვაძე სოფელ ვაშლოვანიდან. ანუკის ყველაზე მეტად თოჯინებით თამაში უყვარს, თუმცა მისი სათამაშოების კოლექციაში ძირითადად პლუშის ცხოველები და ბურთებია. თავის სათამაშოებში ყველაზე მეტად ბარბის თოჯინას ნახვა გაუხარდებოდა. ანუკის კიდევ ერთი გასართობი ზღაპრების კითხვაა, ოღონდ -„მზეთუნახავების გარდა“. ყველაზე მეტად წითელქუდასთან, ფიფქიასა და ჩექმებიან კატასთან შეხვედრას ისურვებდა. რომ გაიზრდება, უნდა  „სალონისტი“  გამოვიდეს, ანუ სილამაზის სალონი ჰქონდეს.

 

ნია

ხუთი წლის ნია გვიანიძე დაბა შარაბიძეებიდან. მისი საყვარელი სათამაშო ანიმაციური ფილმის პერსონაჟი მაშაა, რომელიც ხელის დაჭერისას მღერის. ნია ამბობს, რომ მას და მაშას ერთნაირი ნაწნავები აქვთ და ამიტომაც მოსწონს ის განსაკუთრებით. ნია მომავალ წელს სკოლაში მიდის და მისი ყველა სურვილი სკოლის ირგვლივ ტრიალებს. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად ნახატებიან ჩანთას ისურვებდა, მომავალში კი, უნდა რომ დირექტორი გამოვიდეს, „ალბათ სკოლის“.

 

დათო

შვიდი წლის დათო კახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთიდან. დათოს სათამაშოების ძირითად ნაწილს ავტომობილები შეადგენენ. სათამაშო ავტოპარკიდან ყველაზე მეტად თეთრი მანქანა მოსწონს, ის სხვა მანქანებისგან განსხვავებით მეტალისაა. დათო ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სასურველი სათამაშო ლურჯი ფერის, პულტით მართვადი თვითმფრინავია. როცა გაიზრდება, უნდა პოლიციელი გამოვიდეს.

 

ანი

ხუთი წლის ანი შარაბიძეს ხულოს სოფელ დიდაჭარიდან, ყველაზე მეტად ხატვა უყვარს. აქვს ბევრი ფანქარი, მაგრამ არ აქვს ფლომასტერები. ამბობს, რომ სათამაშოებზე მეტად სახატავ ინვენტარსა და გასაფერადებლებს ისურვებდა. ანის თქმით, სახლში თამაშისას და ხატვისას მისთვის ყველაზე მყუდრო ადგილი მაგიდის ან ლოგინის ქვეშაა – „აქ დამალობანასაც ვთამაშობ და იმიტომ“. ანის ხატვის უკეთ სწავლა სურს.

 

და-ძმა

ექვსი წლის ელენე კონცელიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისიდან. იგი უმეტესად ამ თოჯინით თამაშობს. თოჯინას ნინი ჰქვია. ელენე ამბობს, რომ მისი ოცნების სათამაშო ამავე ზომის ახალი თოჯინაა, ოღონდ გრძელი თმითა და წითელი კაბით. რომ გაიზრდება, უნდა მწერალი გამოვიდეს. „ჯერ არაფერი დამიწერია, მაგრამ მინდა, რომ ბავშვებზე დავწერო ლექსებიო,“ – ამბობს. ელენეს ძმა, ზაური, ოთხი წლისაა. მისი საყვარელი სათამაშო პლუშის ძაღლია, რომელიც თამაშისას მგლის როლს ასრულებს. ზაურს ყველაზე მეტად სათამაშო თოფი სურს, რომლითაც ნადირობანას ითამაშებდა.

 

ნოდარი

ოთხი წლის ნოდარ ცეცხლაძე სოფელ თაგოდან. თაგოში საბავშვო ბაღი არ არის, ამიტომ ნოდარი ძირითად დროს სახლში ატარებს. ნოდარს მანქანებით თამაში უყვარს. თავის სათამაშოებში ყველაზე მეტად წითელი ფერის ჯიპი მოსწონს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად კიდევ ერთ ჯიპს ისურვებდა, ოღონდ უფრო დიდს, ყვითელს და პულტით სამართავს. კითხვაზე, თუ ვინ უნდა გამოვიდეს როცა გაიზრდება, ნოდარს კარნახობენ, რომ ექიმი, თუმცა იგი ჩუმად გამოგვიტყდა, რომ მძღოლობა უნდა.

 

დები

ექვსი წლის მარი იაკობაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა შარაბიძეებიდან. მისი საყვარელი სათამაშო სამზარეულოს ინვენტარია, რომლითაც სახლობანასა და მზარეულობანას თამაშობს. მარი ბარბის თოჯინასა და მის სახლზე ოცნებობს. „ბარბის სახლში შეიძლება იყოს ის, რაც არის ნამდვილ სახლებში. მინდა, ბარბის თეთრი თმა ჰქონდეს და „ელზას“ ცისფერი კაბა ეცვას“, – ამბობს მარი. მარის და, ანანო იაკობაძე, 8 წლისაა. ისიც სათამაშო სახლზე ოცნებობს, ოღონდ მისი თოჯინის პერსონაჟი ანიმაციური ფილმის პერსონაჟის, ელზას და – ანაა. ანანოს უნდა, რომ ცეკვის მასწავლებელი გამოვიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: