მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო ხობელი მოზარდების დისკრიმინაციას აქამდე არ გამოხმაურებია [ვიდეო]

23.08.2017 • 3666
განათლების სამინისტრო ხობელი მოზარდების დისკრიმინაციას აქამდე არ გამოხმაურებია [ვიდეო]

ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასწორობაზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. „არ გამკიცხონ იმის გამო, რომ მიყვარს“, „ჩემი თავისუფლებაა არ მომწონდეს“, „ჩემი თავისუფლება არ არის, ზიანი მივაყენო იმის გამო, რომ მძულს“, – ამ და ბევრ სხვა ფრაზას პიროვნულ, რელიგიურ, თუ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე მე-11 კლასელები აჟღერებენ.

კლიპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი გაკიცხა, განათლების მინისტრს გადადგომა მოსთხოვა იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს „ამ საქმეს არ გადააყოლებდა“. გაზეთმა არასრულწლოვნების ფოტოები დაბეჭდა წარწერით: „ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ლგპტ კლიპში გადაიღეს“.

„ეს ვიდეო მეამაყება და ასეთი გაზეთის აზრი არ მოქმედებს ჩემზე, საერთოდ არ ვნერვიულობ,“ – გვითხრა ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. გვიყვება, რომ თანასწორობაზე კლიპის გადაღების იდეა მას გაუჩნდა, როცა სკოლაში „თავისუფლების კვირეული“ ჰქონდათ. ნიკამ თანაკლასელებს და რამდენიმე მასწავლებელს კლიპის სცენარი აჩვენა.

„სტატიაში აბსურდული რაღაც დაწერეს, თითქოს ვიღაც ჯგუფი გვმართავდა და რაღაცაში ჩაგვრთეს. იმაზე ვნერვიულობდი, რომ ჩემი კლასელები ინერვიულებდნენ, თორემ მეტი არაფერი. იყო საუბარი, რომ სკოლას შეუქმნიდნენ პრობლემას. არ მესმის, რა დავაშავეთ? ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს უნდა ჰქონოდა რეაქცია ამაზე და მინისტრს შეეძლო „ფეისბუქში“ მაინც დაეწერა რამე. არ უნდა ვუჩივლოთ ამ გაზეთს, ასე ვფიქრობ, რადგან მათი მიზანიც ესაა, ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ასეთ მედიაგამოცემებს არ უნდა აქცევდეს საზოგადოება ყურადღებას,“- ამბობს მოსწავლე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მასალებზე არ აკეთებენ კომენტარს. რატომ არ გააკეთა სამინისტრომ მოსწავლეების გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერი განცხადება? – „ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მოსწავლეების უფლებები და მათი გამოხატვის თავისუფლება. ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა ნატა ასათიანმა, განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

„ასავალ-დასავალმა“ მოზარდების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი სტატია 14 აგვისტოს გამოაქვეყნა.

განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს ცალსახად უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, თუკი მოსწავლეებს თანასწორობასთან დაკავშირებული იდეების გავრცელების გამო თავს დაესხნენ. „შესაძლოა, ასავალ-დასავალს სამინისტრო იგნორირებას უკეთებს, რადგან, ზოგადად, ამ გაზეთში ხშირად იწერება სინამდვილესთან შეუსაბამო ამბები. სამინისტრო, ბუნებრივია, ყველა აბსურდულ განაცხადს ვერ გამოეხმაურება, მაგრამ თუკი პრინციპებს უტევენ, ვსაუბრობ, გამოხატვის თავისუფლებაზე, სამინისტრომ ყველა მსგავს შემოტევას საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის მხრიდან, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. სამინისტროს შეეძლო არ გამოხმაურებოდა სტატიას, მაგრამ ამ მოსწავლეების და სკოლის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებია,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.

„ვაპირებ, მივმართო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ბავშვების უფლებები დაარღვია „ასავალ-დასავალმა“, – ამბობს ნანა ქვარაია, ხობის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი. გვიყვება, რომ ბავშვების ფოტოების გამოქვეყნებამდე ამავე გაზეთში სხვა სტატიაც დაიბეჭდა, სადაც ეწერა, რომ ბავშვები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიყვანეს შეცდომაში.

„სტატიის შემდეგ მშობლებს შევხვდი. რამდენიმემ გაზეთის რედაქციაში დარეკა და გააპროტესტა ის, რაც დაიბეჭდა და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს ჟურნალისტისგან. რამდენიმე დღეში ანალოგიური შინაარსის მასალა გამოქვეყნდა, ამჯერად უკვე ბავშვების ფოტოებით,“ –  დასძენს ნანა ქვარაია.

„გადასარევი კლიპი იყო გადაღებული, არაფერი სასწაული არ ყოფილა იქ,“ – ასე აფასებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მილენა სიორდია ვიდეოკლიპს თანასწორობაზე. კლიპის ჩვენებას საკლასო ოთახში ისიც დასწრებია. მილენა სიორდიას მიაჩნია, რომ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ ბავშვების უფლებები დაარღვია. „სხვა მშობლებთან ერთად მოვიპალაპარაკებთ, ვუჩივლოთ თუ არა. ვფიქრობ, უნდა ვუჩივლოთ,“ – ამბობს მილენა.

რა მიზნით გამოაქვეყნა გაზეთმა ბავშვების ფოტოები? – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ფიქრობს, რომ მიზანი ცალსახად ჩანს – ბავშვების დისკრიმინაცია.

„ჟურნალისტურ ეთიკაში ხაზგასმით და ცალსახად არის მინიშნება იმაზე, რომ ჟურნალისტმა, პირველ რიგში, უნდა დაიცვას ბავშვის ინტერესები, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სენსიტიურ საკითხებს. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ბავშვის სტიგმატიზებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა შეუწყოს ხელი, ვინმეს მოუნდეს ბავშვისთვის სამაგიეროს გადახდა, ან ბავშვის დისკრიმინაცია, საზოგადოებიდან გარიყვა. ფაქტობრივად, ამ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ეს ფოტოები ზუსტად იმ ნიშნით, რომ მომხდარიყო მათი დისკრიმანიცია, რომ სანიმუშოდ გამოეყვანა ბავშვები, ვინც უნდა დაგმოს საზოგადოებამ. ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ამ სტატიას აქვს,“ – მიიჩნევს ნატა ძველიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გარდა, მოსარჩელეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს სამოქალაქო წესით „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების“ კანონის დარღვევის გამო.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: