მთავარი,სიახლეები

191 879 ლარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის გასარემონტებლად

22.08.2017 • 2421
191 879 ლარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის გასარემონტებლად

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“ 191 879 ლარი აქვს გათვალისწინებული ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობის გასარემონტებლად. შენობა მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. აშენებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში. თავდაპირველად ფუნქციონირებდა სხვა დანიშნულებით, ამჟამად განთავსებულია სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები.

შენობა იმ პროექტის მიხედვით გარემონტდება, რომელიც „ბოტანიკურმა ბაღმა“ შეისყიდა. სარემონტო სამუშაოებზე კი ცალკე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერი პირველ სექტემბერს დასრულდება. შენობა კი გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა გაარემონტოს. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ერთი წელია.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო ლაბორატორიის შენობა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

ტექნიკური დავალების მიხედვით, „შენობის გაბარიტული ზომებია 23.2X45.8მ. სიმაღლე – 10.3 მ. შენობას გააჩნია სარდაფი 1.9 მ. სიმაღლის… გამოიცვლება ძველი ხის კარ-ფანჯრები, მოეწყობა ხის იატაკი, მოიხვეწება იატაკები, შეილესება და შეიღებება კედლები და ჭერები. კედლებზე ზოგან შპალერი. გამოიცვლება რამდენიმე ოთახში სართულშუა გადახურვის კოჭები, მოეწყობა ახალი იატაკი, გარე ფასადზე მეორე სართულზე მოეწყობა ახალი აივნის ქოლგა და მოაჯირი. გამოიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციების დაზიანებული ელემენტები ნაწილობრივ. აგრეთვე გამოიცვლება ძველი კრამიტისა და თუნუქის სახურავი, მოეწყობა ახალი სახურავის ბურვილი, ფასადზე მოეწყობა ახალი წყალსაწრეტი მილები და ძაბრები“.


ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ფინანსდება როგორც ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან, ასევე მას აქვს  საკუთარი შემოსავლები შესასვლელი ბილეთების, ნერგების და სხვა საქონელისა და მომსახურების რეალიზაციიდან.

აუდიტის ინფორმაციით, 2014 წელს ბოტანიკურმა ბაღმა ბიუჯეტიდან 1 093 421 ლარი მიიღო, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან – 1 506 838 ლარი. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, 1 158 208 და 1 685 174 ლარი.

2016 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, ამავე წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბოტანიკურმა ბაღმა, ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი – 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“.

როგორც მაშინ ზინა გელაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული  1 მილიონ 9 ათასი ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: