ენმ-ის წევრის კრიტიკა ქობულეთის ბიუჯეტში თანხის გადანაწილებაზე

ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხა – 316 101 ლარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაანაწილა. ბიუჯეტით ქობულეთის რამდენიმე სოფელში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა, რამდენიმე სოფელში კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

გარდა ამისა, 54 000 ლარით გაიზარდა გამგებლის სარეზერვო ფონდი. სულხან ევგენიძე აქამდე განკარგავდა სარეზერვო ფონდს, რომლის ბიუჯეტიც აქამდე 150 000 ლარი იყო.

ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ბონდო თედორაძემ. მისი თქმით, ციფრები, რომლებიც ბიუჯეტში ახალი პროექტების დაფინანსების ნაწილში აისახა, ოპოზიციას კითხვებს უჩენს. მათ აინტერესებთ, რატომ გაითვალისწინეს ბევრად მეტი თანხა არსებული მოედნების რეაბილიტაციისთვის, მაშინ როცა ბევრად ნაკლებია გათვალისწინებული ახალი მოედნების გაკეთებაზე:

„… ჩვენი ვარაუდით ამ ტენდერებს მოიგებენ კომპანიები, რომლებიც შემდეგ დიდ თანხებს შეწირავენ ოცნებას“, – ამბობს ენმ-ის წევრი.

გამგებლის მოადგილის მალხაზ რომანაძის განმარტებით, ახალი და სარეაბილიტაციო მოედნების პროექტი და, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვაც გამგეობამ უკვე შეისყიდა: „ძველი სტადიონები არსებულის რეაბილიტაციას და შემდეგ ახლის გაკეთებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზოგიერთი მოცულობით უფრო დიდია“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

ბიუჯეტში ცვლილებები ერთი ახალი პროგრამის დამატებასაც ითვალისწინებს. გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პირველი სექტემბრიდან ჯანდაცვის ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც  მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის მობილური გუნდის მომსახურებას ითვალისწინებს. პროგრამისთვის 25 800 ლარია გათვალისწინებული. საწყის ეტაპზე ერთი მობილური გუნდი დაფინანსდება, რომელმაც  თვის განმავლობაში 50 პაციენტთან ბინაზე ვიზიტი და მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა უზრუნველყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი