20170819_130441

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ საკითხში გარკვევის შემდეგ გვითხრა, რომ მშენებლობას ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ორბი“ აწარმოებს და სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით იგი ამ დრომდე გაფრთხილებული არ ყოფილა.

„არ იყო დაწყებული მშენებლობა, მიმდინარეობდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მე დავუკავშირდი ამ კომპანიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს და მითხრა, რომ მუშა სამშენებლო კონსტრუქციიდან, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ეს კომპანია ამ დღეებში წარმოგვიდგენს მასალებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუკი დავაფიქსირეთ დარღვევა,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ.

რომ არ ჩამოვარდნილიყო მუშა, როდის შეამოწმებდა მერიის ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო ობიექტს? – ირაკლი მოქია განმარტავს, რომ უსაფრთხოების კუთხით ობიექტს ამოწმებენ მას შემდეგ, როცა 7 მეტრზე მეტია აშენებული: „ყოველი შვიდი მეტრის აშენების შემდეგ კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინოს ანგარიში. შემოწმება, ძირითადად, ხდება ვიზუალური დათვალიერების დროს, ან როცა სატელეფონო შეტყობინება შემოდის. სხვა ვალდებულებას ჩვენ კანონი არ გვაკისრებს“.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ სამშენებლო ბადეებზეც, რასაც მიმდინარე მშენებლობების უმრავლესობაზე ვერ ნახავთ.

„ბადე არ არის აუცილებელი, რადგან ის სამშენებლო მტვრის გარდა, ვერაფერს აკავებს. ბადე აუცილებელია იმ შემთხვევაში, როცა მშენებლობას გააჩნია სამეზობლო მიჯნა,“ – ამბობს ირაკლი მოქია.

2016 წელს, ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალი იყო.

არსებობს ბათუმში ისეთი მშენებლობა, სადაც სამეზობლოს სამშენებლო მტვერი არ შეაწუხებს? – ირაკლი მოქია მიიჩნევს, რომ არსებობს. ამის მაგალითად იგი ხიმშიაშვილის ქუჩას გვისახელებს, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიას, საიდანაც მუშა ჩამოვარდა.

სამშენებლო ბადეების მოწყობაზე გადაწყვეტილებას ზედამხედველობის სამსახური იღებს. ირაკლი მოქიას თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა სამსახურს სამშენებლო კომპანიისთვის ბადის განთავსების დავალებისთვის თავი აერიდებინოს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებიდან წელს 40 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება. აქედან 18 კომპანიას სამსახურის რეკომენდაცია შეუსრულებია, 22 შემთხვევაში კი საქმისწარმოება გრძელდება. ირაკლი მოქიას თქმით, დარღვევები, ძირითადად, მშენებლობებზე უსაფრთხოების კუთხით ღობეების არარსებობას უკავშირდება.

მერიის წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ შემთხვევაზე, როცა სამშენებლო კომპანიას ტროტუარზე გამოკრული აქვს განცხადება და გამვლელებს აფრთხილებს, რომ 20 მეტრის მონაკვეთში მოძრაობა, ან ავტომანქანის გაჩერება მშენებლობის სიახლოვეს სახიფათოა.

„როგორც ჩანს, კომპანია იზღვევს თავს და ირიდებს პასუხისმგებლობას. მე არ მინახავს ასეთი განცხადება. კანონით არის განსაზღვრული მშენებლის პასუხისმგებლობა სამშენებლო უსაფრთხოებაზე და ბუნებრივია, მსგავსი განცხადება ვერაფერს შეცვლის,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

„ბათუმელებმა“ მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემები მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩაზე გავლის დროს დააფიქსირა. ამ მშენებლობიდან ნარჩენები პირდაპირ ტროტუარებზე ცვივა. გარდა ამისა, თვალშისაცემია სამშენებლო მტვერი, რომლითაც დაფარულია როგორც სახლები, ისე გარშემო მცენარეები.

 

20170819_131531

20170819_131539

20170820_121820

20170818_095428

20170819_130457

20170819_130605

20170819_130611

20170820_120818

20170820_121507

20170820_121709

ეთერ თურაძის ფოტოები

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი