ქედაში, სოფელ ძენწმანში, ფერმერთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ. „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ახალი ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის 276 619 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი განისაზღვრა: „სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (შემსყიდველთან შეთანხმებით) აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 11 სექტემბერს დასრულდება.

ფერმერთა მომსახურების ცენტრი სოფელ ძეწმანში / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ფერმერთა მომსახურების ცენტრი სოფელ ძენწმანში / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com