მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

21.08.2017 • 3717
ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა:

„აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

[crosslist]

  • კაკლის ხე ( Juglans regia L) – 2 ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 3 ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 452 ინდივიდი;
  • კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis L.) – 10 ინდივიდი“.

[/crosslist]

„სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ უნდა აცნობოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; მოჭრილი მერქნული რესურსი კი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები. აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარი და სხვ.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: