საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა.

„ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანმა მოისმინა, რა ეტაპზეა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის. შეთანხმება წერილობითი ფორმით ამ დროისთვის 19 დაკავებულიდან მხოლოდ ექვსზე არ არის წარმოდგენილი.

ადვოკატი მზია დიასამიძე ამბობს, რომ პროკურატურას საბოლოო შეთანხმება არ მიუღწევია არც შალვა ფევაძესთან.

„ვიდეოკადრში ჩანს, რომ შალვა უკვე დაზიანებულ მანქანაზე ადის… ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებაზე სისხლის სამართლებრივად არ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი. შალვა ფევაძესაც, სხვების მსგავსად, წელიწადნახევრიან რეალურ სასჯელს სთავაზობს პროკურატურა, რაც მიუღებელია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

უკვე მიღწეული საპროცესო შეთანხმებებიც დღეს, 21 აგვისტოს, მხარეებს მოსამართლისთვის არ წარმოუდგენიათ. ტექნიკური დეტალების დაზუსტებისთვის ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე დღე ითხოვეს.

პროკურატურა „ბათუმის აქციის“ მონაწილე ბრალდებულებს სთავაზობს პატიმრობას ერთი წლით და ექვსი თვით, ასევე პირობით მსჯავრს – სამი წლის ვადით.

ამ საქმეზე დაკავებულ სხვა პირებთანაც ანალოგიური პირობით გააფორმა საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ. გამონაკლისი ის ბრალდებული აღმოჩნდა, ვინც მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

მერაბ ღოღობერიძეს, ირაკლი ჩხვირკვიასთან ერთად, „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. 19 ბრალდებულის გარდა, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკვიას საქმეს ცალკე განიხილავს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვამდე ადვოკატებმა დასვეს შუამდგომლობა, პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებს სადავოდ აღარ ხდიან ბრალდებულები ლაშა დეკანაძის გარდა.

„უნდა დაიკითხონ მხოლოდ ის პოლიციელები, ვისაც უშუალოდ შემხებლობა აქვთ ლაშა დეკანაძესთან,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ, ლაშა დეკანაძის ინტერესების დამცველმა.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის მოსამართლე ლევან გელოვანი მოწმე პოლიციელების ჩვენებების მოსმენას განაგრძობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი