მთავარი,რეკლამა,სიახლეები

გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელს ნამდვილი სანახაობა ელის

19.08.2017 • 1553
გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელს ნამდვილი სანახაობა ელის

La Moneta & Flamenco – ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე  ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.

„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”.  ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე  ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან. ისინი სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე  ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან და 35 წუთი დაეთმობათ. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი უნიკალური  ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ – ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

„ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული. ზოგჯერ “ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს.

„მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ“ – აღნიშნავს დონაძე.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის განცხადებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გახდა  და დასაწყისისთვის ეს მისასალმებელია. მისივე თქმით, ფესტივალისთვის “Black Sea Arena”  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ სცენარზე ცენტრის რეჟისორმა მუშაობა დაწყებულია: „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე – ეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა“.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და   “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ  სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარსდგა და  ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena” სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

 

Untitled

 

 

გადაბეჭდვის წესი