მთავარი,სიახლეები

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

19.08.2017 • 9025
ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“

დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა:

„…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის მიგვაჩნია, ვინც ჩვენს ოჯახს შეეხო (ჩვენში ქართველი ერი იგულისხმება). დღეს რომ თქვენ მშვიდად დაიძინებთ საკუთარ ოჯახთან ერთან და შიში არ გექნებათ, რომ ვიღაც შაჰიდის ქამრიანი ზიანს არ მიაყენებს თქვენს ოჯახს, ეს პრობლემა გადაწყვიტა ლაშას [ჯარისკაცი ავღანეთში] იქ ყოფნამ. ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვენატრება დედა, მამა, ცოლი, შვილი, და თუ ძმა. ჩვენც გვიყვარს ცხელ ამინდში ცივი ლუდი და ზღვის პირზე ზაგრის მიღება, მაგრამ ამ ყველაფრიდან შორს ყოფნით იმიტომ ვიტანჯავთ თავს, რომ თქვენ მშვიდად იძინოთ და თითოეული ჩვენთაგანის ოჯახების მიერ შექმნილი საქართველო ტერორიზმის ქვეშ არ იყოს და როგორც ჩვენს, ის თქვენს შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს არაფერი დაემართოს.“

ამონარიდი კიდევ ერთი კომენტარიდან: „მე ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ქვეყანას ჭირდება. გგონია რაიმე თანხით ანაზღაურდება ჩემი ან ჩემი მეგობრების სიცოცხლე, რომლებიც შეიძლება დაიღუპონ? მიდით, აბა, და რომელიმე დაღუპული ჯარისკაცის დედას, ან შვილს ჰკითხეთ, თუ აუნაზღარდა დანაკარგი. ვიღაცისთვის ადვილია კომპიუტერის კლავიატურასთან ჯდომა და იმის წერა, ვინ რას აკეთებს საქართველოსთვის…“

„ბათუმელები“ ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ერთ-ერთ ჯარისკაცს ესაუბრა საზოგადოების ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და საერთაშორისო მისიის მნიშვნელობაზე. კობა ოშხერელი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტია. პირველად იგი 2004 წელს  წავიდა ერაყში მისიის შესასრულებლად.

„მაშინ არ იყო ასე აქტიური მისიები“, – გვიყვება კობა ოშხერელი. – „მე 2002 წელს შევუერთდი სამეხდრო შეიარაღებულ ძალებს. პირველად ამერიკელებმა მაშინ ჩაგვიტარეს წვრთნა ქართველ სამხედროებს. იქ ვინც მიდის მშვიდობის დასაცავად, ყველას მაღალი აქვს მოტივაცია, რომ მშვიდობას იცავს, მაგრამ იმ პერიოდში იყო სხვა მომენტიც – სხვა ცოდნის მიღების და რეალურ სიტუაციაში შემეძლო საკუთარი შესაძლბელობების გამოცდა… არასდროს დამავიწყდება, როგორ გავოცდით იქაური სამხედროების ტექნიკური აღჭურვილობით, სამხედრო შესაძლებლობებით და არა მარტო ამით. სამშობლოში დაბრუნებულს, მახსოვს, ყველაზე მეტს ამერიკული ჯარის ურთიერთობებზე ვყვებოდი. სულ სხვა დამოკიდებულება იგრძნობდა ოფიცერსა და სერჟანტს შორის, უშუალოდ ჯარისკაცებს შორის. თავიდანვე წითელ ზონაში მოვხვდი. მაშინ სამი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ. მერე კიდევ შვიდი…“

კობა ოშხერელი არ მალავს, რომ მისიის მონაწილე ჯარისკაცებსაც უკითხავთ მისთვის: „რატომ ვართ აქ?“. ამბობს, რომ პასუხი ამ კითხვაზე არაა რთული, რადგან მშვიდობა ყველაზე ფასეულია: „მითქვამს, რომ ვერ ვიქნებით მარტო. მიპასუხია ჯარისკაცისთვის, რომ რუსეთი გვიპყრობს და საქართველო, ეს ერთი ბეწო ქვეყანა, მარტო არ უნდა დარჩეს ამ დიდ ბრძოლაში. მერე შეშფოთება და აღშფოთება გვიშველისო? დაუბრუნებიათ კითხვა. ჩემი აზრით, შეშფოთებაც საქმეა, როცა მსოფლიო თანამეგობრობა გვერდით გიდგას და აგრძნობინებს შენს მტერს, რომ არა ხარ მარტო“, – ამბობს ჯარისკაცი.

მისიის მონაწილის თქმით, საერთაშორისო მისიის მონაწილე სხვა ჯარისკაცები სხვა ქვეყნებიდან მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ქართველებისგან განსხვავებით, „თუმცა, მაგალითად, ჩეხეთს ის პრობლემა არ აქვს, რაც ჩვენ. ხელფასი მაღალიც რომ იყოს, ფინანსების გამო ხომ არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე?“ – კითხულობს კობა ოშხერელი.

სამხედრო მოსამსახურის თქმით, ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიაში განსაკუთრებული სამხედრო მომზადებით და მაღალი ნდობით გამოირჩევიან. მისია ექვსთვიანია. გამგზავრებამდე შერჩეული ჯარისკაცები ხუთთვიან მომზადების კურსს საქართველოში გადიან, შემდეგ – ერთ თვეს გერმანიაში. იქვე ტარდება ტექნიკური შემოწმება და ჯარისკაცის გამოცდა. „ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, გერმანიიდან ვინმე დაწუნებულიყო  და საქართველოში დაუბრუნებინათ,“ – დასძენს ჯარისკაცი.

ფოტოზე: ქართველი ჯარისკაცები საერთასორისო სამშვიდობო მისიაში, მარცხნიდან პირველი – კობა ოშხერელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: