მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

19.08.2017 • 8545
ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“.

მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც ერთ-ერთ გადაწყვეტილების მიმღები პირიც ადასტურებს, ბათუმში მერობის კანდიდატად ლაშა კომახიძის წარდგენა საბოლოოდ შეთანხმებული საკითხია.

ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან იგი გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი და შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ კი, აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.

ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ დამთავრებული აქვს უნგრეთში ბუდაპეშტის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ლაშა კომახიძის ქონებრივი მდგომაროების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: