კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე

18.08.2017 • 3358
იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე

შეაჩერებს თუ არა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მშენებლობას სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. კომპანია „დარ ბილდინგს“ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. ორგანიზაცია „ბათომში“ კი მიიჩნევენ, რომ ბარათაშვილის 24-ში შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა ამ ქუჩის ისტორიულ განაშენიანებას დაარღვევს. „ბათომმა“ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცაბაძის  დასკვნა წარუდგინა.

დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:

ნ . ბართაშვილის ქუჩაზე N24-ში მდებარე ტერიტორიაზე 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტთან დაკავშირებით

„ნ. ბართაშვილის ქუჩაზე, N24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აგება, მდებარეობს ისტორიულ ბათუმში, ქ. ბათუმის ისტორიული

ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში. პროექტით დაგეგმილი ნაგებობა არ შეესაბამება ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სივრცით-არქიტექტურულ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მოქმედი რეჟიმები:

“თავი VIII

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები

მუხლი 37. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტუქტურა და მორფოლოგია.

2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში დაცული ძეგლების ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-­‐არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის შენარჩუნება, ქალაქის ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურა, მორფოლოგია, შენობების მასშტაბი, ხასიათი, სილუეტი, იერსახე, ლანდშაფტი და სხვა), დაცვისა და შენარჩუნების უზრუველყოფა, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სხვა სამუშაოთა რეგულირება, ქალაქის გარემოს გაჯანსაღება, დეგრადირებული ურბანული ქსოვილის ისტორიულ სახესთან მაქსიმალურად მიახლოება, ისტორიული განაშენიანების ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის რეალიზაცია.

3. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიული გარემოს დაგეგმარების, განაშენიანების, ლანდშაფტის შენარჩუნება, მათი დაკარგული ელემენტების აღდგენის შესაძლებლობა.

4. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-­‐საკომუნიკაციო ქსელს;

ბ) სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გაათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, თავდაპირველი სახით აღადგინოს მისი ისტორიული გარემო და სხვა).

5. საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს.

შენობა ორგანულად უნდა ერწყმოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებს და გარემოს, არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს“.

დამუშავებული პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუხლს:

1. პროექტით გათვალისწინებული შენობის მოცულობა ერთმნიშვნელოვნად უმასშტაბოა, მსხვილია და დაუშვებლად მაღალი. ისტორიული ბათუმისთვის დამახასიათებელია

ერთი, ორი და სამ სართულიანი ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელი სახლები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ისტორიული ურბანული ქსოვლის მასშტაბს და მასში გაბნეული საზოგადოებრივი ნაგებობები მაქსიმუმ ოთხ სართულიანი იყო. საპროექტო ნაგებობა 7 სართულიანი მრავალბინიანი “კორპუსია”. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარედ, ბარათშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების მეორე კვეთაში, უკვე მიმდინარეობს ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი მასშტაბის ჩარევა და ბალანსი ტრადიცულსა და უხეშ განვითარებას შორის დარღვეულია, დაგეგმილი ნაგებობისგანხორციელება საბოლოოდ გაანადგურებს ამ კვარტლის ისტორიულობას.

2. პროქტით გათვალისწინებული შენობის გეგმარებითი სტრუქტურა შეუსაბამოა ისტორიულად ჩამოყალიბებული ბათუმის საცხოვრებლების გეგმარებითი სტრუქტურასთან და სივრცის ორგანიზაციასთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ (საზოგადოება “ბათომის” მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის Nმ/1429 ბრძანებით გაფორმებულია სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო არეალისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდაზე 4, 8-კოეფიციენტამდე. ამან გამოიწვია არსებული განაშენიანების მოცულობის დაუშვებლად გამმსხვილება. საპროექტო ნაგებობა თითქმის 4-ჯერ უფრო დიდია ვიდრე აქ ადრე არსებული 2 სართულიანი შენობა.

შესაბამისად მივიღებთ ე.წ. “კორპუსს”, რომელსაც არ გააჩნია ეზოსა და ნაგებობას შორის ტრადიციული სივრცითი თანაფარდობა და უზომოდ აღემატება ისტორიულად ჩამოყალიბებულ დაგეგმარების სტრუქტურას, მორფოლოგიას, შენობების მასშტაბს, .

3. საქართველოს კანონი, “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას უშვებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც შესაბამისმა უწყებამ კოეფიციენტის ცვლილების დაშვება უნდა დაასაბუთოს: ქალაქგეგმარებითი აუცილებლობით, საჯარო ინტერესის (ამ შემთხვევაში ეს არის კულტურული მემკვიდრეობა) არ შელახვისა და გათვალისწინების არგუმენტებით, და საკომპენსაციო ღონისძიებების არსებობით. საზოგადოება “ბათომის” მიერ მოწოდებულ მასალებში არ ჩანს ასეთი დასაბუთება და გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო ქ. ბათუმის მანიციპალიტეტის მერმა ასეთი გადაწყვეტილება. საქმე გვაქვს ბოლო წლებში გავრცელებულ მავნე პრაქტიკასთან, როდესაც სპეციალური (ზონალური ) შეთანხმება, გამონაკლისის ნაცვლად, ყოველდღიურ პროცესად იქცა და ამ შემთხვევაში სათანადო დასაბუთებაც არ ახლავს. პრობლემა იმდენად აღიარებულია, როგორც მანკიერი პრაქტიკა, რომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილია ახალი სამშენებლო კოდექსის პროექტი, რომელიც გამორიცხავს ზონალური შეთახმების გამარტივებული წესით გაცემას.

4. დაგეგმილი „კორპუსის“ დიზაინი ეწინააღმდეგება საპროექტო არეალის გარშემო ჩამოყალიბებული განაშენიანების იერ-სახეს, ფორმებს და ტიპს. ფასადების ფენესტრაცია და რიტმი გამომდინარე მისი მრავალბინიანი „კორპუსის“ ტიპოლოგიიდან გადატვირთული და უნიფიცირებულია, რაც შეიძლება მისაღები იყოს თანამედროვე ბათუმში, დაცვის ზონის გარეთ, მაგრამ არა ისტორიულ ბათუმში. პროექტის დოკუმენტაციას თან ახლავ ხელოვნებათმცოდნის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ეხება ისტორიული განაშენიანების მასშტაბის პრობლემას და ახალმშენებლობისთვის იძლევა რეკომედაციას: დაცული იქნას მოცულობის (ადრე აქ არსებული) ორსართულიანობა და სადა არქიტექტურული ხასიათი. ნაცვალად ორი სართულისა წარმოდგენილია შვიდი სათრული და უკიდურესად აქტიური საფასადო დიზაინი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ზონალური შეთანხმების უსაფუძვლობას.

5. დაგეგმილი ნაგებობა არ ემსახურება ურბანული კონსერვაციის პრინციპების და კულტურული მემკვიდრეობის კანონის (თავი VIII) მიზანს: გაანთავისუფლოს საპროექტო არეალი დისონასის შემტანი ელემენტებისგან, არამედ თვითონ შეაქვს დისონანსი ბათუმის ისტორიულ განაშენიანებაში. მისი აშენება საბოლოოდ დაუკარგავს ამ უბანს შანს მომავალში განხორციელდეს დაზიანებული ისტორიული გარემოს გაჯანსაღებისა და მდგრადი განვითარების კომპლექსური ურბანული კონსერვაციის ღონისძიებები.

ბათუმში, ნ. ბართაშვილის ქუჩაზე N24-ში მდებარე ტერიტორიაზე 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი ასევე ეწინააღმდეგება ადგილობრივად და საერთაშორისოდ

აღიარებულ დოქტრინებში გაცხადებულ ისტორიულ განაშენიანებაში ახალმშენებლობების, ე.წ.  Infill design – “შევსების დიზაინის” ყველა პრინციპს. (იხ. დან.: 1; 2;) სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ საპროექტო არეალი ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, რაც ზრდის საპროექტო ობიექტის ურბანულ მნიშვნელობას. კუთხის ნაგებობა, როგორც წესი განსაზღვრავს მთელი კვარტლის მასშტაბსა და ხასიათს. ამ პროექტის გახორციელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისტორიული კვარტლის იდენტობას, მის ადამიანურ, დაბალსართულიან მასშტაბს, ქუჩათა ფასადების რიტმის უწყვეტობას, რაც სავალალო გავლენას იქონიებს მთლიანად ისტორიული ბათუმის ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ და ისტორიულ მახასიათებლებსა და ფასეულობებზე.

ნატო ცინცაბაძე,  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივანი

საექსპერტო დასკვნა განხილულია “იკომოს” საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და დასახლებების სექციაზე. 13.07.2017.

თბილისი. 14.07.2017

# E13-07/2017“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: