მთავარი,სიახლეები

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

18.08.2017 • 1860
მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა.

მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად “ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია გამოცხადდა. მერაბ ღოღობერიძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

“თუ სურს, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიების საკითხი, უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და წარმოადგინოს დასაბუთება,” – თქვა მოსამართლემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ტრანსპორტირება მის ჯანმრთელობას პრობლემას არ შეუქმნიდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის თქმით, მერაბ ღოღობერიძე ვეღარ შეძლებს პროცესის გაჭიანურებას. მან პროკურორს მიმართა, რომ მოწმეების მობილიზება მოახდინოს, რადგან 12 სექტემბრიდან თითქმის ყველა დღე გაიმართება პროცესები.

დღევანდელ სხდომაზე არც ბრალდებულების ადვოკატები გამოცხადდნენ. მოსამართლემ თქვა, რომ მათ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები ჩაანაცვლებენ, თუკი მორიგ სხდომაზეც არ მოვლენ.

პირველი აგვისტოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მერაბ ღოღობერიძეს სამოქალაქო  სექტორის კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ბრალდებულმა ოპერაციის ჩატარება საკუთარი ხარჯებით კლინიკა “მედინაში” ისურვა.

“განცდა მაქვს, რომ თქვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იქნება,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ. მისი თქმით, პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ ამ ეტაპზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: