მთავარი,სიახლეები

პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე

15.08.2017 • 2009
პატიმარი: დამსაჯეს, რადგან სახალხო დამცველს მივწერე

„ბავშვობიდან ვიცი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭკუა, თუნდაც მცირედი, ოღონდ საკუთარი, ესეთი პოლიტიკა არ გამიგია – არც საჩივარი დაწერო და არც გიმკურნალებთ, მაგრამ ერთ საკანში დაგტოვებთო. თუ არ დათანხმდები, დაშლიან საკანს, მარტო ერთ პატიმარს განათავსებენ საკანში, გამწარების ათასნაირი მეთოდი აქვთ…“ – გვწერს პატიმარი დავით ხ. ბათუმის ციხიდან. მსჯავრდებულის თქმით, ის საკანში მარტო მას შემდეგ დატოვეს, როცა სახალხო დამცველის აპარატს თავისი პრობლემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„214 საკნიდან დამიძახეს საადვოკატურო ოთახში, სადაც დამხვდნენ დირექტორის მეორე მოადგილე გოგა, სარეჟიმო განყოფილების უფროსი კახა და ულტიმატუმის ენით და მუქარით, თუ დავთანხმდებოდი თეიმურაზ ქორიძესთან დოკუმენტაციის გაგზავნას, მომათავსებდნენ ცალკე საკანში მარტო და თუ არ გავგზავნიდი და უარს ვიტყოდი, 214-ე საკანში დამტოვებდნენ. მე ვუთხარი, გაეგზავნათ და წამოვედი. დაახლოებით ნახევარ საათში 214-ე საკნიდან გადამიყვანეს 220-ე საკანში მარტო…“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას პატიმრის საკანში მარტო დატოვების შესახებ: „აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პენიტენციურ სისტემაში ყველა მსჯავრდებული, მათ შორის დ.ხ. სარგებლობს შეუზღუდავი შესაძლებლობით მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს,“ – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ პატიმრისგან მიმართვა მიიღეს და საკითხს სწავლობენ.

პატიმრის თქმით, ჯანმრთელობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაუზიანდა და ციხეში შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. დავით ხ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ აწუხებს თავის ტკივილი, დაბალი წნევა, ხოლო სამედიცინო პერსონალმა ვერ დაადგინა, რის გამო აქვს ტკივილი. პატიმარი ტომოგრაფიის გადაღებას ითხოვს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ დავით ხ. სრული სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი:

„მსჯავრდებული დ.ხ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 2013 წლიდან იმყოფება, სრული სამედიცინო სერვისით არის უზრუნველყოფილი. სასჯელის მოხდის პერიოდში, საჭიროებისა და ჩივილებიდან გამომდინარე, ის მრავალჯერ არის კონსულტირებული სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის, მათ შორის ნევროლოგის, რევმატოლოგის, ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის მიერ, ასევე, ჩატარებული აქვს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტური გამოკვლევები, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დ.ხ.-ს კონსულტაციის, რენტგენოგრაფიისა და ექოსკოპიური გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სპეციალისტის რეკომენდაციის შესაბამისად, დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც ამჟამადაც უგრძელდება. ამ ეტაპზე, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში დავით ხ.-თან ერთად, მსჯავრდებული კახა მ. იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართავენ და ადვოკატის გამოყოფას ითხოვენ. პატიმრები ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებენ.

„მივიღეთ წერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მსჯავრდებულები ვერ აკმაყოფილებენ კატეგორიას, ვისაც შესაძლოა უფასოდ დაუნიშნოს სახელმწიფომ ადვოკატი. მათ მხოლოდ სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიეთ,“ – გვითხრა იამზე ზანდარაძემ. ის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელია. მისი განმარტებით, პატიმრებს უფასო იურიდიული დახმარებით იმ შემთხვევაში შეუძლიათ სარგებლობა, თუკი პატიმარი სოციალურად დაუცველია, ან საქმე მემკვიდრეობით და საოჯახო დავას უკავშირდება.

კახა მ-მ. და დავით ხ-მ. მათი პრობლემებით დაინტერესება 8 აგვისტოს სთხოვეს ცოტნე ანანიძესაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პატიმრების წერილის მიღების შემდეგ კონკრეტულად არაფერი გაურკვევია. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ პატიმრებს კვირის ბოლოს მოინახულებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: