მთავარი,სიახლეები

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე

03.02.2015 • 1761
დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე
  • ბატონო ბეგლარ, როგორ მოიპოვეთ მეჯლისის ნდობა, ყველა წევრმა დაგიჭირათ მხარი, თუ მოწინააღმდეგეებიც იყვნენ?

ჩემი ჩათვლით, სულ 16 ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და აქედან 15-მა მე დამიჭირა მხარი. მე არავის არაფერს არ ვთავაზობ. დაახლოებით 24 წელია წინამძღვარი ვარ. 11 წელი ხელვაჩაურის მუფთი ვიყავი, აქედან გამომდინარე ავტორიტეტი მქონდა ხალხში, ჩემს საბჭოშიც. ვემსახურები ღმერთს და არ გავაკეთებ იმას, რაც არ ეკადრება მორწმუნე ადამიანს. ეს არის ჩემი ავტორიტეტი.

  • მუფთის პოზიციაზე თქვენი პასუხისმგებლობა გაიზარდა. ალბათ კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რაც მუსლიმ თემს შეექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას, გაქვთ წინა მუფთისგან განსხვავებული ხედვა?

ჩვენ ყველა საქმეზე ვმუშაობთ, ყველა პრობლემა გადაწყდება და რა თქმა უნდა, განსხვავებულსაც გავაკეთებთ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვზივართ და ვმუშაობთ.

  • შეგიძლიათ რაიმე კონკრეტული საკითხი დაგვისახელოთ?

ამას შემდეგში გაიგებთ. ეს გამომჟღავნდება ყველგან და ყველა გაიგებს. წინასწარ საუბარი არ არის საჭირო.

ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა აჭარის რეგიონში იყო მედრესეს გახსნის საკითხი ქობულეთში და ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. ბოლო პერიოდში საუბარი დაიწყო სამუფთო რეზიდენციის მშენებლობაზეც. ამ საკითხებიდან ყველაზე პრიორიტეტული რომელი იქნება თქვენთვის?

ამ ყველა საკითხზე ვმუშაობთ და უცებ ყველაფერი არ კეთდება. ვთათბირობთ ხელისუფლებასთან, საბჭოსთან და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, რელიგიას და ა.შ

  • წინა მუფთს მუსლიმები საყვედურობდნენ იმის გამო, რომ ის გარკვეულ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლებასთან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყოფილმა მუფთმა მოითხოვა ახალი სამუფთო რეზიდენციის მშენებლობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ. ამ საკითხზე რა პოზიცია გაქვთ თქვენ?

წინა მუფთის ამბავში არ ჩავერევი, მაგრამ სამუფთო რეზიდენციის მშენებლობის საკითხი ძალაში რჩება. ვნახავთ, მუსლიმები რომელ საკითხებს მიანიჭებენ უპირატესობას. ვფიქრობ, ამ პრობლემებს მომავალში წერტილი დაესმება და აღარ იქნება ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შუღლი. ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.

  • ბატონო ბეგლარ, დოკუმენტზე, რომლითაც ყოფილი მუფთი დათანხმდა ხელისუფლებას ახალ მეჩეთზე უარის თქმის სანაცვლოდ სამუფთო რეზიდენციისა და მედრესეს მშენებლობას, თქვენც გაქვთ ხელი მოწერილი. ახლა რას აპირებთ, შეიცვლება ეს მოთხოვნები თუ ძალაში დარჩება რეზიდენციის მშენებლობის საკითხი?

ჩვენ ყველაფერს დავეთანხმებით, როგორც სახელწიფო გადაწყვეტს. თუ სჭირდება მუსლიმ თემს მეჩეთი, უნდა აიგოს მეჩეთი, თუ სჭირდება რეზიდენცია და ვფიქრობ, რომ გვჭირდება, უნდა გაკეთდეს რეზიდენცია. სტუმარს ვერ ვიღებთ წესიერად. ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერზე გექნებათ ინფორმაცია, როცა მოვა ამის დრო.

  •  თქვენი აზრით, “ყველაფერი იქნება მომავალში”, მაინც რა დროს მოიცავს?

კითხვის ნიშნები რომ არსებობდა, ჩვენც იმიტომ მოვედით, ეს კითხვის ნიშნები აღარ იყოს და ყველაფერი მოვაგვაროთ. ეს არის ღვთის ნება, თუ ის იტყვის, გაკეთდება.

  • მუსლიმების უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ საქართველოს სამუფთოს დამაარსებლები იყვნენ სახელმწიფო მოხელეები, არამუსლიმები, რომლებიც დღემდე არიან მეჯლისის წევრები. მათაც მიიღეს თქვენს არჩევაში მონაწილეობა?

აღარ არიან ეგ ადამიანები. ერთი იყო ფაქტობრივად, ბეგიაშვილი და ჩვენ ჩავანაცვლეთ რეზო მიქელაძეთი, რომელმაც ქართულად თარგმნა ყურანი და არის განათლებული ადამიანი. ყველაფერი მოგვარებულია, არც სამმართველოსთან გვაქვს პრობლემები და არც სახელმწიფოსთან. ჩვენ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.

  • არიან მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

მე ვარ რელიგიური პირი, ღმერთის მორჩილი ადამიანი და ამის გარკვევა ჩემი საქმე არ არის. ვეცდები ის კონფლიქტები, რაც აქამდე იყო მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის, მოგვარდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: