მთავარი,სიახლეები

44 799 ლარი – კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის ყოველთვიური ხელფასი

15.08.2017 • 20306
44 799 ლარი – კახა ბექაურისა და ეკა ბერიძის ყოველთვიური ხელფასი

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის [GNCC] თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, გასული 2016 წლის იანვრიდან  დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, 233 988 ლარი მიუღია, რაც თვეში 19 499 ლარია. ამის შესახებ კახა ბექაური თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს.

კახა ბექაურმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 5 მაისს შეავსო. დეკლარაციის შევსებამდე სამი დღით ადრე, ანუ 2017 წლის 2 მაისს კახა ბექაური ამავე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც თავმჯდომარის შემოსავალი წელს კიდევ უფრო გაიზარდა.

კახა ბექაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე, შარშან გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონია მის მეუღლეს, ეკა ბერიძეს. ყოფილი ჟურნალისტი, ეკა ბერიძე  წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ [GWP] პიარს ხელმძღვანელობს. მანამდე ის ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. ეკა ბერიძეს 2016 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 303 575 ლარი აქვს მიღებული, რაც თვეში 25 300 ლარია.

კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი 2014 წლიდან არის. 2012 წელს კი საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანიას „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, კომისიის თავმჯდომარეს კი – სამი წლის ვადით თავად კომისია ირჩევს. კომისიის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.

რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – ამ კომპანიის კრედიტორები სახელმწიფო სტრუქტურები არიან, კომპანიის მესაკუთრე კი არის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზი“.

 

 

გადაბეჭდვის წესი