მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

14.08.2017 • 2916
ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს.

ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა.

აღნიშნულ პროექტში ინვესტორმა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.


ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ერთ-ერთი იყო იმ 21 ობიექტიდან, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ „სილქ როუდ ჯგუფს“ მიჰყიდა. „ქობულეთი“ და სხვა ქონება იმავე წელს ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“ იპოთეკით დაიტვირთა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა და „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა.

ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული, მათ შორის ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“.

„სილქ როუდ ჯგუფში“ კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დარჩენილი აქვთ 10 ობიექტი, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, აქვთ ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც.

„დაბრუნებული ქონების“ ჩამონათვალში იყო ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაურიც“, რომლებიც კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „სტატოტელის“ თხოვნაზე სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია: „ჯერჯერობით მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: