ქობულეთში პოლიციამ ოთხი დამსვენებელი დააკავა  

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით ოთხი ახალგაზრდა პირის საქმეს განიხილავს. 166-ე მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც 100-ლარიან ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაკავებული პირებიდან სამი თბილისის მცხოვრებია, ერთი კი – გორის. ისინი ქობულეთში ისვენებდნენ.

აღნიშნული პირები პოლიციამ 12 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქობულეთში, კლუბ „ატლანატას“ და კლუბ „სტრეპტოციტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულები ამბობენ, რომ გუშინ ეროვნული გამოცდების შედეგები გაიგეს და გამოცდის ჩაბარებას აღნიშნავდნენ.

„მეგობართან ერთად ვიყავი, ცოტა დავლიეთ, რადგან აბიტურიენტები ვართ და გამოცდების ჩაბარებას აღვნიშნავდით. კლუბში სიცხე იყო და მაისური გავიხადე, დაცვის პოლიციამ მითხრა, რომ შიშველი ყოფნა არ შეიძლება და ჩაიცვიო. ჩემს მეგობარსაც ჰქონდა გახდილი მაისური. ჩემმა მეგობარმა ნ.ჯ-მ მაისური უკუღმა ჩაიცვა და ამის გამო ისევ გაიხადა. ამ დროს მოვიდა დაცვა და უხეშად მოგვცა შენიშვნა“, – განაცხადა 1989 წელს დაბადებულმა ნ.ღ-მ სასამართლო სხდომაზე.

დაკავებულები აღიარებენ, რომ კლუბის კარებთან ისინი დაცვას ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ადასტურებენ.

„მე, პირადად, არ შემიგინია“, – ამბობდა ნ.ღ. ერთი-ორჯერ შეგინებას კი ნ.ჯ. ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არ ყოფილა კონკრეტული პირისკენ მიმართული.

„ამ კამათის დროს მოვიდა პოლიცია და ჩამსვა მანქანაში, შემდეგ ჩემი მეგობარიც მომისვეს გვერდით“, – ამბობს ნ.ჯ.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს კიდევ ერთი ბრალდებული ზ.ნ, რომელიც პოლიციამ ასევე 12 აგვისტოს დააკავა.

„კლუბში არ ვყოფილვარ და, შესაბამისად, არც ის ვიცი, ამ ბიჭების შემთხვევაში რა მოხდა. გარეთ ვიყავი მეგობრებთან ერთად, ნასვამი ვიყავი, ბორდიურს ფეხი წამოვკარი და დავეცი. არ ვიცი, საიდან მოვიდა პოლიცია. წამოდგომაში დამეხმარა და როცა ავდექი, ბორკილები დამადო. არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა“, – უთხრა მან მოსამართლეს.

„მე ამ ბიჭებს არ ვიცნობ, მათთან არ ვყოფილვარ და არც ის ვიცი, რა მოხდა მათი დაკავების დროს. კლუბში ვიყავი მარტო, ლუდის კათხა მეჭირა ხელში და ვიღაც დამეჯახა. მას ლუდი გადაექცა და ამის გამო დამიწყეს გარჩევები. მე მარტო ვიყავი, ისინი – ბევრი. ხმამაღლა იმიტომ ვლაპარაკობდით, რომ ირგვლივ ყველგან კლუბებია და მუსიკაც ხმამაღლაა ჩართული. თუმცა ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე უმისამართოდ შევიგინე.

პოლიციისთვის წინააღმდეგობას რაც შეეხება, უბრალოდ, უხეშად ვუთხარი არ წამოვალ-მეთქი, სხვა არაფერი ყოფილა“, – ეს განუმარტა კიდევ ერთმა დაკავებულმა ბ.კ-მ მოსამართლეს.

მოსამართლის განცხადებით, დაკავებულ პირებს ალკოჰოლზე ტესტირების დროს სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა დაუდგინდათ.

როგორც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მასალებიდან გაირკვა, დაკავების ოქმი ავთანდილ თურმანიძემ და თემურ დიასამიძემ შეადგინეს, თუმცა ეს პოლიციელები სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა და ოქმის შემდგენელი პირების სასამართლოზე გამოცხადება მოითხოვა.

„ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას არ აღიარებენ. თქვენ მხოლოდ ბრალდების მხარის წარმომადგენლები ხართ, არ ყოფილხართ თვითმხილველები და არც ოქმი შეგიდგენიათ, აქედან გამომდინარე თქვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ვერ იმსჯელებს“, – განაცხადა მოსამართლემ სალიხ შაინიძემ.

სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com