მთავარი,სიახლეები

ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ძარცვის მუხლითაც წაუყენეს

12.08.2017 • 3518
ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ძარცვის მუხლითაც წაუყენეს

40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული, სამართალდამცავები ძარცვაშიც ადანაშაულებენ. ბრალდებული ადრეც ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით უკვე წაუყენეს.

საუბარია 2017 წლის 31 ივლისს მომხდარ ფაქტზე, როცა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან თანხა გაიტაცეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მარკეტში საღეჭი რეზინა იყიდა, ხურდის დაბრუნების დროს კი, მოლარის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მოახერხა სალაროდან 55 ლარის აღება და გაქცევა. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

ამ ფაქტიდან მეოთხე დღეს, 2017 წლის 4 აგვისტოს, ბრალდებულმა ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ქალი ყელის არეში დანით დაჭრა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულს სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. ის ამ კუთხით ადრე პერიოდულად მკურნალობდა კიდეც.

„ელოდებიან მოსამართლის განჩინებას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასანიშნად“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: