მთავარი,სიახლეები

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობაზე 66,5-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

11.08.2017 • 3309
ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობაზე 66,5-მილიონიანი ტენდერი არ შედგა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ შედგა. შპს „სტადიონმა“ 66,5-მილიონიანი ტენდერი 2017 წლის 18 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი დღეს, 11 აგვისტოს, გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 აგვისტოს დაიწყება და 23 აგვისტოს დასრულდება.

პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“ იყო.

„ამ ვადებში შესაძლებელია კომპლექსის მშენებლობა, რადგან მშენებლებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ. ხარისხის გარანტიები ჩადებულია სატენდერო პირობებში,“ -განაცხადა შპს „სტადიონის“ დირექტორმა, სულხან ხალვაშმა „ბათუმელებთან“ 17 ივლისს.

ხელახლა გამოცხადებული ტენდერის პირობებით კი 11-თვიანი პერიოდი 16 თვემდეა გაზრდილი.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები ფიროსმანის ქუჩაზე [არდაგანის ტბასთან] ხელისუფლებამ „ორბი ჯგუფს“ მიჰყიდა. აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. აქ შესაბამისი ტენდერი 18 აგვისტოს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: