მთავარი,სიახლეები

ვაშლები შერჩევით – ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

11.08.2017 • 3423
ვაშლები შერჩევით – ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

საქართველოს განათლების მინისტრმა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ბავშვებს კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებენ. „ჩემი ოცნებაა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგეს,“-ამის შესახებ ჯეჯელავამ განცხადება ჯერ კიდევ 3 მაისს გააკეთა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის განცხადების ირგვლივ ჟურნალისტებს შეკითხვები არ დაუსვამთ, „შესაბამისად, არც მინისტრს გაუკეთებია განმარტება, თუ ვინ იყიდის დასარიგებელ ვაშლებს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ვაშლები მხოლოდ იმ სკოლებში დარიგდება, სადაც ათასი ბავშვი სწავლობს. „ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები“, – განაცხადა მინისტრმა.

პრესსამსახურის თქმით, შეხვედრაზე არ განუმარტავთ, ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან შეისყიდიან ვაშლს, რადგან  2017 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია და მსგავსი შესყიდვა იქ არ ფიგურირებს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მხოლოდ ათასბავშვიანი სკოლები და 700 ან 800-ბავშვიანი, რატომ მხოლოდ თბილისის სკოლებში და არა, ვთქვათ, სხვა ქალაქების სკოლები? – პრესსამსახურში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ. თუმცა, მოგვიანებით გვიპასუხეს, რომ პროექტი საპილოტეა და ვაშლს ამიტომ შეისყიდიან მხოლოდ ცალკეული სკოლებისთვის.

განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მინისტრმა ალბათ იხუმრა. „არ შემიძლია ამაზე სერიოზული შეფასება გავაკეთო, რადგან მინისტრმა ალბათ იხუმრა. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს და არა ასეთი ინიციატივების. ვაშლი კარგია, მაგრამ სამინისტროს იმდენი პრობლემა აქვს და იმდენ საქმეშია ფული დასახარჯი, ვაშლი ამ პრიორიტეტებში მერამდენე ადგილზეა,  არ ვიცი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: