Untitled-1

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს იწვევენ და 760 ლარ ხელფასს სთავაზობენ

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35-წლამდე ასაკის მოქალაქეების მიღება 2017 წლის 5 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში, როგორც სამინისტროში აცხადებენ, „მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ“.

მაღალ ანაზღაურებად კი სამინისტროში 760 ლარი მიაჩნიათ: „რიგითი სამხედროსათვის მინიმალური ხელზე ასაღები თანხა 760 ლარიდან იწყება. სახელფასო ანაზღაურება იზრდება სამხედრო წოდების მატებისა და სამსახურის ვადის ზრდის შესაბამისად“.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „მაღალი ანაზღაურების გარდა, სამხედრო მოსამსახურეს კარიერული განვითარების შესაძლებლობაც აქვს. მას შეუძლია პროფესიული მომზადების დონე ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, უცხო ენა აითვისოს და მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში მიიღოს“.

სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა სურთ, ძირითადად, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) ფარგლებში ჩართულ ბატალიონებში იმსახურებენ. გადაწყვეტილია, რომ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში ახლადმიღებულ სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს კვალიფიციური ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ერთობლივად გაწვრთნიან“.

თავდაცვის უწყება ვალდებულებას იღებს სამხედრო მოსამსახურე თანამედროვე აღჭურვილობით, საყოფაცხოვრებო პირობებითა და კვებით უზრუნველყოს; ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება, ასევე სოციალური და სამართლებრივი დაცვა შესთავაზოს. სამინისტროში განიხილება სამხედრო ნაწილების რეგიონული პრინციპით დაკომპლექტების საკითხიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com