sk

შინდისის გმირების სახელობის სკვერში 17 ნერგს დარგავენ

11 აგვისტოს, დილის 11 საათზე, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში [საპატრულო პოლიციასთან] შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერში შეკრებილები „შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. ამასთან, შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დაირგვება. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად, 11 აგვისტოს განხორციელდება“.

„ღონისძიებას დაესწრებიან რეგიონის მთავრობისა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე შინდისთან დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები, რომლებიც 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

შინდისის გმირების სახელობის სკვერის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სკვერი გასული წლის აპრილში გაიხსნა, თუმცა მეორე დღესვე სკვერში ვანდალიზმის ფაქტიც დაფიქსირდა. განსხვავებული კონცეფციით მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება… ჩვიდმეტივე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დედები თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com