სიახლეები

გურული დღიურების პრეზენტაცია ბათუმში

04.12.2014 • 2040
გურული დღიურების პრეზენტაცია ბათუმში

გურული დღიურების პრეზენტაცია ბათუმში

„მოგეხსენებათ, კაცობრიობის ისტორია არის მოგზაურობის ისტორია. არის ორი ძირითადი ამბავი მოგზაურობისა, რომელიც ადამიანებს გადახდენია თავს. პირველი მოგზაურობა გულისხმობს წასვლას და უკან დაბრუნების სურვილს, მეორე მოგზაურობა გულისხობს, წასვლას და ერთგვარად არ დაბრუნებას.

პირველი მოგზაურობის თემა იწყება ბიბლიიდან, როდესაც ადამიანი გამოაძევეს სამოთხიდან. მაგრამ ადამიანის გამოძევება ნიშნავდა იმას, რომ მას დარჩა დაბრუნების სურვილი.

ეს ხაზი გრძელდება მთელს მსოფლიო ლიტერატურაში და მანამდე ანტიკურ ლიტერატურაში. ოდისევსის მოგზაურობა გულისხმობს სწორედ ამგვარ სვლას. წასვლას და უკან აუცილებლად დაბრუნებას. და ეს არის პირველი დღიურები, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა.  გზაზე ძალიან ბევრი ტექსტი დაიწერა, დონ კიხოტი, მაგალითად, ასევე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიდის და აუცილებლად უბრუნდება თავის საწყისს.

ჩემი წიგნი – გურული დღიურები არის მცდელობა ერთგვარი სინთეზისა, რომ  გავიდე საკუთარი თავიდან და შორიდან დავაკვირდე ჩემს თავს და ვიმოგზაურო შემდეგ ჩემს თავში. ეს, ბუნებრივია, არის რთული პროცესი. ეს, ბუნებრივია, არის პროცესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში გარანტირებულად არ გულისხმობს გამარჯვებას.

ტექსტი შეიქმნა სიყვარულით, და ეს სიყვარული გულისხმობდა იმ მხარის სიყვარულს, სადაც მე, როგორც ადამიანი ჩამოვყალიბდი.

სიყვარული ცოტა რთული ცნებაა და მაინცდამაინც არ გულისხმობს უპირობო პოზიტიურ მოცემულობას. ეს გულისმხობს მათ შორის ტკივილსაც და მათ შორის ძალიან რთულ და მწარე გამოცდილებებსაც, რომელიც, ბუნებრივია, ბათუმმაც გაიარა. ეს წიგნი არის 90-იანი წლების საქართველოზე და 90-იანი წლების გურიაზე, მაგრამ, ბუნებრივია, ზოგადდება როგორც ფაქტი, ამ შემთხვევაში. ის, რომ  გარეკანზე არის შევარდნაძე დატანილი, სწორედ ამის ერთგვარი სიმბოლური ნიშანია, რაც გულისხმობს იმას, რომ წიგნში მიმდინარე მოვლენები, გულისხმობს 90-იან წლებში მომხდარ ამბებს. ამბებს, რომელსაც მე, პირადად, ვაკვირდებოდი ბავშვობიდან. ჩემი დაკვირვებები იყო ცოტა უფრო სხვა, ვიდრე ამას უფროსი ასაკის ადამიანები აწარმოებდნენ.

ბავშვობა არის ინფანტილური პერიოდი, ტყვიები, რომელსაც მაშინ ისროდნენ ჩემს ქალაქში, ის ტყვიები კი არ იყო, რომელიც ვიღაცას ხვდებოდა, ან ვიღაცის სახლს, არამედ ის ტყვიები, რომლის ცარიელ ვაზნებსაც ბავშვები ვაგროვებდით და ვთამაშობდით. ჩვენი აღქმა და აღქმის რაკურსი იყო განხვავებული. თუმცა წლების შემდეგ ადამიანში ილექება ეს ყველაფერი, რაღაც თვალსაზრისით დრამატული ხდება. სწორედ ეს დრამატიზმი იყო ერთ-ერთი პირველი იმპულსი იმისა, რომ მე დამეწერა წიგნი, რომელიც იქნებოდა ჩემს ბავშვობაზე, ანუ 90-იანი წლების გურიაზე,“ – თქვა გიორგი კეკელიძემ „გურული დდღიურების“ პრეზენტაციისას.

„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა და 6 ლარი ღირს. მისი შეძენა მსურველს  წიგნის მაღაზიებში შეუძლია.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი