მთავარი,სიახლეები

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ აჭარის მთავრობა ჯარიმებისგან ათავისუფლებს

09.08.2017 • 3720
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ აჭარის მთავრობა ჯარიმებისგან ათავისუფლებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა თანხმობა სს „მეტრო ატლას ჯორჯია“ გაათავისუფლოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით.

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ისაუბრებს.

რამაზ ბოლქვაძე შპს „ბედეგი ბილდინგის“ მიმართაც წარადგენს ინფორმაციას. საქმე ეხება „ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შეცვლას, რაც ითვალისწინებს ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 1128 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისას, არასაცხოვრებელ ფართობებში მომსახურებისა და კვების ობიექტების განთავსებას, რის შემდეგაც ობიექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს კი სამომავლოდ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. შპს „ბედეგი ბილდინგი“ ითხოვს, საზოგადოებრივი ან/და მომსახურების ობიექტის მოწყობის და ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომა იმართება, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძრვანელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებიან. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ზემოაღნიშნულის გარდა მთავრობა აჭარის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი: „ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი 12 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი- 5 პროექტი (1 255 631 ლარი) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი- 5 პროექტი (1 974 973 ლარი) ქობულეთის მუნიციპალიტეტი- 1 პროექტი (163 693 ლარი) ქედის მუნიციპალიტეტი- 1 პროექტი (170 986 ლარი)“.

მთავრობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზეც იმსჯელებს. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს: სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები 10 489 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: