ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

09.08.2017 • 3547
ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს.

ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი ვალდებული იქნება, ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

ზედამხედველის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 26 მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს გამოაცხადა. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2017 წლის 14 აგვისტოს მთავრდება.

ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე, ერგედან მდინარე ჭოროხის გასწვრივ-მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ-სოფელი აჭარისწყალი-მაღლაკონი.

მაღლაკონიდან გაზსადენი გადავა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ დოლოგანთან. აქედან გაზსადენი მიყვება მდინარე აჭარისწყლის ხეობას [ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს]: ქვედა მახუნცეთი-პირველი მაისი-ცხემნა-დაბა ქედა-ცხმორისი-კოკოტაური-დანდალო.

დანდალოდან გაზსადენი გადავა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: