მთავარი,სიახლეები

ცხოვრება ქალთა კოლონიაში და გარეთ

08.08.2017 • 4527
ცხოვრება ქალთა კოლონიაში და გარეთ

„ნუ შეცვლით ჩემს სახელს, დასამალი რა მაქვს“, – ასე იწყებს მირანდა მაზმანოვა საუბარს. „მინდა, ადამიანმა აღიქვას ყველა ის სირთულე, რაც პატიმრობას და პატიმრობის შემდეგ პერიოდს  მოაქვს“, – მიხსნის ქალი და პირველ შეკითხვას ელოდება.

მირანდა მაზმანოვას მოსაყოლი ბევრი აქვს, ინტერვიუ ორ საათამდე გრძელდება, ამბებიც არ ენანება, ინტერვიუს შუა ნაწილში კითხვებსაც აღარ ვსვამ, მირანდა აგრძელებს მოყოლას, თვითონ უკეთ იცის, რა უნდა მოყვეს, როგორ უნდა მოყვეს, რისი თქმა არის საჭირო, რისი თქმა არ არის საჭირო. ეცვლება განწყობები, ხან გულით იცინის, ხან თვალები უწყლიანდება, ხან გაბრაზდება, ხან სევდიანდება. დაუნანებლად მიყვება იმ წლებზე, როცა ქალთა ციხეში იჯდა, მიყვება იქაურ ამბებზე, აღწერს პატიმარი ქალების ყოველდღიურობას, აცოცხლებს ყველა მისი მეგობარი პატიმარი ქალის ხასიათს, ხელების მოძრაობით, მიმიკებით, სხვა ადამიანების იმიტირებით ცდილობს დამანახოს ის, რაც მე აქამდე არ მინახავს.

მირანდამ ციხეში ოთხი წელი  გაატარა – სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გაასამართლეს. სამი წლის წინ გაათავისუფლეს ამნისტიით. დღეს ის სოციალურად დაუცველია, სამ შვილთან და დედასთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. მუშაობს მეგობრის კაფეში – ბევრი საფიქრალი აღარ აქვს, ბინის ქირის გადახდა აღარ უწევს, არც ერთი სახლიდან მეორეში მუდმივი გადაბარგება, არც ქუჩაში ათენებს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, აქამდე მოსვლა ძალიან გაუჭირდა, სამი წელი იბრძოდა, დადიოდა სხვადასხვა ინსტანციაში, ვინმე რომ დახმარებოდა, ხელი შეეწყოთ ციხიდან გამოსული ქალისთვის.

„სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, მთელი სკანდალებით, მთელი უბედურებებით, ტელევიზიებით მივასკდი ყველა სამთავრობო ინსტანციას, პირდაპირ ვეუბნებოდი, მიჩალიჩებთ, რომ უკან, ციხეში დამაბრუნოთ? რვაჯერ დავწერე განცხადება სოციალურად დაუცველის სტატუსზე, არაფერი არ მქონდა, ნაქირავებში ვცხოვრობდით „პადვალში“, უბედური ტელევიზორი გვქონდა, ძველი საწოლები, საშინელი კარადები და არ მაძლევდნენ სოციალურ სტატუსს. ბოლოს და ბოლოს, მეცხრე განცხადება დაამტკიცეს და მომენიჭა სტატუსი, ძლივს შემასახლეს თავშესაფარში. იქ რაც შევსახლდი, ამოვისუნთქე“.

არც დასაქმების მხრივ იყო უკეთესი მდგომარეობა ქალისთვის, ყველა ოფიციალური დაწესებულება ავსებინებდა ანკეტას, როგორც კი დაინახავდნენ, რომ ნასამართლევი იყო, მაშინვე უარს ამბობდნენ დასაქმებაზე. ბოლოს გამოჩნდა სამსახური, მუშაობდა საოჯახო სასტუმროში, სადაც მთელ დღეს ატარებდა, მისი ძირითადი მოვალეობა სტუმრებისთვის სუფრის გაშლა და ჭურჭლის გარეცხვა იყო. უხდიდნენ დღეში ათ ლარს, მაგრამ ამ მცირე ანაზღაურებაზეც კი თანახმა იყო.

კითხვაზე, უნდა ენდოს თუ არა დამსაქმებელი ყოფილ პატიმარს სამსახურში, მპასუხობს, რომ ერთი შანსი ყველას სჭირდება. თავადაც, თუ ახალი თანამშრომელი სჭირდებათ კაფეში, პირველ რიგში, ნაცნობ თუ მეგობარ პატიმრებს ურეკავს.

ციხეში გატარებულ წლებზე ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი სასჯელი ოჯახისგან შორს ყოფნა იყო, სხვა მხრივ, ქალთა კოლონიებში ცხოვრება მისთვის არ აღმოჩნდა რთული. „ყველაზე რთული არის ბავშვებთან დაშორება, რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ქალთა ციხე არის სასჯელი, მე კიდე ყოველთვის ვამბობდი – ციხე არ არის სასჯელი, სასჯელი არის ის, რომ არ იცი, როგორ არიან შენი შვილები, რას ჭამენ, რას სვამენ, რას აკეთებენ. სასჯელს არ ვიხდიდი მე, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი შვილები“.

ციხეში ყოველი დღე მირანდასთვის იწყებოდა ნერვიულობით, როდის გაიხსნებოდა კარი და როდის შეძლებდა ოჯახთან დარეკვას. როგორც კი გაიგონებდა დედის ხმას, შვილების ხმას, დარწმუნდებოდა, რომ არაფერი უჭირთ, მერე მთელი დღე მშვიდად იყო. ციხეში ყოფნის დროს სტილისტად მუშაობდა, ფულის გამომუშავებასაც ახერხებდა და ოჯახს უგზავნიდა.

საკანში ექვსი საწოლი იყო და ხუთ პატიმარ ქალთან ერთად ცხოვრობდა: „ჩვენ ვიყავით ერთი ოჯახი. თუ გვიხაროდა, ერთად გვიხაროდა, თუ გვწყინდა, ერთად გვწყინდა, თუ სატირალი იყო, ერთად ვტიროდით, ვზრუნავდით ერთმანეთზე, ვჭამდით ერთად, ყველაფერს ვინაწილებდით. დღეს მე არ მქონდა, სხვას ექნებოდა, ჩემი ან შენი იქ არ არსებობდა.

„იქ დავტოვე ნახევარი გული, ძალიან ახლობლები იყვნენ, იმხელა გზა გავიარე ამ ხალხთან ერთად, ისინი უკვე ჩემი ოჯახია, დღე არ გავა, მათზე რომ არ ვიფიქრო,  ვახსენო, მოვიკითხო. მე ჩემი გოგოების გამოსვლის შემდეგ ვიგრძნობ თავისუფლებას. ბევრი მეუბნება, შენ ვერ გამოხვედი მირანდა, შენ ისევ იქ ხარ, შენს გოგოებთანო“.

მირანდას ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს შვილებს, დღეს ყველაფერს შვილების გამო აკეთებს. შვილები რომ არა, ამდენ ძალას ვერ იპოვიდა საკუთარ თავში, ვერც აქამდე მოვიდოდა, შვილები არიან მისი ყოველდღიური საფიქრალი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა და გაიგო, რომ შვილები დედის სტატუსის გამო სკოლაში თავს ცუდად გრძნობდნენ, სკოლა შეუცვალა. მერე ბევრი ელაპარაკა, აუხსნა, რომ სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია, რომ არაფერი აქვთ დასამალი, ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ადამიანია პატიმარი. „თუ ვინმეს ჩემთან ან ჩემს შვილებთან მეგობრობა არ უნდა, ნუ იმეგობრებენ“ – ამას ასწავლის ის შვილებს. ცდილობს, რომ ზუსტად ისეთივე თავდაჯერებულები იყვნენ, როგორიც თვითონ არის.

შვილებთან პირველ რიგში მეგობრობას ცდილობს. ამბობს, რომ აკრძალვებს აზრი არ აქვს. სანამ დრო აქვთ მშობელს და შვილებიც მზად არიან მოუსმინონ დედებს, უმჯობესია ასწავლონ, რა არის მათი შვილებისთვის კარგი და რა – ცუდი.

სამომავლო გეგმებზე ბევრს არ ლაპარაკობს, ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავს, ხალხზე არავინ ფიქრობს, არ უნდა, რომ შვილების ცხოვრებაც ისეთივე რთული იყოს, როგორც მისი ცხოვრებაა. უნდა, რომ შეეძლოს შვილებთან ერთად დასასვენებლად წასვლა,  მშვიდად ცხოვრება, ბევრ ფულში ვერ ხედავს ბედნიერებას, ყოველთვის იცის, რამდენია მისთვის და მისი ოჯახისთვის საკმარისი.

პატიმრების სიმრავლეს ციხეებში სახელმწიფოს აბრალებს, უნახავს ბევრი ადამიანი, რომლებიც გაჭირვების, უფულობის გამო ჩადიოდნენ დანაშაულს, იხსენებს გოგონას ისტორიას, რომელიც ციხეში მასთან ერთად ქათმის მოპარვის გამო იჯდა. „დღეს გარეთ ვინც არის, ის უფრო არის პატიმარი, თორემ შიგნით, ქალთა კოლონიებში, საჭმელზე ჩვენ არ ვფიქრობდით, არაფერზე არ ვდარდობდით, გარეთ უფრო გიწევს ბრძოლა“.

მირანდაც ყვება თავის ბრძოლაზე, ყვება თავის წარსულზე, სასჯელზე, ყვება რისი გადატანა უწევდა პატიმრობის დროს, ყვება, რა გზებს მიმართავს ახლა, უკეთესი ცხოვრება რომ ჰქონდეს, ყვება დედაზე, რომელიც ეხმარება, ყვება დედამთილზე, ყვება თავის მეგობარ ქალზე, რომელიც დროებით მასთან ერთად ცხოვრობს და ეხმარება შვილების გაზრდაში, ყვება ქალებზე, რომლებიც ციხეში არიან – ტანიაზე, რუსიკოზე, მაშაზე, მის ისტორიაში ვერ გაიგებთ ერთი კაცის სახელსაც კი.

მირანდას არ სჭირდება არავის დახმარება, არავისთვის ფული არ მოუთხოვია, არავისთვის შეუხედავს ხელებში, ყოველთვის იცოდა, რომ იყო თვითონ და სამი შვილი, იცოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია და სანამ შეეძლება შვილების გამო ბრძოლა, იქამდე იბრძოლებს, ეცდება ყველაფერი გააკეთოს. ეს ბრძოლა ქალისთვის ხშირად რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

საუბრის ბოლოს ისევ პატიმარ ქალებს ახსენებს, „в мире есть семь чудес, пусть случился восьмой და ეს კედლები ჩამოიქცეს და ყველა გათავისუფლდეს“. მირანდა ამბობს, რომ 25-წლიან პატიმრობას არანაირი შედეგი არ აქვს, არაფერს აძლევს ადამიანს. მისი აზრით, უკეთესია, პატიმარ ქალებს კიდევ ერთი შანსი მივცეთ, იქნებ თავიდან დაიწყონ ახალი, უკეთესი ცხოვრება.

რთული სათქმელია, რამდენად არის მირანდას ახალი ცხოვრება უკეთესი, მაგრამ ფაქტია, ქალი ხელების ჩამოყრას არ აპირებს და არასდროს შერცხვება თავისი სახელის ხმამაღლა თქმა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: