ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა. სპეციალისტები ამას წლის დასაწყისშიც ვარაუდობდნენ, რადგან ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა.

„ყოველდღიურ რეჟიმში  ვიღებთ ანალიზებს, თუ როგორი მდგომარეობაა, პროცესი ეკოლოგისა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.

 

ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს. გასულ წელს წყალში ჟანგბადის შემცველობის დასარეგულირებლად ტბაში აერაციის სისტემა დამონტაჟდა, რის შედეგადაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, სპეციალისტები წელს ციანობაქტერიების გამრავლებას ისეთივე ინტენსიური ფორმით, როგორც გასულ წელს იყო – აღარ ელოდებიან.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ტბის გადასარჩენად რამდენიმეპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელთაგან ორი პუნქტი [აერაციის სისტემა და დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყლის აცილება] უკვე შესრულებულია, ახლა დარჩენილია ტბის სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, რაც თითოეულ წელს, სავარაუდოდ, 50 000-მდე ლარი დაჯდება. ასევე, აუცილებელია ტბის გათევზიანება, რაც ტბაში იმ თევზების მოშენებას გულისხმობს, რომლებიც ამ წყალმცენარეებით იკვებებიან. გეგმის ამ ნაწილზე  20 000 ლარი დაიხარჯება.

შარშან, ციანობაქტერიების სიჭარბის და შემდეგ მათი გახრწნის პერიოდში, თევზჭერა  სასტკად აკრძალული იყო. როგორც წლის დასაწყისში დაანონსდა – ამ პერიოდში ტბაზე თევზჭერა ახლაც აიკრძალება.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ნურიგელის ტბაში თევზჭერა რეკომენდებული არც ამ ეტაპზეა. ამის შესახებ ტბის მიმდებარედ საინფორმაციო დაფაც არის განთავსებული, მაგრამ ეს გაფრთხილება მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არ არის. ტბაზე დღესაც თევზაობენ.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი, კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ნურიგელის ტბაში, დღეს დილით დაჭერილი, 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზი

ნურიგელის ტბაში დღეს დილით დაჭერილი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან