მთავარი,სიახლეები

ქვედა ვაშლოვნის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

07.08.2017 • 2657
ქვედა ვაშლოვნის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვნის მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, ნანული მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელს არა მარტო სასმელი, არც სარწყავი წყალი აქვს.

„ორი თვეა სასმელი წყალი არ გვაქვს, ეს უკავშირდება გვირაბს, რომელიც ჰესებისთვის აიგო, იქ სადაც გვირაბმა გაიარა, წყალი ყველგან შეწყდა. სათავეები დაშრა, პირუტყვი გავყიდე, რადგან წვეთი წყალი არ მოდის და საქონელი ვეღარ შევინახე“.

ნანული ამბობს, რომ წყლის პრობლემაზე გამგეობასაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. „გვეუბნებიან, დროებით მოგცემთ წყალსო, მაგრამ დროებითი წყლით რა უნდა გავაკეთოთ? სამი კილომეტრიდან უნდა მოვიყვანო, ამას მილები სჭირდება, ისიც დროებით და მერე რა ვქნათ?“

ნანულის თქმით, მოსახლეობას სასმელი წყალი მანქანებით მოაქვს, რაც საკმარისი არ არის. „ბოსტანში მწვანილიც კი აღარ მოდის, ყველაფერი გამხმარია. დავთესე, 200 ლარი გადავიხადე ყანის მოხვნაში და ახლა უწყლობის გამო მოსავალი აღარ გვაქვს“.

ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვაშლოვნის მოსახლეობის პრობლემაზე ინფორმირებული არ არის. „ვისაც არ ჰქონდა წყალი, ჩვენ მივუყვანეთ მაგისტრალიდან, ვაშლოვნის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მოვიკითხავ და გავარკვევ,“- თქვა გამგებელმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: