სიახლეები

სახელმწიფო ქონებას ახალდაფუძნებული კომპანიები ყიდულობენ

26.11.2014 • 3262
სახელმწიფო ქონებას ახალდაფუძნებული კომპანიები ყიდულობენ

 

შპს „გოდე 2014“-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პირობადებული აუქციონის წესით ბათუმში გორგასლის ქუჩაზე (#159ბ) 1500 კვ/მეტრი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეისყიდა. შეთანხმება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა.

 

გოდერძი ნაკაშიძე
გოდერძი ნაკაშიძე

 

 

სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების თანახმად შესმყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღება და მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის დაწყებიდან 30 თვის ვადაში კი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა უზრუნველყოს.

 

 

შესყიდული ფართობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან რვა თვის ვადაში კი ინვესტორი ვალდებულია შენობის არანაკლებ 1500 კვ./მეტრ ფართობში სამედიცინო დაწესებულება მოაწყოს.

 

 

ქონების სანაცვლოდ კომპანიამ სახელმწიფოს ანგარიშზე 465 500 ლარი უნდა გადარიცხოს. გარდა ამისა, აუქციონის პირობების თანახმად შპს „გოდე 2014“-ის მფლობელები ამ პროექტში 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებენ.

 

 

სამედიცონო ცენტრის ამოქმედებიდან რვა თვის განმავლობაში კი ინვესტორი იღებს ასევე ვალდებულებას დაასაქმოს საქართველოს ასი მოქალაქე და დასაქმებულთა რაოდენობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

 

 

რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“  2014 წლის 17 სექტემბერს, ანუ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრეა დაფუძნებული. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი 1982 წელს დაბადებული გოდერძი ნაკაშიძეა. მისი რეგისტრაციის ადგილი ოფიციალური დოკუმენტების მოხედვით ქედის მუნიციპალუტეტია, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი ბათუმი.

 

გოდერძი ნაკაშიძე ამ დროისთვის საკუთარ კლინიკა „პრაიმ დენტში“ მუშაობს. კომპანია მამის სახელზე აქვს დარეგისტრირებული, თუმცა რეალური მფლობელი და კლინიკის მმართველი თავად არის.

 

 

რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „გოდე 2014“ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2014 წლის 17 სექტემბერს დაფუძნდა, შპს „პრაიმ დენტი“ კი – 2013 წლის ბოლოს. გოდერძი ნაკაშიძე კიდევ ერთი კომპანიის შპს „მოლარის“ მოწილეა, ეს კომპანია ქუთაისში 2010 წელს დააფუძნეს:

 

 

„ამ კომპანიაშიც ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სტომატოლოგიური დაწესებულებაა, დამფუძნებლებს თანხის პრობლემა არ ჰქონდათ, წილები პროექტის განხორციელების სანაცვლოდ გაიყო. ჩემი გეგმით განვაახლეთ კლინიკა, გადავამზადეთ კადრები. ერთი სიტყვით, მე ავაწყე იქ სისტემა და მათ მუშაობა გააგრძელეს, ჩავდივარ ყოველთვიურად – თათბირებსა და ინსტრუქტაჟს ვატარებ. მე მათ ძირითადად ცოდნა-გამოცდილებით დავეხმარე, იმ კლინიკაში ჩემმა იდეამ უფრო იმუშავა.“

 

 

ახალდაფუძნებულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, პროექტში „ფინანსური გათვლა კეთდება ფართობზე, რომელიც ბინების სახით გაიყიდება. შენობის ორ სართულზე განთავსდება კლინიკა, სხვა სართულებზე კი – ბინები. პროექტს აქვს საბანკო გარანტია.“

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 29 სექტემბერს აუქციონის წესით გაასხვისა ასევე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე (#126) 1085. 80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და  მასზე დამაგრებული 1800 კვ/მ მიწის ფართობი. ამ შემთხვევაში ქონება შპს „ნევ ბათ-ჯგუფმა“ შეისყიდა. აუქციონით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში კომპანიამ არანაკლებ სამი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მათ შორის პირველივე წელს მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა მოახერხოს. მყიდველი ასევე ვალდებულია საპრივატიზებო შესყიდვის ღირებულება მილიონ 275 000  ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში დაფაროს.

 

შპს „ნევ ბათ-ჯგუფიც“ 2014 წლის სექტემბერში დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 60%-ს ზურაბ დუმბაძე, დარჩენილ 40 %-ს კი ზებურ დუმბაძე ფლობენ. სავარაუდოდ ისინი ძმები არიან, ემთხვევა მათი რეგისტრაციის ადგილი და მამის სახელიც.

 

შპს „ PARK GIDA “-მ აუქციონის წესით ქობულეთში სოფელ ხუცუბანში 10976 კვ/მეტრი შენობა და მასზე დამაგრებული 23 746 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა. 

 

აუქციონის პირობების თანახმად შესყიდულ ფართობში ინვესტორმა საწარმო უნდა აამოქმედოს. ხელშეკრულების დადებიდან 10 თვის ვადაში ინვესტორი ვალდებულია დაასრულოს შენობის გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში საწარმო შეიყვანოს ექსპლუატაციაში.  

 

საბოლოო ჯამში კი, ინვესტორმა პროექტის ფარგლებში 24 თვის ვადაში არანაკლებ  5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში კი მუდმივად დაასაქმოს საქართველოს 40 მოქალაქე.

 

 

შპს „ PARK GIDA “-ც იმ კომპანიებს  იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე კომპანიას საქართველოში ბიზნესპროექტი არ განუხორციელებია.  კომპანიის მფლობელი და დირექტორი თურქეთის მოქალაქე ლევენთ გარიფოღლუა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: