კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

05.08.2017 • 3821
ტურიზმი ტუალეტების გარეშე

სარფი – საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს საზღვარი 514 637-მა ტურისტმა გადმოკვეთა. სარფში ყოველდღიურად უამრავი ტურისტი შემოდის, ამას ემატება ტრანზიტული მოძრაობა. ამ ნაკადის ფონზე საბაჟოზე მხოლოდ ერთი ორკაბინიანი ტუალეტია, სადაც ჰიგიენის ნორმები ასე თუ ისე დაცულია. რაც შეეხება მაგისტრალს, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება – აქ ზღვის სურნელს მძაფრი სუნი ენაცვლება.

სარფში, საზღვრიდან თითქმის ერთი კილომეტრის მანძილზე, ტრაილერების გრძელი რიგი დგას, სადაც მძღოლებს ხშირად 24 საათიც კი უწევთ გაჩერება. სატვირთო მანქანების გვერდით, ზღვისკენ დაქანებული ფერდობები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით – პლასტმასის ბოთლებითა და პოლიეთილენის პარკებითაა მოფენილი. ირგვლივ არსად არის ტუალეტი. აქ გავლისას მძაფრი სუნი უმალ სუნთქვის შეკავებას გაიძულებს, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივ საპირფარეშოდ არის ქცეული.

სარფიდან ერთ კილომეტრზე უფრო მეტი დაშორებით სანაპირო ზოლი და პლაჟი ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნის შემდეგაც კი მოუწესრიგებელია. საზოგადოებრივ საპირფარეშოებს ვერც აქ იპოვით; ამ მონაკვეთში, ჯერჯერობით, არც კაფეები მუშაობს, შესაბამისად, მათ ახლომახლო არსებული ტუალეტებიც დაკეტილია. თუ მახლობელ სასტუმროში ნომერი არ გაქვთ აღებული ან მოქმედ კაფეში არ შეხვალთ, ტუალეტის ძებნაში შეიძლება რამდენიმე საათი დაკარგოთ.

კვარიათში, ერთ-ერთი სასტუმროს გვერდით, ტუალეტის მსგავს ფიცრულებსაც გადააწყდებით, თუმცა ის, რაც შიგნით ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

IMG_0135

ტუალეტი არის გონიოს ციხის ტერიტორიაზე და ერთი შეხედვით, მოწესრიგებულად გამოიყურება, მაგრამ განათება არ მუშაობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გონიოს ციხეს იანვრიდან დღემდე 12 330 ვიზიტორი ეწვია, 4 ივნისს კი – 606 ვიზიტორი.

არის თუ არა საზოგადოებრივი საპირფარეშოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და დაცულ ტერიტორიებზე, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად მიდიან? ამ თემას ყველაზე კარგად გიდები იცნობენ.
ლაშა ბერეკაშვილი გიდად 2008 წლიდან მუშაობს. ტურისტებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. მისი თქმით, ერთადერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ოკაცეს კანიონთან შეხვდები.

„ეს სველი წერტილი მოწესრიგებულია. ვისურვებდი, სხვა ტურისტულ ობიექტებზეც იგივე მდგომარეობა იყოს“, – ამბობს ლაშა. მისი თქმით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა პრომეთეს მღვიმესთანაც.

„რას ვეძახით კარგ მდგომარეობას? – ადგილზე აქვთ ჰიგიენური საშუალებები, წყალი და საპირფარეშოთი სარგებლობაც უფასოა. რაც შეეხება სხვა ადგილებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, 99 პროცენტში საპირფარეშო არ არსებობს“.

ლაშა ბერეკაშვილი გელათის მონასტერთან არსებულ მდგომარეობაზე ყვება. მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო ძეგლთან სრული ანტისანიტარიაა.

„ტერიტორია მონასტერს ეკუთვნის და მასზე მზრუნველობაც მათი მოვალეობაა. მით უმეტეს, რომ ამ საპირფარეშოთი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ქართული მენტალიტეტის ამბავია, რომ „ასეთ ცუდ საქმეს ხელს არ კიდებენ“, „უტყდებათ“. არადა, ეპარქიამ თავისი შემოსავლიდან ერთი ადამიანი რომ აიყვანოს, ადამიანი თან დასაქმდება და ტურისტსაც ნორმალური ტუალეტით სარგებლობა შეეძლება“.

რა ხდება დაცულ ტერიტორიებზე და ეროვნულ პარკებში? როგორც გიდი ამბობს, ამ შემთხვევაშიც ტურისტები „ბუნების იმედად არიან“.

„ვიზიტორთა ცენტრებში ტუალეტები არის, მაგრამ, როცა ცენტრიდან, ვთქვათ, სამ კილომეტრს გადიხარ, სადღაც მაინც უნდა დაგხვდეს ტუალეტი. თუ არის – ფიცრულია, თითქმის ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული“.
ანა ბაროიანიც გიდად მუშაობს და ისიც ტურისტულ ზონებში საპირფარეშოების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, თითქმის ვერც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო საქართველოში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თუ სხვა ტურისტულ არეალში გვხვდება, სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს:

„საერთაშორისო სტანდარტით, უნდა იყოს მინიმუმ სამი კაბინა, ჰიგიენური საშუალებებითა და წყლით. საქართველოში კი ასეთი რამ იშვიათობაა“.

როგორც ანა ყვება, ერთი შეხედვით მოწესრიგებულ ტუალეტებშიც კი, ჰიგიენა სათანადოდ არ არის დაცული. „ხშირად ტუალეტის კარი ბინძურია და ხელის მოკიდება გეზიზღება, სუნი დგას“, – ამბობს ანა. მისი თქმით, კატასტროფული მდგომარეობაა მაგისტრალებზე, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ფაქტობრივად, არ არსებობს და „თუ სადმე შეგხვდა, ისიც საშინელ მდგომარეობაში“.

„იყო შემთხვევა, როცა ერთი ტურისტი უნიტაზში ჩავარდა. იმდენად ბინძური იყო უნიტაზი… ფეხებით შედგა. წარმოგიდგენიათ მისი რეაქცია? ბოტანიკურ ბაღში შესვლა გაძვირდა, ტუალეტი კი, მოწესრიგებული არ არის. ხან ქაღალდი არ აქვთ, ხან საპონი და ზოგჯერ წყალიც კი არ მოდის“, – ამბობს ანა.

როგორც მაღალმთიანი აჭარის, ასევე თბილისის მიმართულებით მაგისტრალებზე, ყველაზე მოწესრიგებული ბენზინგასამართი სადგურების საპირფარეშოებია, ამიტომ გიდების უმრავლესობა ტურისტებს ამ ადგილებში აჩერებს.

წარწერა ტუალეტად ქვეულ ნაგებობაზე

წარწერა ტუალეტად ქვეულ ნაგებობაზე

„როცა უცხოელს ეპატიჟები და მაღალი დონის ტურისტულ მომსახურებას სთავაზობ, მაშინ ტუალეტიც მაღალი დონის უნდა დაახვედრო. ტურისტებიც ხვდებიან, რომ საქართველო არ არის 5+, ამიტომ არ არიან კრიტიკულები. უბრალოდ, ეღიმებათ ამაზე“, – გვეუბნება ანა.

ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ ტურისტები წინასწარ არიან ინფორმირებული ინფრასტრუქტურის შესახებ, მაშინ რამდენიმე დღეში ადაპტირდებიან, „მაგრამ მათი ირონიული ჩაღიმება არ არის სასიამოვნო.“

ლაშა ყვება, რომ მაგისტრალებზე ზოგჯერ ბენზინგასამართი სადგურებიც ქმნიან პრობლემებს, როცა სადგურზე ტურისტული ჯგუფი ჩერდება. ამავე პრობლემაზე საუბრობს გიდი ზურაბ ჭკუასელიც. „როცა ბევრი ადამიანი მიგყავს, იმიზეზებენ ხოლმე – „არ მუშაობს“, „გაჭედილია“. სინამდვილეში ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ბევრი ადამიანის მიღება ხელს არ აძლევთ“.

ზურაბ ჭკუასელის თქმით, შედარებით გამოსწორებულია ვითარება აჭარაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან, რომელსაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს.

„იმასთან შედარებით, რაც წლების წინ იყო, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ბევრია გასაკეთებელი. ტურისტული ჯგუფი მყავდა და ერთ-ერთ საპირფარეშოში რომ გავუშვი, უკან გამობრუნდნენ, იქ არ შევალთო.~
გიდების დაკვირვებით, პოს­ტს­აბ­ჭ­ოთა ქვეყნების ტურისტები საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ყველაზე ნაკლებად გამოთქვამენ პრეტენზიას. „უკრაინელ, ბელორუს, ყაზახ და მოლდოველ ტურისტებს უკვირთ კიდეც მოწესრიგებული გზები“, – გვეუბნება ლაშა.

ბათუმი შიდა და უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ქალაქში ტუალეტები ძირითადად ბულვარშია. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ერთი საპირფარეშო მოქმედებს, ძველ ბულვარში – ოთხი, ერთი – სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთიც – 6 მაისის პარკში. წყალი, საპონი და ტუალეტის ქაღალდი ამ ადგილებში არის, თუმცა არ არის სათანადოდ მოწესრიგებული, მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტები ფასიანია – შესვლა 50-70 თეთრი ღირს.

ევროსტანდარტის საპირფარეშოების მშენებლობას ბათუმის მერია გასულ წელს გეგმავდა. ქალაქის ექვს სკვერში თითო საპირფარეშო კერძო პირს უნდა აეშენებინა. ტერიტორიას მერია იჯარით გასცემდა. შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, სადაც ღვთისმშობლის ეკლესია დგას, საპირფარეშოს მშენებლობა გააპროტესტა. მერიის მიმდებარედ და აღნიშნულ სკვერში, იქ, სადაც საპირფარეშოები უნდა აშენებულიყო, ახლა ბეტონის ოთხკუთხა ნარჩენებია შემორჩენილი. „თუ ასე უნდა ხალხს, ასე იყოს, სადარბაზოებსა და ეკლესიის ღობეს იყენებენ ტუალეტებად“, – განაცხადა ინდმეწარმემ.

ამის შემდეგ საპირფარეშოების მშენებლობაზე მერიას ახალი გეგმები აღარ ჰქონია. მსგავსი გეგმა მერიას არც ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე აქვს.

Untitled1

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გამგებლების გეგმებს, ხელვაჩაურის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ფიქრობს მირვეთის მიმართულებით ორი ბიოტუალეტი ჩადგას, ორიც – მაჭახლის ხეობაში. „თუმცა რამდენად მოვახერხებთ, არ ვიცი“, – გვეუბნება გამგებელი. გამგებელი საზოგადოების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „სადაც ვაკეთებთ, ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ გაკეთება აღარ მოგინდება. ჰიგიენის დაცვა ძალიან რთულია“.

ამავე მოტივით ცდილობს თავის მართლებას ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძეც: „ჰიგიენურ საშუალებებს ვყიდულობთ და ყოველ მეორე დღეს ვდებთ საპირფარეშოებში, მაგრამ არავინ უფრთხილდება, ხან მიაქვთ, ხან აქეთ-იქეთ ყრიან.“

მუნიციპალიტეტების საპირფარეშოებს დღეში ერთხელ, დილით ალაგებენ.

„წელს მხოლოდ ერთი საპირფარეშოს აშენება გვაქვს გეგმაში. ხულოს ცენტრში გაკეთდება ადაპტირებული საპირფარეშო, 45 ათასი ლარი გვაქვს გამოყოფილი. ასევე, კურორტ ბეშუმში გვინდა ერთი ადაპტირებული საპირფარეშო გავაკეთოთ. სხვა მშენებლობები დაგეგმილი არ გვაქვს“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

ბეშუმში საპირფარეშოს ხელშეკრულებით აყვანილი პირი ალაგებს.

გამგებლის თქმით, ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე 5-5 კილომეტრის დაშორებით, ხუთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, თუმცა მათ სტანდარტებზე გამგებელს არ უსაუბრია. როგორც გამგებელი ამბობს, მუნიციპალური ტუალეტების შენახვაზე წლის განმავლობაში 3-4 ათასამდე ლარი იხარჯება.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის გეგმები კი ასეთია: „კავიანისა და ზენდიდის ციხეებზე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად 400 ათასი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ამ პროექტში შედის საპირფარეშოებისა და კემპინგების მშენებლობაც“. არსებულ საპირფარეშოებთან დაკავშირებით კი გამგებელი ფიქრობს, რომ მათი იჯარით გადაცემა მომგებიანი იქნება. „ჩვენ ჯერ არ ვართ ისე განვითარებული, რომ ტურიზმი შემოსავალს გვაძლევდეს, ახლა ვიწყებთ განვითარებას“.

წარწერა გარაჟზე

წარწერა გარაჟზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს 2, 329 677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 9.7 პროცენტით მეტია.
მეექვსმილიონე ტურისტს პრემიერ-მინისტრი პატივით შეხვდა. თბილისში კი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ტურისტთა რიცხვიც, როგორც ხელისუფლება ამბობს, ყოველ წელს მატულობს, მხოლოდ ექვსი საზოგადოებრივი ტუალეტია. საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის თემა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დაპირებების სიაშიც კი შეიტანა – 2016 წლისთვის 40 საპირფარეშოს აშენების პირობა დადო. მიმდინარე წლის აპრილში კი, თბილისის მერიამ 32 საპირფარეშოს მშენებლობა დააანონსა.

მთავარ ფოტოზე: მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისში. გიორგი დიასამიძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: