სიახლეები

საკანი №229 – წერილი ბათუმის ციხიდან

25.11.2014 • 1999
საკანი №229 – წერილი ბათუმის ციხიდან

 

ნუგზარ თაბაგარი

წერილი ციხიდან

ნუგზარ თაბაგარმა „ბათუმელებს“ საპყრობილიდან წერილი გასულ კვირას გამოუგზავნა. ის ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და კონკრეტული ადამიანებს ასახელებს, ვინც მას აწამებს. ის წერს: „პროტესტის ნიშნად საკანში დავღვარე 250 ლიტრი წყალი. ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ გადამიყვანონ ჩვეულებრივ საკანში, თუმცა ხუთი დღე და ღამე წყალში მეძინა… ჩემს საკანში არ არის მაგიდა, სკამი, საწოლი, არ მოდის წყალი ხელის დასაბანიც კი, საკანში არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, რომელიც უყურებს საპირფარეშოს, რაც ჩემთვის ღირსების შემლახავია, ბეტონზე მძინავს. ვარ ძალიან მძიმე ავადმყოფი… ჩემი ოჯახის წევრებს არც საჭმელს და არც მედიკამენტებს არ აგზავნინებენ და არც თვითონ მიწევენ სათანადო დახმარებას… ვკვდები ტკივილებით, ვარ არაადამიანურ პირობებში. ორი თვეა ციხის საჭმელი არ მიჭამია, ციხის მაღაზიაში არ იყიდება პური და საკვები, არაერთხელ მივმართე სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს გოგი გახარიას და №3 დაწესებულების დირექტორს ალექსანდრე პეტროსიანს, რომ გადამიყვანონ ნორმალურ საკანში…

 

ასევე მინდა იცოდეთ ასეთ დღეში რატომაც ვარ და რატომაც დამიჭირეს 2014 წლის 18 თებერვალს: პოლიციამ თბილისში მომიწყო პროვოკაცია და დამაკავეს ვითომ ქურდობის ბრალდებით, მერე კიდევ ერთი ბრალდება – ყაჩაღობა წამიყენეს და ჩამიდეს იარაღი. იმიტომ დამაკავეს, რომ საჯარო განცხადებებითა და საჩივრებით სულ ვითხოვდი წინა ხელისუფლების ჯალათების დასჯას. მათ მე მაწამეს. ხორცები ამომჭრეს, ზურგი დამისერეს, მარილი დამაყარეს და 42 წელი პატიმრობა მომისაჯეს სხვადასხვა ბრალდებით… ეს ხალხი ისევ მუშაობს“.

 

მე მაწამა ბაჩო ახალაიამ, მეგის ქარდავამ, დავით ჭკადუამ, გაგა მკურნალიძემ, კაკა ბუცხრიკიძემ, რომელიც ახლა თერჯოლის დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან (პატიმარი თაბაგარი კიდევ 10 პირს ასახელებს, მაგრამ ყველა მათგანის ვინაობის გამოქვეყნებისგან ამ ეტაპზე რედაქცია თავს იკავებს _ ავტ.) ერთი მათგანი ი.ლ. ახლაც მუშაობს სად-ის №18 სამკურნალო დაწესებულებაში. ის ესწრებოდა ჩემს ცემასა და წამებას, იყო ჯალათების დამხმარე.

 

აი სწორედ ეს ი.ლ. გამომაყოლეს თბილისიდან, ღუდუშაურის საავადმყოფოდან 14 სექტემბერს, როდესაც №3 დაწესებულებაში გადმოვყავდი. ბადრაგმა თავდაპირველად ღუდუშაურის საავადმყოფოს ეზოში მცემა, მერე წამებით ჩამომიყვანეს ბათუმის ციხეზე და შემომიყვანეს ამ საკანში – №229-ში, სადაც ვარ დღემდე. შემოდიან და არაფრის გამო მადებენ ხელბორკილებს, ხან ორი საათით, ხან ავიწყდებათ მოხსნა და უფრო დიდხანს ვრჩები ხელებზე ბორკილდადებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ვითხოვ ჯალათების პასუხისგებაში მიცემას.

 

№3 დაწესებულების უფროსის პირველი მოადგილე რევაზ ქობულაშვილი მემუქრება მოკვლით. მეუბნება, რომ აქ ვეყოლები, სანამ არ გამოვიტან საჩივრებს ი. ლ-ს მიმართ, ასევე ზემოაღნიშნული ჯალათების მიმართ. ჯობია გააკეთო ასე, თუ არა და აქ მოკვდებიო – ის ასევე მაფრთხილებს, რომ არ გავბედო საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნა. ვითხოვ პროკურატურის ცხელ ხაზზე დარეკვას, მაგრამ მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მაინტერესებს ვისი დავალებით მაწამებენ, ვისი ტყვე ვარ, მაინტერესებს რა ჰქვია საკან №229-ს, რომელ კანონში წერია ამ საკნის არსებობის შესახებ, ეს არის სასიკვდილო საკანი, ოთხი შვილის მამას, მე აქ მკლავენ, არ ვარ დამნაშავე. ჟურნალისტებს ვთხოვ, გამოიძიონ ჩემი სისხლის სამართლის საქმე, მე პროვოკაცია მომიწყვეს“.

 

ბათუმის მესამე საპყრობილე


ნუგზარ თაბაგარი ბათუმში რუსთავის №6 დაწესებულებიდან გადმოიყვანეს, მისი ცოლი 24-საათიან პაემანზე გასულ კვირას იყო. თაბაგარის ცოლი მანანა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნუგზარი საჭმელს საპყრობილეში პროტესტის ნიშნად არ ჭამს. მისი თქმით, ბათუმში გადმოყვანის წინ მისი ქმარი ღუდუშაურის კლინიკის ეზოში ბადრაგმა სასტიკად სცემა: „ჩემი თვალით დავინახე ხელებშებორკილი ჩემი ქმარი როგორ სცემა ბადრაგმა საავადმყოფოს ეზოში. დავწერე განცხადება და მივმართე პროკურატურას – იმ ადამიანების დასჯას ვითხოვდ, ვინც ჩემს ქმარს სცემა. პროკურატურიდან არავინ შემხმიანებია, არ ვიცი დაიწყო თუ არა გამოძიება“.

 

დაიწყო თუ არა პატიმრის ცემაზე გამოძიება? – ამ კითხვაზე პროკურატურამ არც „ბათუმელებს“ უპასუხა.

 

 

ნუგზარის ცოლი ამბობს, რომ მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამიტომაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის მომსახურებით სარგებლობენ. ნინო მჭედლიშვილი ნუგზარ თაბაგარის უფლებებს სასამართლოში იცავს. ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს. „ვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდეს ოპერაცია. გვწერენ, რომ რიგში დგას და ჩაუტარდება რიგის მიხედვით, არაადამიანურ პირობებში იმყოფება და პასუხი არ მიგვიღია რატომ. რაც შეეხება გამოძიებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მის გამართლებას ვითხოვდი. სასამართლომ მხოლოდ კვალიფიკაცია შეცვალა (განსაკუთრებით მძიმე მსუბუქით). გამომძიებელმა თაბაგარის საქმესთან დაკავშირებით ამოიღო ვიდეოკამერებიდან ინციდენტის ამსახველი მხოლოდ ის მონაკვეთი, რომელიც გამოძიებას აწყობს – ანუ ის მონაკვეთი, როდესაც კლუბიდან გამოსვლის დროს თაბაგარმა აიღო ქალის ჩანთა. ჩვენ ჩანაწერის სრულ ვერსიას ვითხოვდით, რითაც ჩემი კლიენტის უდანაშაულობა დასტურდება… ის ჩანთის პატრონ ქალს ეძებდა და ამიტომ გამოვიდა კლუბიკდან დაცვის თანამშრომლებთან. დაცვის თანამშრომლები გამოძიებამ არ დაკითხა. პროკურატურის მტკიცებულება საქმეში დაზარალებული ერთადერთი მოწმის ჩვენებაა.

 

 

პირი, რომლის მიმართაც საქმისწარმოება თბილისში მიმდინარეობს, გადაიყვანეს ბათუმში, რთულია ადვოკატისთვის ამ გზაზე სიარული. ჩვენ მის თბილისში დაბრუნებას ვითხოვთ“, _ ამბობს `ბათუმელებთან~ თაბაგარის ადვოკატი, რომელიც იწრმუნება, რომ პატიმარი არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

ნუგზარ თაბაგარი აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, გიორგი ჩარკვიანმაც მოინახულა. მისი თქმით, “თაბაგარი ანტივანდალურ საკანში იმყოფება. არ დგას საწოლი, არ არის ფანჯარა საკანში და ბუნებრივი ვინტილაცია არ ხდება. არის ხელოვნური ვინტილაცია რამდენიმე საკანზე განაწილებული, ზოგს სიგრილე სჭირდება, ზოგს სითბო… პატიმარი თაბაგარი ციხის საჭმელს არ ჭამს. ის ჭამს ამანათის სახით შეგზავნილ ან მაღაზიაში ნაყიდ საჭმელს. არ იყიდება მაღაზიაში პური, ამიტომაც იძულებულია იკვებოს არაკალორიულად, ყიდულობს, მაგალითად, პეჩენიას… სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ნუგზარ თაბაგარის საქმეს. ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის საკანში 5-6 დღე ნამდვილად იდგა წყალი. შეუტანეს რკინის საწოლი, რომელიც ახალშეღებილი იყო და სუნი ვერ აიტანა, ამიტომ უკანვე გაატანინა“…

 

„ბათუმელებს“  აინტერესებს, ორ თვეზე მეტია რატომ იმყოფება თაბაგარი ანტივანდალურ საკანში. თუ ის არღვევს შიდაგანაწესს, რატომ შეასახლეს 24 საათით პაემნის ოთახში მეუღლესთან ერთად?

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს წერილობითი პასუხი „ბათუმელებს“:


მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი განთავსებულია ანტივანდალურ საკანში მისივე უსაფრთხოების მიზნით. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინტერესშია… მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი. 

ასეთ საკანში განთავსებულ პირს არ აქვს შეზღუდული ხანგრძლივი პაემნის უფლება, შესაბამისად, აღნიშნულმა მსჯავრდებულმაც ისარგებლა ამ უფლებით.

რაც შეეხება კვებას, მთელ სისტემაში მოქმედებს კვების საერთო სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს 11 მაგიდას, მათ შორის სხვადასხვა დიეტურ მენიუს დაავადებების ტიპის მიხედვით. ბუნებრივია, აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს პურ-პროდუქტებსაც. მაღაზიას ამარაგებს კერძო კომპანია და შემოაქვს ყველა მოთხოვნადი პროდუქტი.

აღნიშნული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და ჩატარებული აქვს არაერთი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში მას გაეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება.

მსჯავრდებულის განცხადება, რომ თითქოს მას არასათანადოდ ეპყრობა დაწესებულების ადმინისტრაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ის თავისუფლად სარგებლობს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

 

 

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება

 

„ნუგზარ თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ“- ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2013 წელს გამოიტანა. სასამართლომ კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. 

 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან

განმცხადებელი ნუგზარ თაბაგარი, რომელიც 2005 წლის 13 დეკემბერს ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით  გაასამართლეს, სასჯელს ხონის №9 საპყრობილეში იხდიდა. 2008 წლის 12 აგვისტოს თაბაგარი რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად ციხიდან გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ ის დააკავეს და ციხიდან გაქცევის გამო მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ შორის საპყრობილის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და თავდასხმის, საპყრობილეში უკანონო ნივთების შენახვისა და გაძარცვის მცდელობის გამო.

 

 

2009 წლის 9 მაისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თაბაგარი დამნაშავედ ცნო და 28 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. თაბაგარმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება სამართლებლივი საკითხების დარღვევის საფუძველზე, მაგრამ 2010 წლის 30 ივნისს განმცხადებლის სარჩელის მიღებაზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა. საქმის მასალების შესაბამისად, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ვერ უზრუნველყო განმცხადებლის რეგულარული დასწრება სასამართლო სხდომებზე. 

 

2013 წლის იანვარში განმცხადებლის სასჯელის ვადა 10 წლით შემცირდა 2012 წლის 28 წლის დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე. თაბაგარი ციხეში   არაერთგზის დაექვემდებარა სხვადასხვა ფორმით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და არასათანადო მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე დაიწყო გამოძიება თაბაგარის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პირველი საქმე (#088098009) შეეხებოდა 2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრის პერიოდში განმცხადებლის მიმართ ქუთაისის №2 საპყრობილეში არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს. 2009 წლის 27 ნოემბერს განმცხადებლის მიმართ ქსნის №7 საპყრობილის პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარდგენილი საჩივარი დაემატა სისხლის სამართლის პირველ საქმეს (#088098009).

 

 

2010 წლის 28 მაისს პროკურორმა დანაშაულის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულების უქონლობის საფუძველზე საქმე შეწყვიტა. თაბაგარმა გაასაჩივრა პროკურორის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოიტანა. სისხლის სამართლის მეორე საქმეზე (#073090285) ძიება 2009 წლის 12 ივნისს დაიწყო და ეხებოდა ქსნის №7 საპყრობილეში 2009 წლის 30 ივნისს განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთ ფაქტს. ეს საქმეც შეწყვიტეს. განმცხადებელს, რომელსაც უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, არ მიეცა პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.

 

 

2009 წლის 15 დეკემბერს, განმცხადებლის რამდენიმე საჩივარის საპასუხოდ, რომლებიც ციხის საავადმყოფოში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე წარადგინეს, განმცხადებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ციხის პერსონალისადმი დაუმორჩილებლობისა და მათზე თავდასხმის ბრალდებით. 2010 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაბაგარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხის თანამშრომლების მიერ თაბაგარის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფაბრიკაციას წარმოადგენდა, რომლის ერთადერთ მიზანს შეადგენდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. განმცხადებელს 12 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა განაჩენი. 2011 წლის 17 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში განმცხადებლის სარჩელი, რომელშიც სამართლებლივი საკითხები იყო გასაჩივრებული. 

 

 

2009 წლის 13 მაისს კიდევ ერთ საქმეზე დაიწყეს ძიება (სხეულის მსუბუქი დაზიანება), განმცხადებლის მიერ ქსნის №7 საპყრობილეში თვითდაზიანების რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით (#073090245). საქმის მასალების შესაბამისად მოცემული სისხლის სამართალწარმოება ამჟამადაც მიმდინარეობს. განმცხადებელს, რომელსაც ფსიქიური აშლილობა აქვს, თავისუფლების აღკვეთის პირობებში  თვითდაზიანების ტენდენცია ჰქონდა. მასალებში ასახულია ასეთი ეპიზოდები და საუბარია მათ მაღალ სიხშირეზე. მას რამდენიმეჯერ რეკომენდაცია გაეწია გაევლო სრული ფსიქიატრიული კვლევები და მკურნალობა ამბულატორულ პირობებში. მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მოცემული სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება. 2011 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ განმცხადებელი კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდს და ამ ფაქტების არაეფექტურ გამოძიებას, ასევე საპყრობილეში ადეკვატური სამედიცინო მკუნალობის მიუწვდომლობას;

 

გარდა ამისა, განმცხადებელი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ასაჩივრებს, რომ მას არ მიეცა ციხიდან გაქცევის ფაქტზე მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე გამართულ სასამართლო განხილვებზე დასწრების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობას ეთხოვა წარედგინა სასამართლოსთვის თავისი მოსაზრებები ამ ფაქტების თაობაზე. საქმის მორიგებით დასრულების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ 2013 წლის 19 აპრილის საქართველოს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ იგი რამდენიმე გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით მზადყოფნას აცხადებს მორიგებით დაასრულოს საქმე, მაშინ როდესაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით სარჩელს დაუშვებლად მიიჩნევს. 

 

 

მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3, მე-6 (1 პარაგრაფი, 3 პარაგრაფის გ და დ ქვეპარაგრაფი) და კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას. მთავრობა მზადყოფნას აცხადებს უზრუნველყოს განმცხადებლისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარება მის ფსიქიატრიულ და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით; ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმეზე; გადაუხადოს განმცხადებელს 9 000 ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანისა და სხვა ხარჯების დასაფარად;

 

 

ევროპულმა  სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთავრობის განცხადებაში ასახულ რამდენიმე ზომაზე, მაგალითად, განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლის მეორე და მეოთხე საქმის ფარგლებში ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებაზე. საქართველოს მთავრობას ათი ათასი ევროს გადახდა დააკისრა იმის პარალელურად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახელმწიფო იზრუნებდა, ხოლო წამების საქმეებს გამოიძიებდა.

 

 

თაბაგარის ადვოკატი ევროპულ სასამართლოში ბესარიონ ბოჭორიშვილი იყო, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო ნაწილობრივ ასრულებს ვალდებულებას და იძიებს ნუგზარ თაბაგარის წამების საქმეს, რომელსაც 2008 წლიდან სისტემატურად განიცდიდა საპყრობილეში. ადვოკატის თქმით, თაბაგარი პატიმრობის დროს სხვადასხვა დაავადებით დაავადდა და სახელმწიფო არასათანადოდ ასრულებს პატიმრის მკურნალობის ვალდებულებას: “რაც შეეხება მის მეორედ დაკავებას – ეს უფრო „შეკერილ“ საქმეს ჰგავს. მსჯავრდებულები ისევ კრიმინალებად მიაჩნიათ, ამიტომაც დასდევენ, ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას, მაგასაც შესაძლოა პროვოკაცია მოუწყვეს – მანამდეც რამდენჯერმე წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ის არ არის მომხმარებელი… ის ქალი, ვინც მის საქმეში ფიგურირებს (ბრალდების მიხედვით მან ქალის ჩანთა მოიპარა) ჩანს, რომ თანამშრომლობს პოლიციასთან…“

 

 

ნუგზარ თაბაგარი „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ის არც ერთ შემთხვევაში თავს არ მოიკლავს და თუ რამე მოუვა, პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.

 

 

ნუგზარ თაბაგარის ადვოკატი  ევროსასამართლოში


 ბესარიონ  ბოჭორიშვილი: “ნუგზარ თაბაგარის არაერთგზის წამების საქმეების შესწალისას, ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, რა იყო წლების გნმავლობაში მისი წამების და თვითდაზიანებების მიზეზი? მე ასეთ დასკვნამდე მივედი, რომ ხონის №9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2008 წლის აგვისტოში მასჯავდებულთა მასობრივი გაქცევის საქმეში იყო ეს მიზეზები ჩადებული.

 

კერძოდ, ნუგზარ თაბაგრის ახსნა–განმარტების მიხედვით, მაშინ, 2008 წლის აგვისტოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას მიერ, სად №9 დაწესებულებაში მივლინებული იყო თანამშრომელი ლ.ფ.  რომელიც პროვოკაციას უკეთებდა მსჯავრდებულების ციხიდან გაქცევას. მსჯავრდებულებში ავრცელებდა დაახლოებით ასეთ ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროები შემოსულები არიან საქართველოში, აუპატიურებენ ქალებს და თუ ასე გაგრძელდა მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია გაუხსნის ციხის კარებს.

 

ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, აქ არის საბოტაჟის და სხვა დანაშაულის ნიშნები, რომლებიც მიმართულია აგრესორი რუსეთის მხარის სასარგებლოდ. შემდეგომში, რუსეთის სამხედრო აგრესია შეჩერდა და სად №9 დწესებულებიდან გაქცეულები  დააკავეს და დააკავეს   თაბაგარიც, რომელიც მბობს, რომ მაშინ მსჯავრდებულებთან ერთად მეც რომ არ გავქცეულიყავი მომკლავდნენ და შემდეგ ჩაბარების მიზნით მივედი ჩემს ადვოკატთან სადაც პოლიციამ დამაკავაო.   თაბაგარის დაკავების შემდგომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ, აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით ნუგზარ თაბაგარს მოსთხოვა გაქცევის ორგანიზება თავის თავზე დაებრალებია, რაზეც  თაბაგარმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ სასამართლოზე იტყოდა ყველაფერს სინამდვილეში როგორც მოხდა. ამის შემდეგ   თაბაგარის გატეხვის მიზნით დაიწყო მისი თითქმის მუდმივი წამება.

 

მას არ ასწრებდნენ სასამართლო პროცესებს, რომ არ განეცხდებია სიმართლე. არ ახვედრებდნენ დვოკატს, მუდმივად გადაყავდათ და გადმოყავდათ ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ნუგზარ თაბაგრმა განმიცხადა, რომ იმის გამო, რომ არ ვეწამებინეთ თვითდაზიანებებს ვიყენებდი, იქნებ გდავრჩენოდი ცემა–წამებსო.

 

ერთ წელზე მეტხანს მოახერხა  სასჯელაღსრულების სისტემამ ნუგზარ  თაბაგარის პერმანეტული წამების დამალვა, რომლის განმავლობაში   თაბაგარი არ ტყდებოდა, საჩივრებს აგზავნიდა პროკურტურში და აცხადებდა, რომ მაინც მოახერხებს და ყველას გააგებინებს სიმართლეს. ბოლოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მეშვეობით ჩვენთვისაც ცნობილი გახდა ამ ფაქტების შესახებ. პროკურატურა კი აშკარად არ იძიებდა ამ ფაქტებს, ან იძიებდა ტენდენციურად. რის გამოც განაცხადები გავაგზავნე სტრასბურგში და ჩვენს მიერ დასახელებული ძირითადი დარღვევები სახელმწიფომ აღიარა და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 2013 ნელს. თაბაგარის წამება სხვადახვა სასჯეაღსრულების დაწესებულებაში იგივე მოთხოვნით რომ უარი განეცხდებია საჩივრებზე და არ ეთქვა სიმართლე, გრძელდებოდა 2009, 2010, 2011, 2012 წლებში.

 

 

ამის შესახებ არაერთხელ მივმართე პროკურატურას და მივუთითე, რომ იკვეთება საბოტაჟის და სხვა დანაშაულის ნიშნების მქონე ერთიანი, განგრძობადი დანაშაული,  ჩადენილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ, მაგრამ ამაზე პროკურატურიდან მომდიოდა პასუხი, რომ ყველაფერი, რაც გამოსაძიებელი იყო გამოძიებული.

 

 

 მჟამად, ნუგზარ თაბაგრის ინფორმაციით, ის თანამდებობის პირი ვინც მივლინებული იყო სად № 9 დაწესებულებაში და რუსეთ- საქართველოს ომის დროს მოახდინა მსჯავრდებულების გაქცევის პროვოცირება, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამდებობაზეა. ზოგიერთ სხვა პირებსაც შენარჩუნებული, ან შენაცვლებული აქვთ სასჯელაღსრულების სისტემაში და პროკურატურაში თანამდებობები. მათ შორის ერთ–ერთი პროკურორი, რომელიც ყოველივე აღნიშნულის შესახებ იყო ინფორმირებული, დღეს მთავარი პროკურატურის მაღალი თანმდებობის პირია. არა მარტო   თაბაგართან დაკავშრებით, არამედ სხვა ზოგიერთ მსჯავდებულთან მიმართებაშიც შეინიშნება, წამებაში მონაწილე ძველი თანამშრომლების ურთიერთსოლიდარობის შედეგად მომჩივნანი მსჯავრდებულების ოგანიზებული შევიწროვება-დამუქრება.

 

   ამას ყველაფერს გამოძიება სჭირდება, მგრამ მთავარ საგამოძიებო ზედამხედველ ორგანოში, პროკურატურაში, ბევრი ისევ ის თანამშრომელია ვინც წინა ხელისუფლებაში დუმდა აღნიშნულ წამების საქმეებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: