სიახლეები

„ჩვენ აღარ გვინდა მოკვდეს 26-ე ქალი“

24.11.2014 • 1494
„ჩვენ აღარ გვინდა მოკვდეს 26-ე ქალი“

 

თუთა ჩხეიძე

 

 

„ფართომასშტაბიან აქციებზე ფიქრი მაკა წივწივაძის მკვლელობის შემდეგ დავიწყეთ, როდესაც გავიგეთ, რომ მან რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და მისი სიცოცხლე მაინც ვერ იქნა დაცული. იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ვიყავით ქალთა უფლებების დაცვით საკითხებში ჩართული და  მუდმივად  ვსაუბროდით ამ თემებზე, ახლა იმაზე დავიწყეთ საუბარი, რომ დროა გავაკეთოთ ისეთი რამ, რითაც  მივიპყრობთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ  საზოგადოების ყურადღებასაც. შევიკრიბეთ  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები – ფსიქოლოგები, პედაგოგები, პოეტები და გადავწყვიტეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აქციები სწორედ 25 ნოემბერს დაგვეწყო, რადგან  ეს არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

 

ჩვენ აღარ გვინდა სპონტანური აქციები, სადაც დაახლოებით ასი-ორასი ადამიანი მიდის და პრობლემის გადაწყვეტაში არ გვეხმარება. ეს აქცია უნდა იყოს მასშტაბური, რომელიც გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, სადღაც 22 ქალაქი უკვე ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი  25-მდე გაიზრდება. ეს არის ის დრო, როცა ჩვენ უნდა დავიწყოთ ქალთა მოძრაობა უფრო მასშტაბურად, ვიდრე აქამდე იყო“.

 

თუთა ჩხეიძის აზრით, ამ ეპატზე აუცილებელია, „სასწრაფო დახმარების რეჟიმის ჩართვა“ იმისათვის, რომ ქალთა მკვლელობები შეწყდეს:

 

„25 ქალი უკვე მოკლეს, ამიტომ პირველი მიზანია, აღარ მოკვდეს 26-ე ქალი და შეწყდეს ქალთა კვლა.  ჩვენ შევეცდებით, სხვადასხვა სარეკომენდაციო წერილით მივმართოთ ხელისუფლებას, თუ როგორი უნდა იყოს პრევენციული ზომები და როგორი უნდა იმუშაოს პოლიციამ რომ ქალი, რომელიც მიმართავს, იყოს დაცული და მეორე დღეს აღარ გავიგოთ, რომ ის ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა მოკლა.

 

ბევრი გვეკითხება,  რატომ ვაპირებთ მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის გაპროტესტებას? – რა თქმა უნდა, კაცზე ძალადობაც დანაშაულია, მაგრამ მოცემულობამ, რომელიც გამოვლინდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების განცხადებებში, გვაჩვენა, რომ ადამიანები ეძებენ მკვლელობის მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მოეკლათ მსხვერპლი. ეს ყველაზე საგანგაშოა დღევანდელ საზოგადოებაში.

 

ქალებს სხვა ქვეყნებშიც კლავენ, მათ შორის განვითარებულშიც, მაგრამ იქ ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სასტიკი და საშინელი დანაშაულია. საზოგადოებამ ის უნდა გაიაზროს, რომ დანაშაული, რომელიც ოჯახში ხდება, არა არის მხოლოდ ოჯახის საქმე. ჩვენ ხვალინდელ აქციაზე სწორედ ამ მარტივი ფორმულით მივდივართ, რომ ეს პროცესები შევაჩეროთ“.  

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: