მთავარი,სიახლეები

რატომ მიყვარს ბანაკები

04.08.2017 • 5031
რატომ მიყვარს ბანაკები

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

ხომ გესმით, რა მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება, – სკოლა, მეცადინეობა, დავალებებზე ფიქრი, დიდი და დამღლელი საზეპიროები, ფორმულები, რომლითაც ტვინი გადადუღებული გვაქვს… ერთი სიტყვით, ყოველდღიური ფაციფუცი. ამ რუტინისგან თავის დაღწევაში სწორედ ბანაკები მეხმარება.

ბანაკი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალო ყოველდღიური ცხოვრების სტილი, გახდე უფრო აქტიური, გაბედული ახალი გამოწვევების მიმართ, გაიჩინო ახალი ჰობი და რაც მთავარია, შეხვდე ახალ, საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც დაუვიწყარ დროს ატარებ.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ყოველდიური გართობის საშუალებები ძალიან მწირია ჩვენს რეალობაში. ძირითადად ინტერნეტი ან ტელევიზორი, რაც ასევე მომაბეზრებელია. ზაფხული კი სწორედ ის დროა, როცა ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაერთო, დაივიწყო მოწყენილობა.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ვინც ჯერ არ ყოფილა არც ერთ ბანაკში, ვეტყვი, რომ ეს არის რამდენიმე დღით სრულიად ახალ, პატარა სამყაროში შებიჯება, ახალი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, ახალი ოჯახის და საყვარელი ადგილის შეძენა.

ბევრისგან მსმენია, ესა თუ ის ბანაკი ჩემი მეორე სახლიაო. ალბათ ხვდებით, როგორ უყვარდებათ ბავშვებს ის ადგილი, სადაც მხოლოდ რამდენიმე დღეს ატარებენ, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბანაკში ისინი იცვლებიან, საშუალება ეძლევათ თავიანი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ და, ზოგადად, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ბანაკს უკავშირდება ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება, აღმოჩენა, ისტორია, ეს ისტორიები ჩვეულებრივი ისტორიები არ არის, რომლებიც რამდენიმე დღეში გავიწყდება. ამ ისტორიებს ძალიან ბევრი შენი თანატოლი იზიარებს, ისინი ბევრის გონებაში ცოცხლობენ და სწორედ ისინი აერთიანებენ ახალგაზრდებს, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ დღემდე სალაპარაკო არ გამოგვლევია მე და ჩემს ბანაკელებს მიუხედავად იმისა, რომ წლებია ერთმანეთი არ გვინახავს და საცხოვრებელი ადგილებიც ერთმანეთისგან კილომეტრებით არის დაშორებული. ჩვენ ბანაკის შემდეგაც ვაგრძელებთ მეგობრობას. ამიტომ ბანაკის ერთ-ერთი ხიბლი ესეცაა.

ბანაკში უფრო მეტად გახსნილი ხარ – გარემო, სიტუაცია გიბიძგებს იმისკენ, რომ სხვები გაიცნო, დაუახლოვდე, გაერთო, უფრო მეტი ისწავლო და უფრო აქტიური გახდე.

ასევე გაქვს შესაძლებლობა მეტი გაიგო ბუნებაზე – მოინახულო ტბები და მდინარეები. მოკლედ, უფრო ახლოს იყო ბუნებასთან.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

წელს პირველად ვცხოვრობდით კარვებში, რომელიც ჩემთვის ასევე ახალი გამოცდილება იყო. ამერიკელი მოხალისეების მიერ  მოწყობილი ბანაკი კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე იყო. ეს ადგილი აქამდე არ მენახა, ამიტომ ამ მხრივაც ძალიან საინტერესო გამოდგა ჩემთვის. მდინარეში ნიჩბიანი ნავით პირველად  მივიღე შეჯიბრში მონაწილეობა და ესეც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის.

ძალიან მიყვარს დილის ძილი, როცა სკოლაში წასასვლელი ვარ, მინდა მაღვიძარამ რაც შეიძლება გვიან დარეკოს, თუმცა ბანაკში 7 საათზე ვიღვიძებ და არ მაღიზიანებდა. წლევანდელი ბანაკი იმითაც იყო გამორჩეული, რომ საჭმელს ჩვენ თვითონ ვიმზადებდით. ასე რომ ცოტა კულინარიაშიც წავივარჯიშე:)

უცხოენოვანი ბანაკი ინგლისური ენის გაუმჯობესებაშიც მეხმარება, ასევე ახალი კონტაქტების გაჩენაში.

ჩემთვის ასევე დაუვიწყარი იყო ყოფნა კიდევ ერთ ამერიკულ ბანაკში – “Space Camp”. იქედან დაბრუნების შემდეგ სულ სხვა თვალით შევხედე კოსმოსს და ახალი ინტერესები გამიჩნდა. კოსმოსზე და პლანეტებზე იმდენი რამ გავიგე, რაც ათი წლის განმავლობაშიც კი არ მისწავლია სკოლაში.

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ჩვენ კოლხეთის ეროვნულ პარკში

ერთი სიტყვით, ძალიან კარგია გარემოს შეცვლა, თუნდაც რამდენიმე დღით. ახალი მეგობრები, ახალი გამოწვევები, ახალი ინტერესები და, რაც მთავარია, აქტიური ცხოვრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: