მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება

04.08.2017 • 3852
ყოფილი პატიმრის ახალი ცხოვრება

ზუსტად იმ დროს, როცა დამსვენებლები ურეკის ქვიშიანი სანაპიროთი ტკბებიან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები თმაშესველებულები და გარუჯული სხეულებით ქალაქში მიდი-მოდიან, 31 წლის ყოფილ პატიმარს, დათოს (ისტორიაში სახელი შეცვლილია) კარავი აქვს გაშლილი სანაპიროზე და როგორც თვითონ ამბობს, მცირე ბიზნესს ეწევა. დათო ყოფილი პატიმარია, მას და მის რამდენიმე მეგობარს ქორწილში კამათი მოუვიდათ სტუმრებთან, კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთი ადამიანი მძიმედ დაზიანდა, ხოლო მეორე სასიკვდილოდ დაიჭრა. დათომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოიხადა 6 წელი და გათავისუფლდა ამნისტიით.

რესპონდენტს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დავურეკე და დეტალები შევუთანხმე, მეორე დღეს გვიან შუადღით უკვე ურეკის სანაპიროზე ვიყავი. ინტერვიუს დასაწყისში დამპირდა, რომ აუცილებლად გაბერავდა ბატუტს, რომელიც ამ ეტაპზე მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ყოფილი პატიმარი საშუალო სიმაღლისაა, სანდომიანი სახე აქვს და შეხვედრის პირველი წუთებიდან მოიპოვა ჩემი ნდობა, მზად არის ყველანაირი ინფორმაცია მომცეს, ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და პერიოდულად ცდილობს, უშუალო იუმორით მოიხსნას დაძაბულობა. სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებთ, მიხსნის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა.

ნახევრად კარავში ერთი შეზლონგი დგას, რომელიც საწოლის ფუნქციას ითავსებს, შეზლონგთან ერთად პლასტმასის მაგიდა და ორი სკამია, სადაც დათოს ტანსაცმელი აწყვია, სწრაფად ათავისუფლებს სკამებს და ვიწყებთ ინტერვიუს ჩაწერას. პირველი კითხვა მოთელვითი ხასიათისაა, ვთხოვ, გვითხრას ისეთი ინფორმაცია, რასაც თვითონ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენც უნდა ვიცოდეთ. დათო დიდხანს არ ფიქრობს, მაშინვე იწყებს მოყოლას, რომ პატიმრობის შემდეგ პირველ სერიოზულ საქმეს შეეჭიდა, შეიძინა გასაბერი ბატუტი, ბურახის აპარატი და სეზონურ ბიზნესს მიჰყო ხელი. ერჩივნა, ბათუმში ან ქობულეთში დაეწყო საქმიანობა,  მაგრამ ტენდერში მონაწილეობის მიღება ვეღარ მოასწრო. ურეკში კერძო პირისგან იქირავა ადგილი სანაპიროსთან ახლოს და შეუდგა საქმიანობას.

მსგავსად სხვა ადამიანებისა ურეკში, ბიზნესით კმაყოფილი ჯერ არ არის, უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ იმედს არ კარგავს და ამბობს, რომ ეს ძალიან კარგ გამოცდილებას მისცემს მას, მომავალ წელს ეცდება უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს საქმიანობა.

კითხვაზე, თუ რას აპირებს არასეზონურ პერიოდში, მპასუხობს, რომ აპირებს თავისი ხელობის დახვეწას, რომელიც ციხეში გატარებულ წლებში შეიძინა. დათო ხეზე მუშაობს – ხისგან და ფერადი ქვებისგან ამზადებს სხვადასხვა ნივთს. უნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იმუშაოს, დახვეწოს ხელობა და მომდევნო სეზონზე პატარა ჯიხური გახსნას, სადაც გასაყიდად გამოიტანს თავის ნამუშევრებს ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის. ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა არამარტო საქართველოში, არამედ საბერძნეთში, იტალიაში,  ესპანეთში და სხვა ქვეყნებშიც არის შესაძლებელი.

ინტერვიუს განმავლობაში ორჯერ ახსენა, რომ ძალიან უნდა ჰქონდეს სახელოსნო, თუნდაც  ძალიან პატარა ფართობი, სადაც შეძლებდა მუშაობას და ასევე სხვა ადამიანებისთვის თავისი ხელობის შესწავლას, „გამოვყოფდი კვირაში სამ თუნდაც ოთხ დღეს და ვასწავლიდი სხვებს ხეზე მუშაობას, თუ სურვილი იქნებოდა, გავუზიარებდი ჩემს ცოდნას. ვისაც ოდნავი ნიჭი აქვს, ისწავლის“.

20630069_1953799874899104_2088768018_o

ციხეში გატარებულ წლებზე და სპეციალურ საკნებზე საუბარს თავს არიდებს, მოკლედ და ზედაპირულად მიყვება იმ დროინდელ მდგომარეობაზე, ამბობს, რომ ძალიან ცუდი პირობები იყო, ადამიანებს მორიგეობით ეძინათ, ზოგს სკამზე, ზოგს საწოლზე,  იმასაც ამბობს, რაც უნდა ეცადო, რთულია იქაური სიტუაციის გადმოცემა სრულად.  ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის, მაინც ციხის ადმინისტრაციის ცუდი მოპყრობა იყო: „ზოგი ბადრაგი პატიმარს  „მაზოლზე“ ადგამდა ფეხს, პატიმართან რომ მიხვალ ცემით, ჩხუბით და კამათით, მოქმედებს ფსიქოლოგიურად.“

პატიმრების ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პატიმარი არ ემორჩილება ციხის ადმინისტრაციას და გამოირჩევა წინააღმდეგობრივი ხასიათით, მაინც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა მათთან. ბევრი ფიქრობს, რომ ვეღარაფერს შეცვლის.

ციხიდან გამოსულ დათოს ყურები არ ჩამოუყრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა თავისი სტატუსის გამო, მაინც ცდილობს უკეთესი ცხოვრების შექმნას და თითქმის საათნახევრიანი ინტერვიუს განმავლობაში არავის სდებს ბრალს, არ ჩანს ვინმეს მიმართ განაწყენებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთი დიდი კომპანიის დისტრიბუციაში ვერ დაიწყო მუშაობა ყოფილი პატიმრის სტატუსის გამო და ბენზინგასამართ სადგურებშიც ჭირს სამსახურის შოვნა ისევ და ისევ სტატუსის გამო, მაინც არ კარგავს მომავლის იმედს. ამბობს, რომ ქვეყანაში ისედაც არის უმუშევრობის პრობლემა და დამსაქმებლების მიმართ უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, არც ის უხსენებია, რომ ვინმე უნდობლობით უყურებს ან ეშინიათ მისი სტატუსის. პრობლემას უფრო სამუშაო ადგილების არარსებობას აბრალებს, ვიდრე პატიმრის სტატუსს.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში ენთუზიაზმით საუბრობს სამომავლო გეგმებზე – თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არ ენანება სხვებისთვის. ვერც ბიზნესის არამომგებიანობა უგდებს მოტივაციას, ცდილობს ყველაფერს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოს – ეს არ გამოვა, მოდი, იმას ვცდი, თუ ისიც არ გამოვა, მოდი ბატუტს შევიძენ, ბატუტმაც თუ არ გაამართლა, მომდევნო წელს სერვისს გავაუმჯობესებ. ბევრი გეგმა აქვს, ყველაფერს მარტივად უყურებს. კითხვაზე, თუ რა ოცნება აქვს, მპასუხობს, რომ განსაკუთრებული ოცნებები არ აქვს, სურვილები უფრო მეტი აქვს, თუ ოდესმე ძალიან მოუნდა იახტა, არ იოცნებებს, იმუშავებს და იყიდის.

„როგორც კი გამოდიხარ, მარტო რჩები სამყაროსთან. არაფერი არ არის გარშემო“, – ამბობს დათო. გამოსულზე არავის უთქვამს მათთვის, მოდი დაგასაქმებთო. ზოგი პატიმარი თურქეთში მიდის, იქ მუშაობს, ზოგი თავისი ძალებით ახერხებს სამსახურის დაწყებას, ზოგს სხვა ეხმარება, ბევრი საერთოდ ვერ პოულობს სამსახურს, ასეთია სხვა პატიმრების ცხოვრება დათოს დაკვირვებით ციხის შემდეგ.

ამბობს, რომ დანაშაულს ადამიანები უსაქმურობის გამო სჩადიან, „თუ ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ, არა აქვთ საქმე, იქ დანაშაულიც მატულობს, მე სულ ვფიქრობდი, რომ უსაქმურობისგან იწყება  ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა“. დათოც ზუსტად ამ უმოქმედობას და უსაქმურობას ებრძვის თავისი აქტიური ცხოვრებით.

ინტერვიუს დასასრულს ფოტოების გადაღება დავიწყე კარვის გარეთ, თვითონ დაპირებისამებრ ბატუტის გაბერვას შეუდგა. რამდენიმე წუთში ნახევრად გაბერილი ბატუტის გარშემო ბავშვებმა მოიყარეს თავი, ზოგი ქართულად ლაპარაკობდა, ზოგი – რუსულად. დათო ყველა ბავშვის კითხვას ხალისით პასუხობდა, აკონტროლებდა,  ჯერ კიდევ დაჩუტულ ბატუტზე არავინ ასულიყო და არ დაზიანებულიყო. ისე დავტოვე სანაპირო, საქმეში გართულმა ვერც კი შეამჩნია.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

გადაბეჭდვის წესი


ასევე: