ბათუმში პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება

ბათუმში, 6 მაისის პარკში, პიკნიკ-ფესტივალი გაიმართება. „ჩვენ ვკრავთ წრეს“ –  დაარქვა ფესტივალს ორგანიზატორების ჯგუფმა, რომლებიც ფესტივალს პირველად აწყობენ. ისინი ტურისტებს და ადგილობრივებს 19 და 20 აგვისტოს ელიან.

„ჩვენი მიზანია რეგიონში არსებული სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაცია გართობასთან ერთად,“ – ამბობს მაია ანანიძე, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შპს „წრე“, რომელიც ამ ფესტივალს ამზადებს, სამომავლოდ სხვა ფესტივალების ორგანიზებასაც აპირებს.

პიკნიკ-ფესტივალი 19 აგვისტოს დილის 10 საათზე დაიწყება. დღის პირველ ნახევარში ბათუმში მოქმედი სხვადასხვა საბავშვო სტუდიის ანიმატორები გაართობენ ბავშვებს. დღის მეორე ნახევარში – მასტერკლასები ჩატარდება.

„მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მზარეული ადგილზე აჩვენებს დაინტერესებულ პირებს, როგორ მზადდება აჭარული ხაჭაპური. იქნება ხატვის მასტერკლასები, სხვადასხვა ნივთის დამზადების სწავლება, ნიჭიერი გამომგონებელი ბავშვებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

საღამოობით პიკნიკ-ფესტივალს მუსიკოსები შეუერთდებიან. 19 აგვისტოს საღამოს, ფესტივალის ფარგლებში, 6 მაისის პარკში ზვიად ბოლქვაძე დაუკრავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი