მთავარი,სიახლეები

ცვლილებები წინასაარჩევნოდ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

03.08.2017 • 2321
ცვლილებები წინასაარჩევნოდ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქედის თვითმმართველობამ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 30 ივნისს შეიტანა – ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა.

ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით შეივსო.

კორექტირების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხიდან ქედის გამგეობამ ყველაზე მეტი – 693 940 ლარი, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად გაწერა.

545 060 ლარი დაიხარჯება დაბაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის საცხოვრებელ სახლად გადაკეთებისთვის.

20 000 ლარით გამგეობამ მოქალაქეებისთვის 1 800 მეტრი სიგრძის სასმელი წყლის მილის შეძენა დააფინანსა.

ასევე,  კორექტირების დროს მოძიებული თანხით დაფინანსდება ზუნდაგის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ბიუჯეტის კორექტირების შედეგად მოძიებული თანხით, ქედის გამგეობამ, ფსიქონევროლოგიური პაციენტების ადგილზე მკურნალობაც დააფინანსა. ჯანდაცვის ეს პროგრამა ქედაში წელს პირველად განხორციელდება და პროგრამის განსახორციელებლად 25 400 ლარია გამოყოფილი.

წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა შუახევის მუნიციპალიტეტმაც.

ბოლო კორექტირებით, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტში 28 ივლისს შევიდა, შუახევის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხის ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტმა  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სოფლების –  ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენების გამართვისთვის მიიღო.

საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხის 99% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა 4 მილიონიდან, გამგეობამ წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი 11 ოჯახისა და ანალოგიური სტატუსის მქონე 40 – მდე ოჯახისთვის სახლის სახურავის შესაძენად 35 000 ლარი გამოყო. ხის სახლების შესაძენად კი 119 900 ლარია გამოყოფილი.

164 393 ლარი დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობას მოხმარდება. ქედის მუნიციპალიტეტის მგავსად, შუახევის გამგეობამ, კორექტირების დროს მოძიებული თანხიდან 28 800 ლარით  დააფინანსა ფსიქონერვოლოგიური პაციენტების ადგილზე მკურნალობის პროგრამა.

„ჩანჩხალო-ნიგაზეულის წყალსადენზე მუშაობას წელს დავიწყებთ, მიმდინარე წელს, პროექტის განსახორციელებლად მილიონ ნახევარი დაიხარჯება, წყალსადენებთან ერთად ძვირადღირებული პროექტია კლდის უბნის საავტომობილო ხიდს მშენებლობა, რისთვისაც 360 000 ლარია გამოყოფილი, მილიონამდე ლარი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა და ბეტონის საფარის დაგებას მოხმარდება,“ – ამბობს ანზორ ცეცხლაძე.

ბოლო კორექტირება ბიუჯეტში 27 ივლისს შეიტანა ხულოს საკრებულომ. შედეგად, ხულოს ბიუჯეტი 94 364 ლარით გაიზარდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ კოჩალიძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხის დიდი ნაწილი არსებულ სოციალურ პროგრამებს დაემატა. სოციალურ პროგრამებზე თანხის მატების მიზნობრიობას საფინანსო კომისიის თავმჯდომარე კი, ბენეფიციართა მატებით ხსნის:

„დიალიზის პროგრამას 14 000 ლარი დაემატა, ეპილეფსიის პროგრამას – 13 000,  ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამას – 10 000, გარდაცვლილთა დაკრძალვის პროგრამას – 3 000 ლარი.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება? მალხაზ კოჩალიძე პასუხობს: „ასე რომ ყოფილიყო, არსებული პროგრამების დაფინანსებას კი არ გავზრდიდით, სხვა პროგრამას შევიმუშავებდით, ეს პროგრამები არსებობს და მოსარგებლე ბენეფიციართა კრიტერიუმებიც გაწერილია“.

სოციალური პროგრამების გარდა კორექტირების დროს 4 200 ლარით გაიზარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაც. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კორექტირების დროს მოძიებული თანხით მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაფინანსებულა.

არჩევნები იყო გასულ წელსაც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელებულ კორექტირებას თუ შევადარებთ, მიმდინარე წელს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია, გაცილებით მეტი სოციალური პროგრამები დაფინანსდა აჭარის მთიან მუნიციპალიტეტში, ვიდრე შარშან.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შუახევის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში ბოლო კორექტირება 20 ივლისს დაამტკიცა, რითაც შუახევის ბიუჯეტი 821 000 ლარით გაიზარდა. ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, კორექტირების დროს მოძიებული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. თანხის დიდი ნაწილით კი, ფურტიო-ბუთურაული-ნენიის სოფლების წყალსადენების მშენებლობის გარდამავალი პროექტი დაფინანსდა.

გასულ წელს ხულოს ბიუჯეტში არჩევნებამდე ბოლო კორექტირება ხუთ აგვისტოს შევიდა [საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა] და 87 200 ლარით გაიზარდა. აქედან 67 200 ლარით კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია, ხოლო 20 000 ლარით – „ფერმერთა და აგრომეწარმეთა ხორცისა და ხორცპროდუქტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი პროგრამა დაფინანსდა.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ბიუჯეტში კორექტირება 13 ივნისს შევიდა და ადგილობრივი ბიუჯეტი 843 267 ლარით გაიზარდა. 42 700 ლარი ქედაში მცხოვრები ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად, თუნუქის ფურცლების შესაძენად გამოიყო, აღნიშნული თანხა კი გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლების საპრემიო ფონდით შეივსო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: