მთავარი,სიახლეები

პირველი ქართველი ექიმი ასტრონავტის სერტიფიკატით

21.11.2014 • 3531
პირველი ქართველი ექიმი ასტრონავტის სერტიფიკატით

არსენ გვენეტაძე:  წარმოშობით ტყიბულიდან ვარ, იქ დავიბადე და დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. პროფესიით გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი გახლავართ, რაც თავის არსში მოიცავს, როგორც გინეკოლოგიის ისე რეპროდუქტოლოგიის, ანუ უშვილობის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.

გახლავართ ზურაბ წაბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, ამავე დროს ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში და მისი ასოციაციის პრეზიდენტი. ამ დარგში უკვე 25 წელია ვმუშაობ, აქედან 5 წელია მაქვს საკუთარი კლინიკა და ვარ უნივერსიტეტის პროფესორი.

კოსმოსში გაფრენა ცნობისმოყვარეობის გამო გადაწყვიტეთ თუ ამ ფაქტს თქვენთვის სხვა დატვირთვაც აქვს?

ბავშვობაში ალბათ ბევრ ადამიანს უფიქრია ამაზე და მეც მათ შორის, თუმცა, არასოდეს არავისთან მითქვამს ამის შესახებ. ტყიბულში რომ მეთქვა, კოსმონავტი უნდა გამოვიდე-მეთქი, ჩათვლიდნენ, რომ მთლად ჭკვიანი ყმაწვილი არ ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, გაწონასწორებული ახალგაზრდა ვიყავი, ეს მერე და მერე უფრო გავხდი ემოციური, როდესაც სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობა, იქნება ეს მთამსვლელობა, ყვინთვა თუ ფრენა დავისახე მიზნად და ავისრულე კიდეც. პარასკევს, ქუთაისში ფოტოგამოფენაც მაქვს: ეგზოტიკური, ანუ პაპუა ახალი გვინეა, აფრიკა და ა.შ. მიფრენია პარაპლანზე, მიყვინთია წყალქვეშ, წელს ზაფხულში მყინვარწვერზეც ავედი. ეს მოგზაური ადამიანის წესია, ფრენა სხვადასხვა აპარატით, საჰაერო ბურთით, პარაპლანით, თვითმფრინავითა თუ სხვა საშუალებით, ამიტომ ჩემი ეს სურვილი იმ ადამიანებისთვის არის გასაგები, რომელთაც მსგავსი განცდა ან ფიქრი ჰქონიათ.

არსენ გვენეტაძე

არსენ გვენეტაძე

ამ ეტაპზე ჩემი მიზანი იყო ჩემივე თავისთვის მეჩვენებინა და გამომეცადა, შემიძლია თუ არა გავიარო ეს ტრენინგი და მივიღო თუ არა სერტიფიკატი. როცა ფრენები დაიწყება, დანარჩენი მერე. ჩანაწერებში, რომლებიც ფილადელფიის გზაზე გავაკეთე და რომლებსაც „ასტრონავტ ახირება“ დავარქვი, ჩავწერე: რას მომიტანს ეს ახირება მე და რა თქმა უნდა სხვას?! ჩემთვის ეს იქნებოდა საშუალება, რომ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა ის პოსტულატი, რასაც ჩემი 12 წლის მარიამი მუდმივად იმეორებს –  შეუძლებელი არაფერია! შესაბამისად, თუ მე რამეს გავაკეთებდი, ეს იქნებოდა საკუთარი თავის რწმენის კიდევ უფრო განმტკიცება და საკუთარი მიზნის ასრულებით უდიდესი სიამოვნებისა და მოტივაციის მიღება. ახალი ძალა, ენერგია, ახალი შემართება… მეორეს მხრივ კი, ამით ადამიანებს მივცემ მაგალითსა და მოტივაციას – თუ მე, ტყიბულში დაბადებულმა, ჩვეულებრივმა ექიმმა შევძელი ეს გამეკეთებინა, რატომ არ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ?! სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ადამიანები გამოვიდნენ შეზღუდული აზროვნებიდან – „ეს რაღაც მარტო იმას შეუძლია და მე – არა“. არა, ეს ყველას შეუძლია, თუ ძალიან მოინდომებ ამას და თუ ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს. აი, ჩემი მთავარი მიზანი, რომ ადამიანებმა საკუთარი ძალა ირწმუნონ და არ შეეშინდეთ, თუნდაც კოსმოსური მიზნების დასახვის.

  • რა წვრთნები და ტესტები გაიარეთ ასტრონავტის სერტიფიკატის ასაღებად?

ტრენინგის პროცესი ფილადელფიაში ჩატარდა. თეორიული კურსის შემდეგ გვქონდა დასკვნითი, ძირითადი ნაწილი. ეს იყო ორდღიანი პრაქტიკული ტრეინინგი. ჩვენ განვიცადეთ კოსმოსში გასვლის სრული იმიტაცია, ანუ სხეულზე გვქონდა ზუსტად ისეთი დატვირთვა, როგორიც კოსმოსში გასვლისას უნდა იყოს.

ყველაზე რთული საკუთარ სხეულზე გრავიტაციის ძალის 6-ჯერ გაზრდილი დატვირთვის განცდა იყო, რომელსაც პრაქტიკულად ძალიან ძლიერი შეგებება სჭირდება, უნდა იცოდე თანაბრად როგორ ისუნთქო, როდის უნდა დაჭიმო კუნთები ისე, რომ მხედველობა არ წაგერთვას, როგორ უნდა ამოძრაო დიაფრაგმა და ა.შ. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ავიღე სერტიფიკატი.

  • რა ღირს ბილეთი კოსმოსში და შედის თუ არა ღირებულებაში  სწავლა ფილადელფიის საწვრთნელ ცენტრში?

ტრეინინგი მიზერული, სიმბოლური ნაწილია ამ ყველაფრის. მე ჯერ ბილეთის ფასი არ გადამიხდია. საქმე ისაა, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო გამევლო ტრენინგი და ამეღო სერტიფიკატი, საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ შემიძლია იქ გაფრენა და ამის შემდეგ, როცა ფრენები დაიწყება, ვიფიქრო გაფრენაზე. ახლახან ველაპარაკე დედას, რომელიც ნერვიულობდა იმაზე, თუ სად უნდა ეშოვა მის შვილს ბილეთის ფული – 250 000$. ჯერ ერთი, შეუძლებელი რომ არაფერია ფაქტია, უამრავ კომპანიას მოუნდება გახდე მისი სახე და გახდეს შენი სპონსორი, როცა ქვეყნიდან პირველი ხარ, ვინც კოსმოსში მიდის. უამრავი ადამიანი იქნება ამით დაინტერესებული, რადგან ეს არ არის ასტრონომიული თანხა. ჩემი ადამიანური თხოვნა იქნება, რომ ფულზე ნუ ააგებთ ყველაფერს, ჯერ ნახეთ რა გინდათ და მერე იპოვეთ გზა, როგორ გააკეთოთ ის, მე ჯერ ეს ვიპოვე და როცა გავფრინდები, იმასაც მოგიყვებით. ფრენები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ რიგში 700-მდე ადამიანია. ჩემთვის რიგის ნომერი ჯერ არ მოუნიჭებიათ და როცა დრო იქნება, იმედი მაქვს მომანიჭებენ. ხომალდზე პილოტების გარდა ექვსი ტურისტი იქნება. გაფრენის შემდეგ, უშუალოდ სივრცეში სულ ხუთი წუთით გავალთ.

  • ერთერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ კოსმოსში გაფრენას საქართველოში კიბოს პროფლაქტიკის პოპულარიზებას მიუძღვნით, რატომ არის ეს საკითხი თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი?

თავისუფალი, ანუ მოყვარული ასტრონავტობის ჩაბარების ნაწილი უკვე მივუძღვენი კიბოს პროფილაქტიკის პოპულარიზაციას და კოსმოსში გაფრენასაც მხოლოდ ამას ვუძღვნი. მე თავად ვარ კიბოს გადარჩენილი, გარკვეულწილად მოვალეც კი ვარ მუდმივად პროპაგანდა ვაკეთო ამის და ვაცნობო ადამიანებს, რომ არ უნდა ეშინოდეთ. თუ მე შევძელი დამემარცხებინა კიბო და ახლა ასტრონავტულ აფრენებს ვაკეთებ, რატომ არ შეუძლიათ ეს მათ. კიბო არ არის განაჩენი, უბრალოდ, მას დროზე სჭირდება მოვლა. უნდა დავძლიოთ ექიმთან მისვლის შიში და რაც შეიძლება დროულად მივიდეთ გასინჯვაზე, რათა რამე ისეთი არ იყოს, რაც კიბოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: