ქართველი ემიგრანტები ერაყში სამუშაოდ

რამდენიმე წელია ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ ერაყშიც მიდიან. იმის მიუხედავად, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს უწევთ მუშაობა, უფრო იმას დარდობენ, რომ იქ ზაფხულობით განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა. განსხვავებული კლიმატის გამო ბევრ მათგანს აწუხებს სტომატოლოგიური პრობლემები, ასევე ცვივა თმა. „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ერაყში მყოფ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ნაცნობების დახმარებით მოახერხეს ერაყში სამუშაოდ წასვლა.

ჯემალ მემარნე ქობულეთიდან: „სამუშაო ვიზის მიღება არ გამჭირვებია. ერთწლიანი ვიზა მაქვს და პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში. ქართველები, ძირითადად, ერთად ვმუშაობთ. ძალიან კარგი პირობები გვაქვს, ნორმალური ანაზღაურება, იმდენია, რომ თავს ვირჩენთ და ოჯახებსაც ვეხმარებით. აქვე ვრჩებით დასაძინებლად. ახლა ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოში ვმუშაობთ. სამუშაო ტექნიკურია და დიდად არ ვიღლებით, მაგრამ ახლა 53 გრადუსი სიცხეა. კონდიციონერის გარეშე მუშაობა შეუძლებელია… გარეთ იშვიათად გავდივარ. კარგი ხალხი ჩანს ერაყელები, მაგრამ ვინმე კონკრეტულად არ გამიცნია.“

ემიგრანტები ამბობენ, რომ ნაკლები კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივებთან. ერთ-ერთმა ემიგრანტმა გვითხრა, რომ ქართველი მზარეულიც კი ჩაიყვანეს, საჭმელად გარეთ გასვლა თუ „უცხო კერძებთან შეგუება“ რომ არ დასჭირვებოდათ.

„როცა ჩამოვედი სამუშაოდ, მზარეული უკვე აქ იყო. სურვილი არ მქონია გამესინჯა ადგილობრივი კერძები“, – გვიყვება ჯანო რომანაძე ქობულეთიდან, რომელიც ამჟამად  ქალაქ ერბილში მუშაობს. – „ძირითადად ერთად ვართ ქართველები. საცხოვრებელიც აქვე გვაქვს და არ გვიწევს გარეთ გასვლა. თან ისე ცხელა, ძნელია ამ დროს სადმე გახვიდე. აქაური კლიმატი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, განსაკუთრებით სასმელი წყალი აფუჭებს კბილებს. საქართველოში როცა ჩამოვდივართ, პირველად სტომატოლოგთან მივდივართ. ვინც დროულად აქცევს ყურადღებას და მკურნალობს, მას არ აქვს პრობლემა…“

რა ინფორმაცია აქვთ „ცხელ წერტილებზე“ და გააჩნიათ თუ არა ინსტრუქცია, როგორ უნდა იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციაში – ემიგრანტებმა გვითხრეს, რომ ამ კუთხით საშიშროება არასდროს უგრძნიათ და არც კონკრეტული ინსტრუქცია აქვთ. „ტელევიზორს ვადევნებთ თვალს, მაგრამ აღარაა მასეთი სიტუაცია,“ – გვიპასუხა ჯანო რომანაძემ.

საქართველოს რამდენი მოქალაქეა ემიგრირებული ერაყში – ზუსტი მონაცემი არ არსებობს. 2012 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოდან სულ 88 ათასი ადამიანი წავიდა უცხო ქვეყანაში, მათ შორის 364 – ერაყში. ამ მონაცემით ერაყი 25-ე ადგილს იკავებდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართველები სამუშაოდ წავიდნენ.

jemuka memarne

ქართველი ემიგრანტები ერაყში

ქართველი ემიგრანტები ერაყში

 

მთავარი ფოტო: მთავარი ფოტო: ახალი ერბილი. antoniozambardino.com

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი