მთავარი,სიახლეები

ქობულეთის გამგეობის პასუხი მუსლიმთა პანსიონზე

01.08.2017 • 2074
ქობულეთის გამგეობის პასუხი მუსლიმთა პანსიონზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ ეუბნება უარს მუსლიმთა პანსიონის ადმინისტრაციას კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალი“? „ქობულეთის წყალს“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაურიცხა პანსიონმა  მომსახურების თანხა კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად.

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი აპირებს ევროსასამართლოს მიმართოს. სარჩელის მთავარი მოთხოვნა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დადგენა იქნება. გამგეობის პასუხი „ბათუმელებმა“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო და მას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 სექტემბრის  რეკომენდაციის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის წყალს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის  წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ა(ა)იპ ,,ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესძლებოდა შენობით სარგებლობა, ასევე დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქობულეთის წყალის“ მიერ ლერმონტოვის ქ.№13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, წარმოქნილი კონფლიქტუ­რი სიტუაციის დასამშვიდებლად, კონფლიქტის დეესკალაციისა და მოსახლე­ო­ბის ცნობიერების ამაღლების მიზნით რელიგიური თანასწორობის საკითხებზე, აქტიურად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყოველივე ხორციელდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღემდე არ არის დამთავრებული მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის საბოლოოდ განმუხტვა, რაც საჭიროებს დამატებით მუნიციპალიტეტის მიერ ღონისძიებების გატარებას, რათა მომავალში არ განმეორდეს და არ მიეცეს არც ერთ მხარეს საშუალება სიტუაციის დაძაბვისა ან კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა. ამასთან,  მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელზეც მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის საბოლოოდ დარეგულირება მშვიდობიანი გზით, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს მხარეების უფრო მწვავე რეაქციას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწი­ნე­ბით, რომ  შენობა-ნაგებობა, რომლის წყალარინების სისტემაში ჩართვა არის მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ  ზონაში, ასევე შენობა ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი, მოსახლეობა და არამარტო სამეზობლო  არეალში მცხოვრებლები, გამოხატავენ პროტესტს აღნიშნულის თაობაზე, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები და მხარეებს შორის არსებულ სასამართლო დავაზე ამ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მუნიციპა­ლი­ტეტის მიერ გასატარებელი ყველა შესაძლო ღონისძიებების რესურსების ამოწურვამდე მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება.“

„სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია,“- გვითხრა ეთერ გვრიტიშვილმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა.  ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. იურისტი განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიკსრიმინაცია კერძო პირებთან მიმართებით დაადგინა, რაც მეორე მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სამივე ინსტანციის სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტურა და ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული.

ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მუსლიმმა თემმა იმ ნაწილში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ დადგინდა დისკრიმინაცია. ამ დროისთვის უზენაესი სასამართლო განაიხილავს მუსლიმი თემის სარჩელს.

„ყველა შემთხვევაში ალოგიკურია ქობულეთის გამგეობის პასუხი, რადგან სასამართლოში რა შედეგიც უნდა დამდგარიყო, გამგეობას მაინც უნდა შეესრულებინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია,“ – დასძენს ეთერ გვრიტიშვილი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: