მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

01.08.2017 • 3322
ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა.

ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, რომელიც აუქციონზეა გატანილი

ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, რომელიც აუქციონზეა გატანილი

აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში; ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება [მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს – არანაკლებ 200 ნომერი, სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], ღია და დახურული ტიპის აუზს, საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს [რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი], გასართობ ობიექტებს [მათ შორის, კაბარე], საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ სამორინეს].

მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა. აღნიშნულ პროექტში კი ინვესტორმა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობის თანახმად, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში ინვესტორმა არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო უნდა აამოქმედოს და ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს. სასტუმროში დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები.

აუქციონი მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დასრულდება.


ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ერთ-ერთი იყო იმ 21 ობიექტიდან, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ „სილქ როუდ ჯგუფს“ მიჰყიდა. „ქობულეთი“ და სხვა ქონება იმავე წელს ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“ იპოთეკით დაიტვირთა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა და „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული, მათ შორის ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“.

„სილქ როუდ ჯგუფში“ კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დარჩენილი აქვთ 10 ობიექტი, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, აქვთ ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც.

„დაბრუნებული ქონების“ ჩამონათვალში იყო ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაურიც“, რომლებიც კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „სტატოტელის“ თხოვნაზე სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია: „ჯერჯერობით მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.

„ბათუმელები“ კომპანია „სტატოტელს“ ვერც ამჯერად დაუკავშირდა. ნომერს, რომელზედაც კომპანიის წარმომადგენელს ვუკავშირდებოდით, არავინ პასუხობს.

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია, რომელიც საჯარო რეესტრის ბოლო, შარშანდელი ამონაწერით „სტატოტელის“ საკუთრებაშია, ახალ საკადასტრო რუკაზე მონიშნული არ არის და არც საკადასტრო კოდია დატანილი. რატომ არ არის ქონება ასახული ახალ საკადასტრო რუკაზე, ამის გარკვევას საჯარო რეესტრში დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: